10 აგვისტოს, ამერიკელმა ფინანსისტმა ჯეფრი ეპშტეინმა, რომელიც ადამიანებით ვაჭრობაში იყო ბრალდებული, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე ციხის საკანში თავი მოიკლა.
BBC წერს, რომ ეპშტეინის თვითმკვლელობამ, მისი გავლენიან პოლიტიკოსებთან მეგობრობის გამო, შეთქმულების თეორიები გააჩინა. სოციალური ქსელები ეპშტეინის „ყალბი“ თვითმკვლელობის ამსახველი გამოსახულებებით გაივსო, ჭორების ცენტრში კი მოექცა კითხვა - რა იციან პოლიტიკოსებმა მილიარდერის დანაშაულების შესახებ და ზოგიერთებს მისი სიკვდილი ხომ არ სურდათ?
NBC-ის ინფორმაციით, 66 წლის ბიზნესმენს, რომელიც ივლისის დასაწყისში დააპატიმრეს, სასამართლომ უარი უთხრა 100 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე; დაახლოებით ორი კვირის წინ ის თავის მოკვლას შეეცადა - მაშინ ის კამერაში „ნახევრად გონებადაკარგულ მდგომარეობაში“ იპოვეს.
ეპშტეინს ბრალი წაუყენეს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობისთვის. გამოძიების ვერსიით, ბიზნესმენი 2002-2005 წლებში არასრულწლოვან გოგოებზე სექსუალურად ძალადობდა, ფულს უხდიდა მათ სექსისთვის, ასევე აიძულებდა მათ მასთან თანატოლები მიეყვანათ. თავად მილიარდერმა ბრალი არ აღიარა, განაცხადა რა, რომ სავარაუდო მსხვერპლები საკუთარი სურვილით ამყარებდნენ მასთან სექსუალურ კავშირს, ამასთან ის ფიქრობდა, რომ იმ მომენტში ისინი სულ ცოტა 18 წლისანი იყვნენ.
ათ წელიწადზე მეტი ხნის წინ, ეპშტეინი ანალოგიური საქმის ფიგურანტი იყო: მას რამდენიმე ათეული წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ 2008 წელს გამოძიებასთან შეთანხმება გააფორმა: მაშინ მან ბრალი არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩართვის მხოლოდ ერთ ეპიზოდში აღიარა, ათობით სავარაუდო მსხვერპლებს მრავალმილიონიანი კომპენსაციები გადაუხადა, ასევე ოფიციალურად დაარეგისტრირეს, როგორც სექსუალური დამნაშავე. ამის სანაცვლოდ მან 13-თვიანი პატიმრობა მიიღო.
გარიგებას და საქმის სწრაფად დახურვას ამერიკულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, მათ შორის იმიტომაც, რომ ეპშტეინი ძალიან გავლენიანი ადამიანების ნაცნობი იყო, მათ შორის ბილ კლინტონის, დონალდ ტრამპის, ბრიტანელი პრინც ენდრიუსი, დიდი ბრიტანეთის და ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრების - ტონი ბლერის და ეჰუდ ბარაკის, საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანის. მოგვიანებით, რამდენიმე მსხვერპლი ამტკიცებდა, რომ ეპშტეინის წვეულებებზე მათ აიძულებდნენ მილიარდერის ზოგიერთ სტუმართან სექსუალური კავშირის დამყარებას.
ალექსანდრ აკოსტა, რომელიც 2008 წელს ფლორიდის სამხრეთ ოლქის პროკურორის რანგში ეპშტეინთან გარიგებას კურირებდა, 2019 წლის თებერვლიდან ტრამპის ადმინისტრაციაში შრომის მინისტრი იყო. ეპშტეინის დაპატიმრების შემდეგ, მან თანამდებობა დატოვა.