სირიაში სამხედრო ოპერაციამდე ტრამპმა ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა

სირიაში სამხედრო ოპერაციამდე ტრამპმა ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა

"ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს", - ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ტამპის მიერ ერდოღანისთვის მიწერილი წერილის შინაარსი გაასაჯაროვა. წერილში დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას რისკებისა და საფრთხეების შესახებ აფრთხილებს:

"შენ არ გსურს გახდე პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის სისხლის ღვრაზე და მე არ მსურს გავხდე პასუხისმგებელი თურქული ეკონომიკის განადგურებაზე, და მე ამას გავაკეთებ", - აღნიშნულია ტრამპის წერილში.

ბოლო განცხადებაში კი ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ცდილობს თურქეთი სწორ გზაზე დააყენოს.

16 ოქტომბერს თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ჩავიდნენ. ისინი ერდოღანს შეხვდებიან.

ერდოღანმა მანამდე Sky New-ს განუცხადა, რომ ის აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდოდა თურქეთში, სხვა შემთხვევაში კი დელეგაციის წარმომადგენლებს თურქეთში შესაბამისი რანგის პოლიტიკოსები უმასპინძლებდნენ.

„არ ვაპირებ მათთან საუბარს. შეხვდნენ თავისი რანგის მაღალჩინოსნებს. თუ ტრამპი ჩამოვა, მე მას დაველაპარაკები“, - განაცხადა ერდოღანმა.

აშშ-ის დელეგაციაში, რომელიც უკვე თურქეთშია, არიან: ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რობერტ ო'ბრაიენი და სირიის საკითხებში სპეცწარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი.

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 653 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული. თავის მხრივ, ქურთების ინფორმაციით, 75 თურქი ჯარისკაცი მოკლულია, კიდევ 19 კი დაიჭრა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ ცოტა, 160 000 ადამიანს მოუწია. მომხდარის გამო, თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.