ევროს ზონის პენსიაზე გასვლის დრო დადგა

ევროს ზონის პენსიაზე გასვლის დრო დადგა

განთქმული ეკონომისტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორი ნურიელ რუბინი კვლავ ევროს ზონაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. თავის სტატიაში იგი აღნიშნავს, რომ ევროს ზონის დაშლა ევროკავშირის შენარჩუნებისათვის აუცილებელია.

კვლავ ღიად რჩება საკითხი, არის თუ არა ევროს ზონა სიცოცხლისუნარიანი. მაგრამ, თუ მისი დაშლა შეიძლება მხოლოდ გადაიდოს, მაშინ ხომ გარდაუვალის დროში გაწელვა საბოლოო შედეგს მხოლოდ გააუარესებს.

გერმანიას კარგად ესმის, რომ თუ კორექტირება, რომელიც აუცილებელია ევროს ზონის პერიფერიაზე ეკონომიკური ზრდის, კონკურენტუნარიანობის და ვალის მისაღები დონის აღსადგენად, მკაცრი ეკონომიის და შიდა დევალვაციის ხარჯზე განხორციელდება, მაშინ იგი ტრილიონი ევრო დაჯდება. კორექტირების პროცესს მრავალი წელი დასჭირდება და სანამ ამგვარი პოლიტიკისადმი რწმენა არ ჩამოყალიბდება, კაპიტალის გადინება გაგრძელდება. ანუ, დიდძალი ოფიციალური დაფინანსება იქნება საჭირო.

ადრე ამგვარი დაფინანსება საგადასახადო საბიჯეტო ორგანოების, ძირითადად ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის, და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ხორციელდებოდა. მაგრამ ბოლო დროს ოფიციალურ დაფინანსებას ევროპის ცენტრალური ბანკი უზრუნველყობს. ჯერ ამას ობლიგაციების შესყიდვით აკეთებდა, შემდეგ კი ბანკების ლიკვიდურობაში დახმარება დაიწყო. იმის გამო, რომ გერმანიის და სხვა ქვეყნების პოლიტიკური შეზღუდვები ფინანსური დაცვითი სისტემების შემდგომ გამყარებას ხელს უშლის, ევროპის ცენტრალური ბანკი აპირებს იტალიის და ესპანეთის დაფინანსება ობლიგაციების შემდგომი შესყიდვის გზით განახორციელოს.

ამგვარად, გერმანიამ და ევროს ზონის სხვა ქვეყნებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ევროპის ცენტრალური ბანკის რესურსები ზონის წევრი დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად. თუ ესპანეთი და იტალია არალიკვიდური, მაგრამ გადამხდელუნარიანი იქნებიან, მსხვილმასშტაბიანი დაფინანსება კი მკაცრი ეკონომიის გასატარებლად და რეფორმების განსახორციელებლად საჭირო დროს მისცემს, მიმდინარე სტრატეგია გაამართლებს და ევროს ზონა გადარჩება.

ამ პროცესის მიმდინარეობისას შეიძლება აგრეთვე გაჩნდეს ამა თუ იმ ფორმის საბიუჯეტო, ან საბანკო კავშირი. მაგრამ, რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ამგვარი კავშირები, მთავარია, მსხვილმასშტაბიანი დაფინანსება და თანდათანობითი კორექტირება ეკონომიკურ ზრდას თუ აღადგენს. ამისათვის საჭირო იქნება საყოველთაო მოთმინება ყველა ქვეყანაში, რადგან საქმიანი აქტივობის კლება და კეთილდღეობის გაუარესება წლობით გაგრძელდება.

იმისათვის, რომ გავიაზროთ, რამდენად გამართლებულია ამგვარი სცენარი, ვნახოთ, რასთან არის საჭირო გამკლავება. ესაა: ეკონომიკური განსხვავებების და ეკონომიკური ვარდნის გაღრმავება, საბანკო სისტემის და ფინანსური ბაზრების “ბალკანიზაცია”, უზარმაზარი ვალებით გამოწვეული შეუქცევადი ზეწოლა, იმ ქვეყნებში, რომლებიც კონკურენტუნარიანობის აღდგენისათვის შიდა დევალვაციის და დეფლიაციის გზას დაადგნენ, უზარმაზარი დანახარჯები, პერიფერიული ქვეყნების არასაკმარისი დაფინანსება და მისგან გამომდინარე პოლიტიკური რეაქციებით, არასაიმედო ბაზრები და ინვესტორები, ეკონომიის პოლიტიკით გამოწვეული საყოველთაო გადაღლილობა, სავალუტო ზონისათვის საჭირო ოპტიმალური პირობების არარსებობა და სრულფასოვანი საბანკო, ეკონომიკური და საგადასახადო-საბიუჯეტო კავშირის შენებაში არსებული პრობლემები.

თუ ევროს ზონის თანდათანობითი დაშლის პროცესი საბოლოოდ შეუქცევადი აღმოჩნდება, გერმანიის და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ არჩეული გზა (ევროს ზონის პერიფერიების მსხვილმასშტაბიანი დაფინანსება) ძირითადი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ბალანსებს გაანადგურებს. კიდევ უარესი, მსხვილი წაგებები, რომლებიც საკრედიტო რისკის მატერიალიზაციის გამო წარმოიქმნება, ევროს ზონის ძირითადი ქვეყნების ვალების მისაღებ დონეს საფრთხეს შეუქმნის. შედეგად, დღის წესრიგში თავად ევროკავშირის არსებობის საკითხი დადგება. გამოდის, რომ ამ ეტაპზე ევროს ზონის ცივილიზებული დაშლა უფრო ხელსაყრელია.

ცხადია, ამ ეტაპზე დაშლას უამრავი პრობლემა მოჰყვება, მაგრამ, სამაგიეროდ, მოხერხდება ევროკავშირის ერთიანი ბაზრის შენარჩუნება. კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ტრილიონების ხარჯვა, ევროს ზონის გაჭირვებით შენარჩუნება და შემდეგ მისი არაორგანიზებული დანგრევა კი მთელი ევროპის სისტემას მოშლის და ერთიან ბაზარსაც გაანადგურებს.

სიმართლე გითხრათ, ძნელი წარმოსადგენია, პოლიტიკოსებს დიდმა ამბიციამ საშუალება მისცეს დროული დაშლის ვარიანტი განიხილონ. გერმანია და ევროპის ცენტრალური ბანკი ხავსს ეჭიდებიან, დროის მოგებას ცდილობენ და იმედი აქვთ, ეკონომიკური ზრდისა და ვალების მისაღები დონის აღდგენას მოახერხებენ. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, სწორი ნაბიჯი იყო თუ არა გარაჟის გადასარჩენად მთელი სახლით გარისკვა.