ხორბლისა და მარცვლეულის საქმე მსოფლიოში მეტად რთულად არის. ყველა ტიპის მარცვლეული თვალსა და ხელს შუა ძვირდება და კიდევ მეტად გაძვირდება. გაზრდილი ფასები საქართველოშიც მალე ჩამოაღწევს და ქვეყანა პურპროდუქტების გაძვირების საშიშროების წინაშეც დადგება.
ჰოლანდიურმა “რაბობანკმა” ხორბლის მსოფლიო ფასების პროგნოზი 10%-ით გაზარდა. ბანკის ანალიტიკოსების გათვლებით, უახლოესი 12 თვის განმავლობაში ხორბლის ფასი ტონაზე 184-დან 220 დოლარამდე იქნება. მანამდე საპროგნოზო მაჩვენებელი 165-202 დოლარის ფარგლებში იყო.
პროგნოზის შეცვლა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხორბლის წარმოების შემცირებას უკავშირდება. ამასთან ევროპის და ამერიკის ბირჟებზე მარცვლეულის ფასებმა ზრდა უკვე დაიწყო.
ამერიკულ ბირჟებზე კი ფასებმა ზრდა რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული ინფორმაციის ფონზე დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, ჩიკოგოს მარცვლეულის ბირჟაზე 1 ბუშელი (დაახლოებით 25 კგ) ხორბლის ფასი 6,17 დოლარს მიუახლოვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ხორბალი 35-40 პროცენტით გაძვირებულია.
უკეთესობა არც სხვა მარცვლეულის ფასებს ეტყობა. საკმაოდ გაიზარდა სიმინდის საბირჟო ფასიც. 1 ბუშელი სიმინდი თითქმის 4 დოლარი ღირს. გაძვირდა სოიოც.
სამივე ტიპის მარცვლეულის მკვეთრი გაძვირების მიზეზი უამინდობა და მოსავლიანობის შემცირებაა. ყველა ექსპერტი თუ სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ფასების ზრდის ტენდენცია კარგა ხანს შენარჩუნდება.
მსოფლიო ბირჟებზე მიმდინარე პროცესები საქართველოში სწრაფად პოულობს გამოხატულებას, მით უმეტეს, როცა საქმე ხორბალსა და ფქვილს ეხება. ჩვენი ქვეყანა საჭირო ხორბლის 90%-ს უცხოეთიდან ეზიდება. ამიტომ ფასების ცვლილებას მალე უნდა ველოდოთ.
თუმცა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გვაიმედებს, რომ განგაშის საფუძველი არ გვაქვს, რადგან პურსა და პურპროდუქტებზე ფასები მინიმუმ შემოდგომამდე არ შეიცვლება.
ბაკურ კვეზერელის განცხადებით, საქართველოში საგანგაშო სიტუაცია არ არის მოსალოდნელი და პანიკა ამ თვალსაზრისით უსაფუძვლოა. მისი აზრით, ახალი ფასების ფორმირება შემოდგომაზე მოხდება.
“გვალვის გამო მთელ რიგ ქვეყნებს აქვთ პრობლემები შექმნილი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ა.შ. სამწუხაროდ, სახარბიელო მდგომარეობა არც ჩვენ გვაქვს, სტიქიამ ხორბლის მოსავალი საქართველოშიც შეამცირა.
ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მოვლენების შეფასებისგან. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ნამდვილად არ გვექნება საგანგაშო სიტუაცია, მარაგები ჯერჯერობით არის. ნებისმიერ სიტუაციაში ვიქნებით მზად შესაბამისი ზომების მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპზე იმის დაკონკრეტება თუ რას ვაპირებთ და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს, ნაადრევია.
ნებისმიერ სიტუაციაში შედეგებს უნდა დაველოდოთ. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. რაც შეეხება ფასებს, წინასწარ ამის განსაზღვრას მოვერიდები. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ შემოდგომაზე მოხდება ახალი ფასების ფორმირება”, - აცხადებს კვეზერელი.