ჩინეთის ხელისუფლებას ჯარი ჰონგ-კონგის საზღვართან გადაჰყავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით Twitter-ზე დაწერა, თუმცა მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია.
12 აგვისტოს ჰონგ-კონგთან და მაკაოსთან საქმეებთან დაკავშირებით ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენელმა იან გუანმა ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პროტესტის ფარგლებში "ტერორიზმის ნიშნები იკვეთება".
იმავე დღეს, ჩინეთის სახელმწიფო გამოცემა Global Times-მა და კიდევ ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჰონგ-კონგთან ახლოს მდებარე ჩინეთს ქალაქ შენჯენში მდებარე სამხედრო კოლონაა აღბეჭდილი. ითქვა, რომ სამხედრო ტექნიკა იქ სწავლების მიზნით გადაიყვანეს.
ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ჰონგ-კონგი 1997 წელს ჩინეთს „დაუბრუნდა“ იმ პირობით, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა. კერძოდ, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.
ჰონგ-კონგში რამდენიმე კვირის წინ დაწყებულ ანტისამთავრობო დემონტრაციებს პერიოდულად თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან. 9 აგვისტოდან კი სამდღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტშიც დაიწყო.
რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ჰონგ-კონგიდან ჩინეთში დანაშაულში ეჭვმიტანილების ან ძებნილების ექსტრადირების მექანიზმს ამარტივებს. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა ანტისამთავრობო აქციები არ შეჩერებულა.