სამშენებლო ბიზნესი ფინანსურ კრიზისს თავს ვერ აღწევს. ბოლო პერიოდში განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. საქმე ისაა, რომ აქ არ იგულისხმება მხოლოდ დეველოპერული კომპანიები, რთული ვითარებაა სარემონტო ფირმებში და სამშენებლო მასალების ბიზნესში. არადა, წლევანდელი პიკმა უკვე ჩაიარა, ანუ გაისამდე ვითარების გამოსწორების შანსი არ არსებობს.
დეველოპერები ამბობენ, რომ 2011 წლის მიწურული სამშენებლო სექტორისთვის უფრო აქტიური იყო, ვიდრე 2012 წლის პირველი ნახევარი. მიზეზებს შორის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროპის ეკონომიკური კრიზისი სახელდება. მშენებელთა განცხადებით თუ ადრე უძრავ ქონებას ინვესტირების მიზნით ყიდულობდნენ, დღეს პირველი მიზეზი საჭიროებაა.
ბროკერთა შეფასებითაც, 2009-11 წლებთან შედარებით 2012 წელს ბაზარი ოდნავ გამოცოცხლებულია, მაგრამ ეს მაინც არ არის ოპტიმიზმის საფუძველი: „კარკასული ბინები ბაზარზე დეფიციტურია. მოთხოვნა ძირითადად პატარა ბინებზე ფიქსირდება“, - ამბობენ ბროკერები.
უძრავი ქონების შეძენისას ტრანზაქციის განხორციელება ნაღდი ანგარიშსწორებით იშვიათად ხდება: ნაწილი იღებს სესხს ბანკიდან და უძრავ ქონებას ისე ყიდულობს, ნაწილი კი ყიდის კუთვნილ ბინას და საცხოვრებლად უფრო ნაკლებ ფართს ყიდულობს. გაყიდვებიც ძირითადად 40-დან 80 კვადრატულ ბინებზე ფიქსირდება. ბინებს საშუალო ფენა, ძირითადად, საბანკო კრედიტებით ყიდულობს.
სამშენებლო კომპანია „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილის აზრით დეველოპერებისთვის ძირითადი შეფერხება ბანკები თავს იკავებენ სამშენებლო პროექტების დაფინანსებისა და დიდი კრედიტების გაცემისგან.
„მიზეზი, ალბათ, ბანკებს უნდა ჰკითხოთ, ის ვიცი, რომ თითქმის ყველა სამშენებლო კომპანიას თანხების მოზიდვის პრობლემა აქვს. გამოსავალი ზოგადად ეკონომიკის განვითარებასა და გაჯანსაღებაში უნდა იყოს“, - აცხადებდა ამ რამდენიმე ხნის წინათ როსტომაშვილი და ვითარება ზაფხულის მიწურულსაც არ შეცვლილა.
სამშენებლო ბაზრის კრიზისი კი იმ კომპანიებზეც აისახა, რომლებიც მოსაპირკეთებელ და სარემონტო სამუშაოებს ახორციელებენ. კომპანია „სფინქსის“ ხელმძღვანელი თეიმურაზ ღარიბაშვილი ამბობს, რომ შეკვეთები შეუმცირდა: შენობებს ბუნებრივი ქვით, ბაზალტით, გრანიტით და სხვა საშუალებებით ვაპირკეთებთ. 2008 წლის შემდეგ ჩვენი შეკვეთები შემცირდა. ახალი ნიშა სხვა მოთამაშეებმა დაიკავეს“, - ამბობს ღარიბაშვილი.
არანაკლებ რთული ვითარებაა სამშენებლო მასალების ბიზნესში. არმატურა, ბლოკი, ცემენტი, სამშენებლო სილა, ხრეში, ხის მასალა - თითოეულ მათგანზე მოთხოვნა თითქმის თანაბრადაა შემცირებული. მეწარმეთა თქმით, ეს გასაკვირი არცაა, რადგან თუ ვინმე მშენებლობას იწყებს, ის ყველა სახის სამშენებლო მასალას ყიდულობს.
წლეულს, შარშანდელთან შედარებით, გაყიდვების რაოდენობა 20-30 პროცენტითაა შემცირებული ცემენტზეც. რეალიზატორები ამას სამშენებლო ბიზნესის ჩავარდნას და თურქეთიდან იმპორტირებულ შედარებით დაბალფასიან პროდუქტს უკავშირებენ.
პარალელურად საუბრობენ სამშენებლო სილისა და ხრეშიც გაყიდვების რაოდენობის შემცირებაზეც. „თუ ვინმე ცემენტს ყიდულობს, ყიდულობს სამშენებლოს სილასა და ხრეშსაც. ამდენად, მათზე მოთხოვნაც 20-30 პროცენტითაა შემცირებული, როგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელში. ბიზნესი უკან და უკან მიგვდის. სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის შემცირება, ძირითადად, იმითაა გამოწვეული, რომ ქვეყანაში კერძო მშენებლობები შეჩერებულია“, - აღნიშნავს მეწარმე ზაქრო ჯანელიძე.
გაყიდვებს უჩივიან არმატურის რეალიზატორებიც. მათი თქმით, გაყიდვები 30-50 პროცენტითაა დაკლებული. როგორც მეწარმეები აღნიშნავენ, ვითარების გამოსწორება მომავალ წლამდე შეუძლებელია.