„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები ამაზონს ტყეების ხანძართან დაკავშირებით საერთო შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეთანხმება ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ თითქმის მიღწეულია.
„ყველა ლიდერი ამბობს, რომ ხანძრებისგან დაზარალებულ ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავეხმაროთ. ჩვენი წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან დაზარალებულ ქვეყნებთან, რათა უახლოეს მომავალში ტექნიკური რესურსების და დაფინანსების საკითხზე ძალიან კონკრეტულ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განაცხადა მაკრონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, მისი ქვეყანა ხანძრებისგან დაზარალებულებს 10 მილიონ გირვანქას გამოყოფს.
ბუნებისდამცველები ხანძრებში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, მიწის ცეცხლის საშუალებით გასაწმენდად ფერმერები პრეზიდენტმა წაახალისა. NASA-ს ინფორმაციით, ამაზონის ჯუნგლებში ხანძრები ადამიანების ჩარევითაა გამოწვეული. ბოლსონარუ კი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს სდებს ბრალს.
ხანძრის გამო ევროკავშირმა ბოლსონარუზე ზეწოლა გააძლიერა, ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. სწორედ ამის შემდეგ უარყო ბოლსონარუმ განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს ბრაზილიის საშინაო საქმეებში ჩარევა სურთ. მოგვიანებით მან ხანძრის ქრობის პროცესში ჯარი ჩართო.
„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ.