იტალიაში სიცილიასთან მდებარე ვულკანი „სტრომბოლი“ გააქტიურდა. ინფორმაციას იტალიის გეოფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტი ავრცელებს. იტალიელი ვულკანოლოგების ინფორმაციით, „სტრომბოლიდან“ ფერფლის და ვულკანური მასალები ამოიფრქვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „სტრომბოლის“ ამოფრქვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა ვულკანის ფერდობებზე ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა, რომელსაც სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე აქრობენ.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვულკანის კრატერიდან ამოფრქვეული ლავა რამდენიმე ასეულ მეტრს აღწევს. არსებული ვითარების გამო, კუნძულის სიახლოვეს რამდენიმე საათით შეიზღუდა ნავებით გადაადგილება და ავიამიმოსვლა.
იტალიური მედიის ცნობით, გაღვიძებულმა ვულკანმა ტურისტებში პანიკა გამოიწვია. მოსახლეობა ამ ფაქტს გაცილებით მშვიდად შეხვდა.
სტრობოლი პატარა კუნძულია ტირენიის ზღვაში, სიცილიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან. ის შედის ლიპარიის კუნძულთა ჯგუფში. კუნძულზე მდებარეობს იტალიის ყველაზე აქტიური ვულკანი. სტრომბოლის მოსახლეობა 400-800 ადამიანს შეადგენს.
კუნძულზე მდებარე ვულკანი მრავალჯერ ამოფრქვეულა, ხოლო ვულკანური აქტივობები და მცირე ამოფრქვევები გამუდმებით მიმდინარეობს, რისი ხილვაც კუნძულის მრავალი ადგილიდან და ზღვიდანაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, სტრომბოლს „ხმელთაშუა ზღვის სინათლის სახლს“ უწოდებენ. ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ამოფრქვევა 2009 წლის 13 აპრილს მოხდა. ვულკანი მდებარეობს ზღვის დონიდან 926 მეტრზე. მოიცავს სამ აქტიურ მწვერვალს.