მსოფლიოში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა. უმუშევრობის საერთო მაჩვენებელი აშკარად გაზრდილია საქართველოშიც. ახალი „დაკარგული თაობა“, რომელსაც არ გააჩნია დასაქმების შესაძლებლობა, კარგავს მომავლის იმედს და ის აგრესიული ხდება.
“მსოფლიოში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა”, – ამის შესახებ ნათქვამია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებაში. მოხსენების მიხედვით, 2009 წლის ბოლოსთვის უმუშევრობა 15-25 წლის ასაკის ადამიანებში 81 მლნ ადამიანი შეადგინა. ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ სტატისტიკით აღნიშნული მაჩვენებლები მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაიზრდება.
მოხსენების ერთ-ერთი ავტორის, სარე ელდერის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გახდა. კრიზისამდელ პერიოდში, საუბარია 2005-2007 წლებზე, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებდა.
მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ ახალი „დაკარგული თაობა“, რომელსაც არ გააჩნია დასაქმების შესაძლებლობა, კარგავს მომავლის იმედს და ის აგრესიული ხდება. ამავდროულად, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც დასაქმებულნი არიან, მაგრამ ვერ ახერხებენ საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სიღარიბის დაძლევას, 152 მლნ–ს შეადგენს.
2009 წელს გოგონებს უფრო მეტად უჭირდათ სამსახურის პოვნა, ვიდრე ვაჟბს. უმუშევრობა გოგოებს შორის 13,2 % შეადგინა, ვაჟებში კი – 12,9 %-ი.
ცხადია, უმუშევრობა გლობალური ხასიათის პრობლემაა და საქართველოშიც დღემდე ერთ–ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დასაქმება-უმუშევრობის ბოლო მაჩვენებლებითაც ქვეყანაში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი გაიზარდა 0,4 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 16,9%. 2008 წლის აგვისტოს ომმა და ქვეყანაში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლებზე. ეკონომიკური კრიზისის გავლენა სწრაფად გადაედო შრომის ბაზარს და უმუშევრობის ზრდის ძირითადი ნახტომი სწორედ 2008 წლიდან მოხდა.
საქართველოში უმუშევრობის ბოლოდროინდელი მაჩვენებლის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ შარშანდელთან შედარებით, უმუშევართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმაც შეუწყო ხელი.
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წელს საქართველოში 240-260 ათასი უმუშევარი დაფიქსირდა. მომდევნო 2009 წელს 30-35 ათასით მოიმატა. ოფიციალური მონაცემებით 2009 წლის ბოლოს უმუშევართა რაოდენობა სულ 16,4%-ს აღწევს.
პროფკავშირების ვარაუდით, რეალობა გაცილებით მძიმეა. დალუქვებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები, ზოგადად კრიზისი და დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი არგუმენტებით კომპანიებიდან თანამშრომლების დათხოვნა, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის. ამასთანავე, ჯერჯერობით ვითარების გაუმჯობესება არ შეიმჩნევა.
უმუშევრობის ტალღამ გადაუარა სამშენებლო სექტორსაც. წარმატებულ პროექტებსაც კი დასაქმებაზე გავლენა არ მოუხდენია. ამ მხრივ კარგი მდგომარეობა არც ტრანსპორტის სფეროშია. არასაიმედოდ გამოიყურება მიგრაციის პროცესის მაჩვენებელიც, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს.
საქართველოში დასაქმებულთა დიდი ნაწილი თვითდასაქმებულებზე მოდის. უმუშევრობის ციფრები კიდევ უფრო საგანგაშო იქნებოდა, სტატისტიკა დასაქმებულებში სოფლად მცხოვრებლებსაც რომ არ თვლიდეს, რომლებიც საკუთარ ნაკვეთებს ამუშავებენ ან შინამეურნეობაში არიან დასაქმებული. ოფიციალური ციფრები საეჭვო ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ სტატისტიკას დასაქმებულად სოფლად მცხოვრებთა 82,5% მიაჩნია მაშინ, როცა ქალაქში სამუშაო მოსახლეობის მხოლოდ 32%–ს აქვს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის, ზაზა ჭელიძის თქმით, მის უწყებას ხშირად ედავებიან, რომ დასაქმებულთა რიცხვს თვითდასაქმებულებს ათვლიან, რაზეც ჭელიძეს ასეთი არგუმენტი აქვს: „წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მუშაობს, მაგრამ ინტენსიური სამუშაო რეჟიმი არ აქვს, არ არის დატვირთული და თვის განმავლობაში 50–ლარიან ანაზღაურებას იღებს. ამ დროს სოფლად საკუთარ მეურნეობაში დასაქმებული შეიძლება თვეში ათას ლარზე მეტ შემოსავალს იღებდეს. რომელი უფრო ჩაითვლება დასაქმებულად?“ – აცხადებს ჭელიძე „ეკონომიკურ პალიტრასთან“ საუბრისას.
უმუშევრობის მაჩვენებლით საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. “უკეთესი“ მაჩვენებელი აქვს უკრაინასა და უზბეკეთს, სადაც უმუშევრობა 20%–ს გადასცდა. მეზობელ სომხეთში 17%–ის ფარგლებშია, აზერბაიჯანში – 12–13%. დასაქმების მხრივ ყველაზე კარგად საქმე ბელორუსს აქვს 2%–იანი უმუშევრობით.
დასაქმების საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ციური ანთაძის თქმით, ამჟამად შრომის ბაზარზე უამრავი დაუსაქმებელი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანია, რომელიც სამსახურს ვერ პოულობს. ამ დროს მოთხოვნა პროფესიულ კადრზე ყველა სექტორშია.
„ძალიან ბევრი კომპანია უკმაყოფილოა თანამშრომლების კვალიფიკაციით, მაგრამ გადამზადებას თავად ვერ ახორციელებენ. წლების განმავლობაში ჭარბი ოდენობით მზადდებოდა ექიმები, იურისტები, ეკონომისტები, უცხო ენის სპეციალისტები, ჟურნალისტები, მაგრამ ამ პროფესიების კვალიფიციურ კადრს ძალიან ბევრი ორგანიზაცია ითხოვს. მოთხოვნა დიდია მუშებზე, ხარატებზე, შემდუღებლებზე, სანტექნიკის სპეციალისტებზე. ძალიან დიდი მოთხოვნაა საგზაო და სამშენებლო ტექნიკის, გრეიდერების, ამწეების მართვის სპეციალისტებზე. ამ სპეციალობის მუშახელი სისტემატურად, მაგრამ მცირე ჯგუფებით უნდა მომზადდეს,“ – აცხადებს ანთაძე იმავე „ეკოპალიტრასთან“ საუბრისას.
ამ ფონზე პრობლემად რჩება შრომისუნარიანი მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინება. ბოლო დროს დასაქმების ბიუროებმა ახალი გზები გაჭრეს აზიის მიმართულებით. დასაქმების მსურველები დაიძრნენ არაბეთის ქვეყნებში, სადაც ისინი უმეტესად სასტუმროებში დამლაგებლებად და მზარეულებად მიდიან. ექსპერტების შეფასებით, უცხოეთში დასაქმების დიდი შანსი ხელოსნებსაც აქვთ.