ახალი ზელანდიის მთავრობამ მოსახლეობისგან 10 ათასზე მეტი იარაღი იყიდა

ახალი ზელანდიის მთავრობამ მოსახლეობისგან 10 ათასზე მეტი იარაღი იყიდა

ახალი ზელანდიის მთავრობამ მოსახლეობისგან 10 ათასზე მეტი ერთეული აკრძალული ცეცხლსასროლი იარაღი იყიდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

მიმდინარე წლის მარტში ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში სროლის შედეგად დაიღუპა 50 და დაშავდა 50 ადამიანი. ამის შემდეგ ქვეყნის პრემიერმა ჯასინდა არდერნმა ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე ყველა ტიპის საბრძოლო ნახევრად ავტომატური იარაღი აკრძალა.

13 ივლისიდან მოსახლეობამ ნახევრად ავტომატური იარაღის ჩაბარება დაიწყო. ხელისუფლებას მოსახლეობისგან ასეთი იარაღის საყიდლად 136 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი. სქემის ამოქმედებიდან დღემდე მოსახლეობამ პოლიციაში 10 242 ერთეული იარაღი ჩააბარა. ამასთან ერთად, კიდევ 1269 ერთეული იარაღი „ამნისტიის“ ფარგლებშია ჩაბარებული, რაც ითვალისწინებს იმას, რომ პოლიცია არ უსვამს მფლობელს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ და როდის შეიძინა მან ეს იარაღი.

სხვადასხვა მონაცემებით, საერთო ჯამში ახალი ზელანდიის მოსახლეობა 1,2-1,5 მილიონ ერთეულ იარაღს ფლობს. ფულის სანაცვლოდ იარაღის ჩაბარების პროგრამა 2019 წლის 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.