სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერები ამაზონის ტყის გადარჩენის ერთობლივი გეგმის შემუშავების მიზნით შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ჩილეს პრეზიდენტ სებასტიან პინიერასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან ასევე დასძინა, რომ სამიტი 6 სექტემბერს, კოლუმბიის ქალაქ ლეტისიაში ჩატარდება.
სააგენტო Reuter’s-ის ინფორმაციით ჩილემ ხანძრის ჩასაქრობად ბრაზილიას დახმარების სახით 4 თვითმფრინავი გამოუყო, ბოლსონარუ კი შეთავაზებას დათანხმდა.
28 აგვისტოს ბრაზილიის იმ შტატების გუბერნატორებმა, რომლებიც ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძრისგან განსაკუთრებით დაზარალდნენ, ქვეყნის პრეზიდენტს უცხო ქვეყნების დახმარების შეთავაზების მიღებისკენ მოუწოდეს. მანამდე ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ამაზონის ხანძრების ჩასაქრობად საერთაშორისო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი მას ბოდიშს მოუხდის.
ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძრები რამდენიმე კვირაა მძვინვარებს. ბუნებისდამცველები ხანძრებში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ.
ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ კი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს სდებს ბრალს. ხანძრის გამო ევროკავშირმა ბოლსონარუზე ზეწოლა გააძლიერა, ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. სწორედ ამის შემდეგ უარყო ბოლსონარუმ განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს ბრაზილიის საშინაო საქმეებში ჩარევა სურთ. მოგვიანებით, მან ხანძრის ქრობის პროცესში ჯარი ჩართო.
„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ.
26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს. ასევე ცნობილი გახდა, რომ სტიქიასთან ბრძოლაში ცნობილი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ჩაერთო.