პროკურატურა დგამს სამართლებრივად ძალიან სწორ ნაბიჯებს საბოტაჟის გამოსაძიებლად, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების ფაქტსა და USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის აღიარებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
მათიკაშვილის თქმით, არის მცდელობა, გარედან დესტრუქციული ქმედებების დამგეგმავმა პირებმა, გაამართლონ არასამთავრობოების ქმედებები, თუმცა, სახელმწიფო ნებისმიერი კანონდარღვევის მიმართ იქნება შეუვალი.
„არ ისვენებენ ის პირები, ის ძალები, რომლებიც გარედან იძლევიან დესტრუქციებს და დირიჟორობდნენ მოვლენებს. ცდილობენ, გაამართლონ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, სახელმწიფო იქნება შეუვალი. ჩვენი ქვეყანა, მისი ხელისუფლება იქნება შეუვალი ყველა იმ გამოვლინების მიმართ, რომელიც კონსტიტუციის მიღმა შეეცდება ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებას, ხალხის დეზინფორმირებას, ხალხთან და საზოგადოებასთან მიმართებით ძალადობრივ და ძალმომრეობრივ ქმედებას. რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით და კანონის ფარგლებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება“,
მისივე განცხადებით, სამანტა პაუერის აღიარება, რომელმაც განაცხადა, რომ USAID-ი სხვადასხვა ქვეყანაში უდიდეს ფინანსურ რესურსს ხარჯავდა სასურველი მთავრობების დასახმარებლად და მიუღებელი მთავრობის მოსაცილებლად, ადასტურებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების განცხადებების სისწორეს. ხოლო, ტრამპის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოს ხელისუფლების მისამართით, კითხვის ნიშნებს ბადებს.
"ის, რაც პაუერმა აღიარა, მდგომარეობს შემდეგში, რომ წლების განმავლობაში, მილიონობით დოლარი, უდიდესი ფინანსური რესურსი იხარჯებოდა USAID-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინასა და მოლდოვაში, სასურველი მთავრობების დასახმარებლად და არასასურველი ხელისუფლების მოსაცილებლად. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ზუსტად ის ხელისუფლებაა, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას დიდი ხანია უკვე ესატყვისება და აცხადებს პირდაპირ, რომ USAID-დან ეს თანხები სწორედ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, რევოლუციების, ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა და დუმილი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან და ღიად მხარის არდაჭერა, ბუნებრივია, ბევრ კითხვის ნიშანს და გარკვეულ მოსაზრებებსაც ბადებს ამ მიმართულებით."- განაცხადა მათიკაშვილმა.