ახლახანს დამთავრებული ჩინეთისა და აფრიკის ქვეყნების რიგით მეხუთე კონფერენციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახალხო რესპუბლიკა შავ კონტინენტზე თავის ფინანსურ ექსპანსიას ზრდის. კერძოდ, ჩინეთმა პირობა დადო, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში აფრიკის ქვეყნებს 20 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტებს გამოუყოფს.
ჩინეთი-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმი უკვე 12 წელია არსებობს. ყოველ სამ წელში ჩინეთი იღებს ვალდებულებას აფრიკის ქვეყნებში ინვესტიციების თაობაზე. თანაც, ყოველი ახალი სამწლიანი გეგმის მიღებისას გამოყოფილი თანხა ორმაგდება. კერძოდ, 2006 წელს ჩინეთი აფრიკის ქყეყნებს 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაპირდა და 30-ზე მეტ ქვეყანას კრედიტები ჩამოუწერა. 2009 წელს ჩინური კრედიტის ოდენობა 10 მილიარდ დოლარამდე, წელს კი 20 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ჩინური კრედიტებით აფრიკელები დააფინანსებენ სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამებს და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას. აფრიკის 30 ქვეყანაში უკვე შეთანხმებულია 60-მდე პროექტი, რომელთაგან განსაკუთრებით მსხვილი და მნიშვნელოვანია ეთიოპიაში ცემენტის ქარხნის და განაში ელექტროსადგურის მშენებლობა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩინეთი აფრიკის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. 2011 წელს სახალხო რესპუბლიკასა და აფრიკის ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 2009 წელთან შედარებით 83 პროცენტით გაიზარდა და სარეკორდო ნიშნულს – 166,3 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, ჩინეთი თანდათანობით ზრდის აფრიკიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის და თავისი მრეწველობისათვის საჭირო ნედლეულის გატანას. მაგალითად, აფრიკიდან ჩინეთში ექსპორტის მოცულობა 2011 წელს 93,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. არადა, 10 წლის წინ ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 5,6 მილიარდი დოლარი იყო.
ამ დროისათვის აფრიკის ქვეყნების ეკონომიკებში 45 მილიარდ დოლარამდე ჩინური ფულია ჩადებული. 2011 წლის ბოლოსათვის აფრიკის ქვეყნების ეკონომიკებში ჩინური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 14,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის მაჩვენებელზე 60 პროცენტით მეტია. აქედან თანხის 60 პროცენტი მრეწველობაში, მშენებლობაში და ფინანსურ სექტორში ჩაიდო, 25 პროცენტი კი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში.
სულ აფრიკის 50 ქვეყანაში 2 ათასზე მეტი ჩინური კომპანია მუშაობს. მაგალითად, მალავიაში ბამბის მოპოვება ჩინელებმა ააყვავეს, ეთიოპიაში ფეხსაცმლის ქარხანა მუშაობს, კონგოში ჩინელთა ჰესი და ა.შ.
აფრიკა ჩინეთისათვის კონტრაქტით მშენებლობის სიდიდით მეორე უცხოური ბაზარი გახდა. 2011 წლისათვის საკონტრაქტო სამუშაოების მოცულობამ, რომელიც ჩინელებმა აფრიკაში შეასრულეს, 36,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის მაჩვენებელს 28 პროცენტით აღემატება. გამუდმებით იზრდება ჩინურ-აფრიკული პროექტები ენერგეტიკის, წიაღისეულის მოპოვების, მშენებლობის, წარმოების, ფინანსების, ავიაციის, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროში.
აღსანიშნავია, რომ აფრიკის კონტინენტზე ჩინეთის გავლენა არ შემოიფარგლება ეკონომიკით. მაგალითად, ჩინეთი აფრიკელებს დაეხმარა აფრიკის კავშირის კონფერენც-ცენტრის მშენებლობაში, ჩინელებმა შავ კონტინენტზე ააშენეს 100-ზე მეტი სკოლა, 40 საავადმყოფო, მალარიასთან ბრძოლის 30 ცენტრი და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების 20-ზე მეტი ცენტრი.
გააქტიურებულია ჰუმანიტარული გაცვლები აფრიკასა და ჩინეთს შორის. კერძოდ, ჩინეთმა მოამზადა სხვადასხვა პროფილის 40 ათასამდე აფრიკელი სპეციალისტი და აფრიკის ქვეყნების 20 ათასამდე სტუდენტს სახელმწიფო სტიპენდია დაუნიშნა. აფრიკის 22 ქვეყანაში გაიხსნა კონფუცის უნივერსიტეტი, ხოლო 20 აფრიკულ უნივერსიტეტთან ერთობლივი პროგრამები შეიქმნა.
ჩინეთის ეგზომ სერიოზული მუშაობის გამო აფრიკის ქვეყნებში თანდათანობით სუსტდება ევროპის და აშშ-ს გავლენა, რაც, ცხადია, ევროპელებს და ამერიკელებს გვარიანად აღელვებს. უკვე არაერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ სხვა ათასგვარი ხეირის ნახვის გარდა ჩინეთი ცდილობს გაეროში აფრიკული ქვეყნების ხმები მოიპოვოს. ამერიკელები და ევროპელები ჩინელებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ისინი აფრიკელებს არ ეხმარებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა. საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ჩინური კომპანიები ხშირად აფრიკელთა უფლებას არღვევენ. მათი აღელვება გასაგებია, უკვე აშკარა ხდება, რომ ჩინეთის გავლენით აფრიკული ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ორიენტაცია ნელ-ნელა იცვლება.