ბრიტანეთში პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერება მოქალაქეებმა გააპროტესტეს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები Brexit-ის საწინააღმდეგო პლაკატებით და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, „შეწყდეს „სახელმწიფო გადატრიალება“.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინტერნეტში შეიქმნა პეტიცია, რომელზე ხელმომწერი მილიონზე მეტი ადამიანი მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ ბორის ჯონსონის ინიციატივა დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, პარლამენტის მუშაობის შეჩერების პროცედურა უნდა დაიწყოს არა უგვიანეს 9 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა მუშაობა 14 ოქტომბრამდე უნდა შეაჩეროს.
ჯონსონის გადაწყვეტილებამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან დეპუტატები ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში Brexit-ის პროცესში სრულფასოვან მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლონდონი და ბრიუსელი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას ყოველწლიურად აპრილში ან მაისში აჩერებს.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა.