დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის წევრ დეპუტატებს პარტიიდან გარიცხვით ემუქრება. ამის შესახებ Reuters-ი პარტიაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაცით, ნებისმიერი კონსერვატორი, ვინც ამ კვირაში Brexit-ის თაობაზე კენჭისყრისას მთავრობის წინააღმდეგ მისცემს ხმას, პარტიიდან გაირიცხება და მომდევნო არჩევნებში მისი კანდიდატი ვეღარ გახდება.
ბორის ჯონსონი არამარტო დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, არამედ კონსერვატიული პარტიის ლიდერიც არის.
ამ კვირაში ოპოზიციონერი დეპუტატები Brexit-ის შესახებ კანონის შეცვლას ან მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას შეეცდებიან. ამისთვის მათ ცოტა დრო აქვთ, რადგან საზოგადოების უკმაყოფილების მიუხედავად 9 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პარლამენტი მუშაობას შეაჩერებს.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა.