შსს: სოფელ ხელთუბანში, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა

შსს: სოფელ ხელთუბანში, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

მიმდინარე წლის 15 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა.

მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე, სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

თავდასხმამდე, სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე, არასრულწლოვანი - 2009 წელს დაბადებული ს.ს. მართავდა. ს.ს.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც ს.ს.-მ და მისმა თანმხლებმა პირებმა სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს.

პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული გ.ს., 2009 წელს დაბადებული ს.ს., 1989 წელს დაბადებული ს.ს., 1961 წელს დაბადებული ვ.ს. და 1989 წელს დაბადებული მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

პოლიციელებზე თავდასხმის თითოეულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი, უმკაცრესი სამართლებრივი რეაგირება.