ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი სენატის თავმჯდომარე გახდა

ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი სენატის თავმჯდომარე გახდა

ყაზახეთის ექსპრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი დარიგა ნაზარბაევა ქვეყნის სენატის თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

დარიგა ნაზარბაევას კანდიდატურა სენატს მოქმედმა პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა წარუდგინა. სენატორების უმრავლესობამ მას მხარი დაუჭირა.

დარიგა ნაზარბაევა ყაზახეთის სენატს მამამისის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა, თუმცა, იმის გამო, რომ 12 აგვისტოს სენატის დეპუტატად აირჩიეს, მას სპიკერის პოსტზე არჩევის პროცედურის თავიდან გავლა მოუწია.

დარიგა ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილია. მისი კიდევ ერთი და - დინარა კულიბაევა მეუღლესთან, მილიარდერ ტიმურ კულიბაევთან ერთად ქვეყნის წამყვანი საწარმოების აქციების საკონტროლო პაკეტებს ფლობს. ნაზარბაევის უმცროსი ქალიშვილი - ალია ნაზარბაევა ქვეყნის ეკოლოგიურ პოლიტიკას კურირებს, ასევე ბიზნესით და კინოპროდიუსერობით არის დაკავებული.

ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან 19 მარტს გადადგა. 2019 წლის 23 მარტს კი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი შეეცვალა და ნურსულთანი ეწოდა.