ტერორიზმის ბრალდებით რუსეთის მიერ გასამართლებული უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი ქალაქ ლაბიტნანგის კოლონიიდან მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ „Интерфакс“-ი და „ТАСС“-ი იტყობინებიან.
Reuters-ის ინფორმაციით, დაგეგმილია სენცოვის გაცვლა რუს პატიმარში. სენცოვის ადვოკატი გაცვლას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი და უკრაინა პატიმრების გაცვლისთვის ემზადებიან. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესი 66 ადამიანს შეეხება. სწორედ ამას უკავშირებენ 28 აგვისტოს კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი-უკრაინის“ დირექტორის, კირილ ვიშინსკის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად ტერაქტების ორგანიზება დასდეს. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უკრაინელი რეჟისორი პოლიტპატიმრად აღიარა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა.“
ოლეგ სენცოვის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები რამდენჯერმე გაიმართა მოსკოვსა და ევროპის ქალაქებში. გარდა ამისა, აშშ-ის პენცენტრმა და აშშ-ის საგარეო უწყებამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სენცოვის გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.