ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი, ე.წ. თბილისის ანძა და ახლო წარსულში სახელმწიფო მართვაში მყოფი სამი ათეული ანძა ჯერჯერობით ისევ ზურაბ ადეიშვილისა და ძმები რურუების გავლენის ქვეშაა - მმართველის თანამდებობას ისევ ის ადამიანი,ვასილ კავაძე ინარჩუნებს, რომელიც კერძო კომპანიამ დანიშნა.
იმაზე, თუ როგორ გადავიდა “საქართველოს ტელერადიოცენტრი“ კერძო კომპანიის ხელში, შემდეგ, ოფიციალურად, ფურცელზე უკან როგორ დაუბრუნდა სახელმწიფოს და ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რა ხდებოდა “ტელერადიოცენტრში“ და მის გარშემო, for.ge-ს შეხვდნენ და ესაუბრნენ ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში სინდისთან მწყრალად არ არიან. მათივე თხოვნით სახელებს, გვარებს და თანამდებობებს ვერ ვაქვეყნებთ, რისთვისაც ჩვენს მკითხველს ბოდიშს ვუხდით.
თბილისის ანძის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია 17 ოქტომბერს მედიასაშუალებებით გავრცელდა. ყველაფერი კი ჩვენი წყაროს ცნობით ასე დაიწყო:
2011 წლის ადრიან ზაფხულში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საწარმოთა მართვის სააგენტოში გამოიძახეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქართველოს ტელერადიოცენტრის“ დირექტორი. ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე მას უბრძანეს, რომ “ტელერადიოცენტრისთვის“ ერთ დღეში უნდა შეეცვალა სახელწოდება. იქვე მიუთითეს, რომ “ტელერადიოცენტრს“ - “ალფაკომი“ უნდა დარქმეოდა. ასეც მოხდა. 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და რეესტრში გატარდა შპს “ალფაკომი“, 10 მილიონი ლარის სადამფუძნებლო კაპიტალით.
“ალფაკომის“, იგივე “საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა და წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობისთვის რადიო და სატელევიზიო პროგრამების მიწოდება ეთერით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატელევიზიო ანძებითა და ტექნიკური საშუალებებით. ნებისმიერი მაუწყებელი, რომელიც საერთო სარგებლობის ლიცენზიას ფლობს, შესაბამისი სიხშირული არხით, სატელევიზიო ანძაზე თავის ტექნიკურ საშუალებებს განათავსებს და სათანადო მომსახურებას იღებს.
2011 წელს შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრი“, ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც “რეფორმატორი საწარმო“, ისე დააჯილდოვა და სპეციალური სერტიფიკატიც გადასცა. კერძო კომპანიის ხელში გადასვლამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში, საწარმო მომგებიანი გახდა; მაგალითად, 2010-ში სამეურნეო წელი 450 000-ლარიანი მოგებით დაასრულა.
2011 წლის ივლისში საწარმოო რეესტრში გატარდა ახალი შპს - “გოლდენკომი“, 200-ლარიანი სადამფუძნებლო კაპიტალით. “გოლდენკომის“ დამფუძნებელი ვინმე ვასილ ბოლაშვილი გახლდათ. 2011 წლის 31 ივლისს, საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს “გოლდენკომს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, შპს “ალფაკომის“ მართვაში 4 წლით გადაცემის თაობაზე. სამინისტროს მოთხოვნა ასეთი გახლდათ - სახელმწიფო ბიუჯეტში შპს “გოლდენკომს“ ყოველწლიურად უნდა გადაეხადა 110 000 ლარი, საწარმოსთვის საქმიანობის ძირითადი პროფილი არ უნდა შეეცვალა და 4 წლის განმავლობაში 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც for.ge-ს შეხვდნენ და ესაუბრნენ, ირწმუნებიან, რომ ზემოხსენებული კომბინაციების სულისჩამდგმელი და ავტორი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძეა, რომელიც ძველ ხელმძღვანელობას არ ენდო, 2011 წლის ნოემბერში მმართველობის ფორმა შეცვალა - საწარმოში გენერალური დირექტორის თანამდებობა შეიტანა და თან, ისე, რომ იმჟამად დირექტორატი არარსებობდა. “ალფაკომის“ გენერალურ დირექტორად 30 წლის ვასილ კავაძე დაინიშნა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მანამდე ვასილ კავაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, საიდანაც 2008 წელს, ნარკოტესტისთვის თავის არიდების გამო გამოუშვეს.
ანძების სახელმწიფო მართვიდან კერძო კომპანიის ხელში გადასვლას და კავაძის დანიშვნას ერთი წლის წინ დიდი ხმაური მოჰყვა. ამ კუთხით ტელევიზიებს შორის განსაკუთრებით აქტიური “კავკასია“ იყო, რომელსაც ინტერნეტგამოცემები და გაზეთები დიდად არ ჩამორჩებოდნენ, მაგრამ ხმაურს არაფერი შეუცვლია. “გურიანიუსმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით - “ახალი დეტალები გრიფით "საიდუმლო ტელეანძის შესახებ“, რომელშიც სხვა საინტერესო არაერთ ფაქტთან ერთად მოთხრობილია ვასილ კავაძისა და კულტურის მინისტრის ძმის, გიორგი, იგივე ჟორიკა რურუას ბიზნესკავშირებზე...
2011 წელს “ალფაკომის“ მოგებამ 630 000 ლარი შეადგინა, საიდანაც ბიუჯეტში მხოლოდ 110 000 ლარი უნდა შეეტანათ. ჩვენი ნდობით მოსარგებლო სახელმწიფო მოხელეები ირწმუნებიან, რომ “გოლდენკომის“ დამფუძნებელი ვასილ ბოლაშვილი მთაწმინდის პლატოსთან ახლოს გავლილიც კი არავის უნახავს - აბსოლუტურად ყველა ოპერაციის მართვას ვასილ კავაძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძე ახორციელებდნენ. ეს უკანასკნელი კი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და ამავდროულად, ეკონომიკის სამინისტროში “ნაცმოძრაობის“ მთავარი “მაყურებელი“ იყო და მის გადაწყვეტილებებსა და მითითებებს მინისტრი ვერა ქობალიაც უსიტყვოდ ასრულებდა.
ჩვენი წყარო აცხადებს, რომ შპს “გოლდენკომს“ არც ერთი თეთრის ინვესტიცია არ განუხორციელებია - თუ წინა წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად გაფანტული ობიექტების რეაბილიტაციის, რემონტისა და ტექნიკური საშუალებების განახლებისთვის წელიწადში 400-450 000 ლარი იხარჯებოდა, “გოლდენკომის“ მმართველობისას ამ მიმართულებით არც ერთი თეთრი არ დახარჯულა:
“პირიქით, საწარმოს ახალი, არაფრისმკეთებელი სტრუქტურული ერთეულები (შიდა კონტროლის სამსახური), ახალი საშტატო განაკვეთები და წლიური სახელფასო დანახარჯები (200 000 ლარი) დაემატა“, - უთხრეს for.ge-ს მოქმედმა სახელმწიფო მოხელეებმა და იქვე, კორუფციული გარიგების ერთი მაგალითიც დაუსახელეს, მაგრამ რადგან საქმე კონკრეტულ მედიასაშუალებას ეხება, კოლეგიალობის გამო არ ვაქვეყნებთ კონკრეტულად ვისთან შევიდა კორუფციულ გარიგებაში ვასილ კავაძე - “100 000-ლარიანი დავალიანების სანაცვლოდ კავაძემ ერთ კონკრეტულ მედიასაშუალებას დავალიანება ვითომდა რეკლამის სანაცვლოდ გამოუქვითა“.
არადა, იმავე პერიოდში, იმ ტელე და რადიო კომპანიებს, რომლებიც ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ იმყოფებოდნენ (“გლობალ ტივი“, “მაესტრო“, “სტერეო პლუსი“, რადიო “ჰერეთი“, ტელეკომპანია “თრიალეთი“ და სხვა), კავაძე პრობლემებს უქმნიდა - ანძაზე აპარატურის განთავსების საშუალებას არ აძლევდა.
ჩვენი წყაროს ცნობით, ვასილ კავაძემ 5 500-ლარიანი ხელფასი აქვს დანიშნული, მაშინ, როცა საწარმოში საშუალო ხელფასი 450 ლარს არ აღემატება. ამასთან, კავაძემ საკუთარი კაბინეტის მოწყობისთვის, რაშიც ავეჯის შეძენაც იგულისმება, 30 000 ლარი დახარჯა.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების მესამე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შპს “გოლდენკომი“ სამინისტროსთან ხელშეკრულებას წყვეტდა და შპს “ალფაკომის“ მართვიდან გადიოდა, რაც ჩვენი წყაროს ცნობით, ეკონომიკის მინისტრის მოადგიოლე დავით გიორგაძემ 5 ოქტომბერს ოფიციალური დოკუმენტის ხელმოწერით დაადასტურა.
“სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა 3 ოქტომბერს სამინისტროს სამი სააგენტო გააერთიანა ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქოლგის ქვეშ და სათავეშიც თავად ჩაუდგა, ისე რომ მინისტრის მოადგილის თანამდებობა არ დაუტოვებია. დავით გიორგაძემ თავად დაიწყო მის მიერ ადრე ჩადენილი მახინჯი ქმედებების მიჩქმალვა - საკუთარი ნების გამოვლინებით დაუბრუნა სახელმწიფოს მის მიერვე ერთი წლის წინ მიტაცებული შპს “ალფაკომი“, მაგრამ სახელმწიფო მართვაში დაბრუნების შემდეგ მენეჯმენტში არავითარი ცვლილება არ მომხდარა, საწარმოს ისევ ვასილ კავაძე მართავს“, - განგვიცხადეს ზემოთ არაერთხელ ხსენებულმა სახელმწიფო მოხელეებმა.
მათივე განმარტებით, “ალფა კომში“ 320 ადამიანი მუშაობს და მათი 90% გენერალური დირექტორისადმი უარყოფითადაა განწყობილი, მას უნდობლობას უცხადებენ, მაგრამ მთავრობის ოფიციალურ შეცვლამდე ხმამაღლა საუბარს და მათ შორის, იმ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანას, რაც ახლა for.ge-ს ვებგვერდზე, ამ სტატიაში წაიკითხეთ, ერიდებიან.