საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის II კვარტალში 219 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7 პროცენტით აღემატება 2011 წლის II კვარტალის წინასწარ მონაცემებს. თუმცა, ისიც საყურადღებოა, რომ მეორე კვარტალში ინვესტიციების ოდენობა შემცირებულია. ეს კი გარკვეულწილად მომავალი არჩევნების გავლენაცაა.
«საქსტატის» ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის პირველ 6 თვეში 488 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 29 პროცენტით აღემატება 2011 წლის პირველი ნახევრის წინასწარ და 7 პროცენტით ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებს. აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ მეორე კვარტალში ინვესტიციების ოდენობა შემცირებულია. იანვარ-მარტში 50 მლნ დოლარით მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე აპრილ-ივნისში.
უმსხვილესი ინვესტორების ხუთეულში არიან: ნიდერლანდები, აშშ, აზერბაიჯანი, ლუქსემბურგი და გაერთიანებული სამეფო. უმსხვილესთა წილმა 2012 წლის II კვარტალში 85 პროცენტი შეადგინა. ჰოლანდია 37 პროცენტით სიის სათავეშია, მეორეზეა აშშ - 11 პროცენტით, ხოლო მესამეზე - აზერბაიჯანი 10 პროცენტით.
2012 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 75 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34 პროცენტია.
ეს მონაცემები მეტად საამებელი აღმოჩნდა საქართველოს მთავრობის წევრთათვის. «არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეს ისეთი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ბოლო ერთ წელიწადს. იმიტომ, რომ ინვესტორი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს აქცევს ყურადღებას და არჩევნების წინა ერთ თვეს დიდი დატვირთვა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ დავაკვირდებით ინვესტიციების შემოდინებას, ვნახავთ, რომ ზრდა ფიქსირდება.
გარდა ამისა, გვაქვს რეინვესტირებული თანხების მოცულობის ზრდაც, რაც იმის მანიშნებელია, რომ უკვე არსებული ინვესტორები თავს კომფორტულად და მშვიდობიანად გრძნობენ», - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი.
მისი თქმით, გაიზარდა ისეთი ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც საქართველოთი დაინტერესდნენ და ინვესტიცია განახორციელეს. ადრე თუ ინვესტიცია 51-53 ქვეყნიდან ხორციელდებოდა, დღეს ეს რიცხვი 61-ს შეადგენს.
«ასევე აღსანიშნავია ისეთი ქვეყნები, რომლებიც კონსერვატიული ნაბიჯებით გამოირჩევიან და ქვეყნის შესწავლას ძალიან დიდ დროს უთმობენ - მაგალითისათვის იაპონია. იაპონიიდან წლეულს პირველ კვარტალში უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე შარშან მთლიანად.
ინვესტიციის განხორციელება ერთ დღეში არ ხდება და ეს პროცედურულადაც დროს მოიცავს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის არჩევნებზე მიბმული თემა. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საკმაოდ ცხელი საარჩევნო პერიოდი, ინვესტორების მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი არ შემცირებულა», - აღნიშნავს ბოჭორიშვილი.
თუმცა, ექსპერტები ასეთ პათოსს არ იზიარებენ. მათი აზრით, ინვესტიციების შემოდინების ტემპის კლება თვალშისაცემი განსაკუთრებით მესამე და მეოთხე კვარტალში იქნება, მით უფრო თუ არჩევნების შედეგების სამართლიანობა ეჭვქვეშ დადგა. სხვათა შორის, უცხოური კაპიტლადაბანდებების თანდათანობით შემცირება უკვე სახეზეა, რადგან 2012 წლის პირველ კვარტალში 50 მლნ დოლარით მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე - მეორეში. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ წლის დასაწყისი ინვესტორთათვის ყველაზე პასიური პერიოდია, ისინი განსაკუთრებით წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული აქტიურობენ. შესაბამისად, წესით და რიგით, 2012 წლის აპრილ-ივნისში უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, ვიდრე წლის პირველ თვეებში.