გავრცელდა სატელიტით გადაღებული ფოტო თუ როგორ დგას ჰონგ-კონგის საზღვართან ჩინეთის ჯარი

გავრცელდა სატელიტით გადაღებული ფოტო თუ როგორ დგას ჰონგ-კონგის საზღვართან ჩინეთის ჯარი

CNN-მა გაავრცელა სატელიტით გადაღებული ფოტო, რომელზეც ჰონგ-კონგის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ შენჯენში ჩინეთის სამხედრო მანქანების გადაადგილებაა ასახული.

მანქანები განლაგებულები არიან შენჯენის სპორტის ცენტრთან, პირდაპირ ჰონგ-კონგის ნავსადგურის გასწვრივ. ოთხშაბათს CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა ქალაქში ასევე დაინახა დიდი რაოდენობით შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებიც აღჭურვილები არიან ჩაფხუტებით და ხელკეტებით.

ოფიცერმა CNN-ს უთხრა, რომ სამხედროები დროებითი მიზნით არიან ადგილზე ჩასულები და გაჩერებულები არიან სპორტულ სტადიონზე. ოფიცერს სამხედროების იქ ყოფნის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

14 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონტრდაზვერვაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჩინეთს ჰონგ-კონგის საზღვართან ჯარი გადაჰყავს.

12 აგვისტოს ჰონგ-კონგთან და მაკაოსთან საქმეებთან დაკავშირებით ჩინეთის სახელწმიფო საბჭოს წარმომადგენელმა იან გუანმა ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პროტესტის ფარგლებში "ტერორიზმის ნიშნები იკვეთება".

იმავე დღეს, ჩინეთის სახელმწიფო გამოცემა Global Times-მა და კიდევ ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჰონგ-კონგთან ახლოს მდებარე ჩინეთს ქალაქ შენჯენში მდებარე სამხედრო კოლონაა აღბეჭდილი. ითქვა, რომ სამხედრო ტექნიკა იქ სწავლების მიზნით გადაიყვანეს.

ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ჰონგ-კონგი 1997 წელს ჩინეთს „დაუბრუნდა“ იმ პირობით, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა. კერძოდ, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

ჰონგ-კონგში რამდენიმე კვირის წინ დაწყებულ ანტისამთავრობო დემონტრაციებს პერიოდულად თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან. 9 აგვისტოდან კი სამდღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტშიც დაიწყო.

რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ჰონგ-კონგიდან ჩინეთში დანაშაულში ეჭვმიტანილების ან ძებნილების ექსტრადირების მექანიზმს ამარტივებს. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა ანტისამთავრობო აქციები არ შეჩერებულა.