უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიუროში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკითხვა დასრულდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, როდესაც პოროშენკო შენობიდან გამოვიდა, ქუჩაში შეკრებილ მის მხარდამჭერებსა და ოპონენტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. რამდენიმე ადამიანმა ექსპრეზიდენტს კვერცხები ესროლა.
პოროშენკო საკუთარ ავტომობილთან დაცვის თანხლებით მივიდა და თქვა, რომ დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
გამოძიებათა სახელმწიფო ბიუროს დირექტორის, რომან ტრუბას განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ მომდევნო დაკითხვაზე პოროშენკო სიცრუის დეტექტორზე შემოწმდეს.
პოროშენკო დაკითხვაზე მოწმის სახით იყო დაბარებული. საქმე ეხება ტელეარხ Прямий-ის გასხვისებას, რომლის დროსაც, გამოძიების მტკიცებით, შესაძლოა გადასახადების გადახდისა და შემოსავლების ლეგალიზებისგან თავის არიდების მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მომხდარიყო.