აშშ-ის კონგრესის წევრ ორ ქალს, ილჰან ომარსა და რაშიდა ტლაიბს ისრაელმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.
ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, უცხოელისთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის ისრაელის მიმართ ეკონომიკური, კულტურული ან სხვა სახის ბოიკოტს მხარს უჭერს.
ქვეყნის შსს-ს განცხადებით, „გაუგებარია, რატომ უნდა მისცემოდათ ისრაელში ჩასვლის ნებართვა მათ, ვისაც ქვეყნისთვის ზიანის მიყენება სურთ“.
დემოკრატიული პარტიის წევრები, ომარი და ტლაიბი აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჩასვლას გეგმავდნენ. ორივე კონგრესმენი ისრაელის ბოიკოტს უჭერდა მხარს. 15 აგვისტოს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომარისა და ტლაიბის ქვეყანაში შეშვებით ისრაელი „დიდ სისუსტეს“ გამოიჩენდა.
ილჰან ომარმა ისრაელის გადაწყვეტილებას „დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმა“ უწოდა.