ბრაზილიაში, კერძოდ, ამაზონის ტყეში ათწლეულების განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე მე-17 დღეა მძვინვარებს. მის წინააღმდეგ ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა იბრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ. BBC-ის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ბრაზილიაში ცეცხლის კერების მასობრივმა აფეთქებებმა რეკორდი მოხსნა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში წლის დასაწყიდან იქ 74 000-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება. ამის მიზეზად მშრალი სეზონი, ბუნებრივი მოვლენები თუ ადამიანთა გაუფრთხილებლობა სახელდება. თუმცა აქტივისტები მომხდარში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ ის გარემოს დაცვისადმი უყურადღებობას იჩენს. ბრაზილიის პრეზიდენტი, კი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადანაშაულებს.
ხანძრის ეპიცენტრი ბრაზილიის ჩრდილოეთია, სადაც ამაზონის შტატი და ამაზონის ტყე მდებარეობს. მასში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრის შედეგად წარმოქმნილი დაკვამლიანება შტატის ფარგლებს გასცდა. სპეციალისტების თქმით, აღნიშნული მომწამვლელ ნივთიერებებსაც შეიცავს.
ამაზონის ტყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 3 მილიონამდე ცხოველისა და მცენარის ადგილია. შესაბამისად, ის დედამიწაზე არსებული ბიომრავალფეროვნების 10%-ის თავშესაფარს წარმოადგენს. ასევე, ამაზონში მილიონამდე ადგილობრივი მცხოვრები - აბორიგენი ბინადრობს. გლობალური დათბობის რეგულირებისთვის ამ ტყეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ეკოსისტემაში. მაგალითისთვის, ამაზონის ტყე წლიურად მილიონამდე ნახშიროჟანგს შთანთქავს და ატმოსფეროში მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს.
ამაზონის ტროპიკული ტყის ფართობი 7 მლნ კვ კმ-ს შეადგენს და ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. უდიდესი ნაწილი კი - 60%, მდებარეობს ბრაზილიაში. შესაბამისად, ამაზონის ტყე პლანეტის ტროპიკული ტყეების თითქმის ნახევარს წარმოადგენს და დედამიწაზე მცხოვრები ფლორისა და ფაუნის სახეობების უდიდეს კოლექციას შეიცავს.
გლობალური დათბობის შესაჩერებლად მეცნიერები ხეების დარგვის რეკომენდაციით გამოდიან. სწორედ ამიტომ, დედამიწის ფილტვებად წოდებული ამაზონის ტყის ხანძარი საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. სპეციალისტების შეფასებით, ამაზონის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ტყის განადგურება ნახშიროჟანგის რაოდენობის მომატებას გულისხმობს, რაც დედამიწის მცხოვრებთათვის სახიფათოა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამაზონის ტყის ხანძრები საერთაშორისო დონის კრიზისს წარმოადგენს, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სამიტის დღის წესრიგში მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს.
„ჩვენი სახლი იწვის. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ტყე დედამიწის ჟანგბადის 20%-ს აწარმოებს და ის ახლა იწვის. ეს საერთაშორისო დონის კრიზისია. მოვუწოდებ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებს, პირველ რიგში ეს საგანგებო სიტუაცია განვიხილოთ“, - დაწერა მაკრონმა Twitter-ზე.
ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო მთელი მსოფლიო განიცდის, Twitter-ზე ჰეშთეგი #PrayforAmazonia შეიქმნა, ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდი დიკაპრიომ კი ამ ფაქტს Iნსტაგრამ-ზე პოსტი მიუძღვნა.