ამერიკელმა მილიარდერმა ჯეფრი ეპშტეინმა ციხეში თვითმკვლელობამდე 2 დღით ადრე ანდერძი დაწერა. ამის შესახებ CBS News-ი წერს.
გავრცელებული ცნობით, ეპშტეინმა თავისი ქონება ფონდს უანდერძა, რომლის სახელწოდებაა The 1953 Trust-ი. მისი ქონება 577 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ციხის საკანში ეპშტეინის თვითმკვლელობის გამო აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ციხეების ბიუროს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მანამდე კი ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახდა. ეპშტეინის საკანში იპოვეს ზეწრისგან დამზადებული თოკი, რომელიც ორსართულიანი საწოლის ზედა ნაწილზე იყო დამაგრებული.
ეპშტეინის გადარჩენას უშედეგოდ ჯერ ციხის ექიმები, შემდეგ კი მანჰეტენის ერთ-ერთი საავადმყოფოს სპეციალისტები ცდილობდნენ. მომხდარზე გამოძიება როგორც იუსტიციის სამინისტროში, ასევე გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) მიმდინარეობს. მილიარდერის ცხედარი საკანში 10 აგვისტოს, დაახლოებით 7:30 საათზე იპოვეს.
66 წლის ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა.