ბოლო პერიოდში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოქტომბერში პურზე ფასი მოიმატებს, თავად ამ სფეროს წარმომადგენლები ფასების შესაძლო ზრდას არ ადასტურებენ. თუმცა, ცოტა ხნის წინათ მეხორბლეები და მეპურეები სულ სხვაგვარ განცხადებებს აკეთებენ. არჩევნების გავლენა პურპროდუქტების ბიზნესში, როგორც ყოველთვის, ახლაც მომეტებულად იგრძნობა.
„ხორბალსა და ფქვილზე დღეისთვის არსებული ფასები პურპროდუქტების ღირებულებაზე გავლენას არ მოახდენს“, - ამის შესახებ მეხორბლეთა და პურპროდუქტების ასოციაციები აცხადებენ.
ხორბლის ფასი 20 დღეა არ შეცვლილა და 1 ტონა მარცვლეულის 310-330 დოლარის ფარგლებშია. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას თქმით, ხორბლის ფასი დღეისთვის მაღალია, მაგრამ სტაბილური და ეს პროდუქტებზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. მისი ინფორმაციით, რუსეთი ხორბლის ცუდ მოსავალს ელოდება, თუმცა უკრაინასა და ყაზახეთში პოზიტიური პროგნოზები კეთდება.
მსოფლიო ბაზარზე რუსეთმა, შესაძლოა, ხორბლის ექსპორტი საგრძნობლად შეზღუდოს, მეტიც, ცუდი მოსავლის გამო შეზღუდვები დააწესოს. ამიტომაც ელოდებიან ხორბალზე ფასების კიდევ უფრო ზრდას მთელ მსოფლიოში. შარშანდელთან შედარებით, რუსეთში ხორბლის რესურსი 4,3 მილიონი ტონით არის შემცირებული, მსოფლიოში კი - 9 მლნ ტონით.
ყაზახეთში მოსავალს მართლაც არ უჩივიან და ამბობენ, რომ შეუძლიათ ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებს (ცენტრალური აზია, ამიერკავკასია, ირანი და ავღანეთი) 9 მილიონი ტონა ხორბალი და 2,1 მილიონი ტონა ფქვილი მიაწოდონ, ნაცვლად 6,5-7 მილიონი ტონისა. ამ ქვეყანას მოსავლის პრობლემა არ აქვს და რუსეთთან შედარებით დაბალ ფასადაც შეუძლია გაყიდვა, მაგრამ სათუოა, იმ მეზობლის ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია.
პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელიც ჯერჯერობით იმედიანადაა.
მალხაზ დოლიძის ცნობით, 1 ტომარა ფქვილის ფასი დღეისთვის 38 ლარს შეადგენს და ფასნამატი ერთი თვეა არ მომხდარა. დღეს არსებული ფასი მეწარმეებს საშუალებას აძლევს პროდუქციის თვითღირებულებაში ჩაეტიონ, ამიტომ ფასების მატება მოსალოდნელი არაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის ფასი ბოლო ორ თვეში თითქმის ხუთი ლარით გაძვირდა, ჩვენ პურზე ფასი არ მოგვიმატებია და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ. მაგრამ თუ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარს გადასცდა, მაშინ დავსხდებით, დავითვლით თვითღირებულებას და გადაწყვეტილებას შემდგომ მივიღებთ“, - ამბობს მალხაზ დოლიძე.
ცუდი მოსავლის გამო მსოფლიოში ხორბლის ფასები იზრდება. ამერიკაში ზრდამ 25%-იანი ნახტომი გააკეთა, ფრანგული ხორბალი 15%-ით გაძვირდა, რუსული კი ერთბაშად 30%-ით. ხორბლის გაძვირება ლოგიკურად აისახა ფქვილის ფასზე, რამაც ბევრ ქვეყანაში პური 5-10%-ით გააძვირა, მათ შორის ხორბლის მწარმოებელ ქვეყნებშიც. უცხოელი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუ ხორბალი იმავე ტემპებით განაგრძობს გაძვირებას, პურის ფასი შეიძლება 50%-თაც კი გაიზარდოს.
საქართველო წელიწადში, დაახლოებით, 700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან, ადგილობრივი მოსავლის წილად 100-120 ათასი ტონა მოდის. მაგრამ მე-3 ხარისხის სასურსათო ხორბალი, რომელიც პურის წარმოებაში გამოიყენება, მოწეული მოსავლის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს და ადგილობრივ ფასებზე გავლენას ვერ ახდენს.
ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო აგრარული ფონდები, რომლებიც ყიდულობენ ხორბალს და ექსტრემალურ ვითარებაში წისქვილკომბინატებს ძალიან დაბალ ფასად აწვდიან, რათა, თავის მხრივ, მათაც ასევე დაბალ ფასად მიაწოდონ პურის ქარხნებს და მათ ე.წ. სოციალური პური გამოაცხონ. ბევრ ქვეყანაში მუშაობს ასეთი აგრარული ფონდი და ასე უმსუბუქებენ მოსახლეობას ყოფას“.
ჩვენთან ასეთი რამ არ არსებობს და სავარაუდოდ, არც მომავალში იარსებებს.