ეკონომიკური ზრდის ტემპი იმაზე მაღალია, ვიდრე საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები ვარაუდობდნენ. წლის პირველი ნახევარი მიილია და მშპ-ს საშუალო ტემპი ლამის 9%-ს უტოლდება. ეს ნიშნავს, რომ წლის მეორე ნახევარშიც მზარდი დინამიკა შენარჩუნდება, რაც ქვეყანას განვითარების დამატებით შესაძლებლობებს მისცემს.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ მაისის განმავლობაში 14.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სექტორების მიხედვით, მატება დაფიქსირდა ყველა მიმართულებით, გარდა ენერგეტიკის სექტორისა.
„2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამმუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში", - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა წახალისდეს ეკონომიკის ზრდა, რითაც გაუმჯობესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ხოლო ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს საერთაშორისო პოზიციებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სავალუტო ფონდმაც წლიური პროგნოზი გაზარდა 7,2 პროცენტამდე და პირველი ხუთი თვის მაჩვენებელი არის ამაზე მაღალი.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ წელსაც შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და ხედავთ, რომ ზუსტად ასეთი მაჩვენებელი გვაქვს, სავალუტო ფონდმაც წლიური პროგნოზი გაზარდა 7,2 პროცენტამდე და აქამდე პირველი ხუთი თვის მაჩვენებელი არის ამაზე მაღალი. ჩვენი სურვილია, რომ ეს წელი დავხუროთ სავალუტო ფონდის პროგნოზზე მაღალი მაჩვენებლით და ყველაფერი აქეთკენ მიდის. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა, ეს არის მთავარი იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ პოლიტიკური სისტემა და გავიმყაროთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი საერთაშორისო პოზიციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის; განათლების; დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობისა და სხვა სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები - ექსპორტის მოცულობა 15.7 პროცენტით გაიზარდა და 580 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. მისი თქმით, მაისის თვეში ასევე მაღალი აქტივობით ხასიათდებოდა ტურიზმის სექტორი.
„საქართველოს მთავრობა აგრძელებს, ერთი მხრივ, კერძო სექტორის და მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით, მეორე მხრივ, აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ასევე გრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები. აღნიშნულის შედეგად, 2025 წელს საქართველო შეინარჩუნებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს და გლობალურად იქნება ერთ-ერთი ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სტატისტიკოს სოსო არჩვაძის ანალიზით, 2025 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა სტაბილური განვითარების ვექტორს. სწორედ ამიტომ ქვეყნის მშპ 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო წლის პირველ 5 თვეში - 8.8 პროცენტით, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება როგორც რეგიონის, ისე გლობალური ზრდის ტემპს. ინფლაციამ 2025 წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, 3.5 პროცენტი შეადგინა.
არჩვაძის შეფასებით, ეკონომიკის, ფულადი ტრანზაქციების, ექსპორტისა და რეექსპორტის ზრდა, ეროვნული ვალუტის მდგრადობა, დეპოზიტების ორნიშნა მატება, ლარიზაციის ზრდა და ინფლაციის დაბალი ტემპი წარმოაჩენს იმ პრეფერენციებს, რაც საქართველოს ეკონომიკას გლობალური კატაკლიზმების ფონზე პოზიტიურად გამოარჩევს.
„2025 წლის მაისში, ისევე როგორც აპრილში, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთელი მატება (0.4%) უზრუნველყო ექსპორტის მატებამ (15.9%) მაშინ, როდესაც იმპორტი შემცირდა 5.1 პროცენტით. ექსპორტის მატების ტემპი, ფაქტობრივად, 2-ჯერ აღემატებოდა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს, რაც ადასტურებს როგორც საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორის და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის პოტენციალს, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ ექსპანსიას საქონლის გლობალურ ბაზრებზე“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.