მოსკოვის პროკურატურა მრავალშვილიანი მშობლებისთვის მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, მშობლის უფლებების ჩამორთმევას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება რუსმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "პროტესტის აპოლოგია" განაცხადა. ინფორმაციას BBჩ-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.
"პროტესტის აპოლოგიას" განცხადებით, ნიკულინსკის რაიონულმა პროკურორმა სასამართლოს პიოტრ და ელენე ხომსკებისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევის მოთხოვნით მიმართა.
"სავარაუდოდ ამის მოტივი ცოლ-ქმრის მიერ 27 ივლისს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა გახდა. მამა პროსამთავრობო ვიდეორგოლში მოხვდა როგორც "ნავალნის მცველი", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავარაუდოდ საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც ცოლ-ქმარს ბავშვები სამართალდამცველების ჯაჭვის წინ ეტლით მიჰყავთ.
პიოტრ ხომსკი "ნავალნის მცველად" პირველმა რუსმა ბლოგერმა ოლეგ ლურიემ მოიხსენია, ეს ფრაზა კი მალევე РЕН ТВ-მ და სხვა რუსეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა მედიამ აიტაცა. მოსკოვის პროკურატურაში BBჩ-ის განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან ჯერ თავს იკავებენ. სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს არის დაგეგმილი.
ეს უკვე პროკურატურის მხრიდან მიტინგში მონაწილე წყვილისთვის მშობლის სტატუსის ჩამორთმევის მეორე მცდელობაა. 6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის პროკურატურამ მშობლის უფლებების შეჩერება ოლგა და დმიტრი პროკაზოვების წინააღმდეგაც მოითხოვა, რომლებიც 27 ივლისის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.
2019 წლის სექტემბერში, რუსეთის დედაქალაქის დუმის არჩევნებია, რომელშიც სულ 45 დეპუტატი წარმოადგენს მოსკოვის 7,2 მილიონი ამომრჩევლის ინტერესებს და (კანონის თანახმად) განკარგავს რუსეთის ფედერაციის ყველა სხვა სუბიექტზე დიდ ბიუჯეტს (2019 წელს 2,74 ტრილიონი რუბლი). 2000-ანი წლების დასაწყისიდან დუმას ფორმალურად მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ აკონტროლებს. დამოუკიდებელი რუსული გამოცემების ცნობით, წელს საარჩევნო კამპანიის დროს დეპუტატობის კანდიდატები დამალავენ თავიანთ კავშირს მმართველ პარტიასთან. ხოლო კურატორები მოსკოვის მთავრობიდან შეეცდებიან ადგილობრივ დუმაში ახალი ადამიანების გაყვანას, რომლებსაც გამარჯვებისთვის ქალაქის ჩინოსნების კრიტიკის და დამოუკიდებლად მოქმედების ნებაც კი დართეს. კამპანია დიდი საპროტესტო გამოსვლების და მასობრივი დაკავებების ფონზე წარიმართა. ანალიტიკოსების თქმით, ხელისუფლებამ მოსკოვის არჩევნები თავად გარდაქმნა ქაოსად და ამის დასტურად მათი ოთხი ნაბიჯი მოჰყავთ.