რადიაციის დონის ხანმოკლე მატება არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკთან სტრონციუმის, ბარიუმისა და ლანთანის რადიოაქტიური იზოტოპების დაშლას უკავშირდება. ამის შესახებ რუსეთის ამინდის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით Reuters'ს-ი წერს.
სააგენტო ჰაერის სინჯებს სევეროდვინსკში 8-23 აგვისტოს იღებდა. სინჯების ანალიზმა ჰაერში რადიოაქტიური ელემენტების დაშლის პროდუქტები - რადიოაქტიური ინერტული გაზები აღმოაჩინა. სწორედ ეს გახდა სევეროდვინსკში რადიაციული გამოსხივების დონის მატების მიზეზი.
ცენტრში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე სევეროდვინსკში რადიაციული მდგომარეობა სტაბილურია და საფრთხეს არ წარმოადგენს.
8 აგვისტოს სევეროდვინსკთან სამხედრო პოლიგონზე მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. 19 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ინციდენტმა რადიაციული ფონის მატება არ გამოიწვია და არანაირი საფრთხე არ არსებობს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შემდეგ რადიაციული ფონის მონიტორინგის ოთხმა სადგურმა მუშაობა შეწყვიტა. რუსმა ექიმებმა კი, რომელბიც დაშავებულებს დახმარებას უწევდნენ, მთავრობა ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულეს.