კომპანია „ვიმ ბილ დან“–ის ყოფილი მფლობელი დავით იაკობაშვილი თავის ყოველდღიურ ხარჯებს სურსათის მაღაზიებშიც კი თითოეულ კაპიკამდე ითვლის. „არასოდეს არ ვიხდი პროდუქტში ზედმეტ თანხას. ჩემ ცხოვრებაში იყო პერიოდები, როცა საჭმელი არ მქონდა, ამან ყველაფერში ეკონომიის გაკეთება მასწავლა. მაგალითად რამდენიმე თვითმფრინავი მყავდა და გავყიდე, რადგანაც მათ მოვლასა და საწვავზე ჩემს მოტყუებას ცდილობდნენ... არ მიყვარს სულელის როლში ყოფნა,“ - ამბობს ბიზნესმენი.
- მცურავი სასტუმრო, სილამაზის სალონი, აეროპორტის ავტობუსები, ავტომანქანებით ვაჭრობა... 1990–იან წლებში აქტიურად ცდილობდით გზის გაკვლევას?
- მაშინდელი დროის სპეციფიკა ასეთი იყო: ახალ ადამიანებს ვხვდებოდი და მათთან ერთად სხვადასხვა იდეის განხორციელებას ვცდილობდი. მცურავი სასტუმროს გახსნა საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. მდინარეზე გემი ვიქირავეთ და ოთახებს 10 დოლარად ვაქირავებდით. ამას საკმაოდ კარგი შემოსავალი მოჰქონდა. კაპიტანი და მისი გუნდი კმაყოფილები იყვნენ: ცურვა საჭირო არ იყო, ფული კი მოდიოდა. ეს გემი ახლაც დგას მდინარე მოსკოვზე – მხატვრების ცენტრალური სახლის მოპირდაპირე მხარეს.
- მალე მეორე ბიზნესიც წამოიწყეთ. ფული და კონტაქტები საჭირო არ იყო?
- მაშინ ბიუროკრატია ნაკლებ ხარჯებს მოითხოვდა. ამასთან მილიცია შენს საქმეში არ ერეოდა. პროექტები და იდეებიც უხვად იყო. ზოგიერთ შემთხვევაში საწყისი კაპიტალიც კი არ იყო საჭირო. დღეს ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა: ახალი პირობები, შეზღუდვები, ყველამ ყველაფერი ისწავლა და დაჭკვიანდა, ქურდები ლეგალურები გახდნენ, პოლიციის წინააღმდეგაც ვერ წახვალ. ყველა სფერო დაკავებულია და ნებისმიერ ბაზარზე შესვლა ძალიან რთული და ძვირი გახდა.
- საოცარია, რომ ამდენი მრავალფეროვანი იდეის ფონზე, თქვენი საქმიანობა ბოლოს „ვიმ–ბილ–დანი“ გახდა...
- 1993 წელს მე და ჩემს პარტნიორებს კომპანია „ტრინიტიში“ – პაველ დუდნიკოვს და ევგენი იაროსლავსკის ახალგაზრდა ბიზნესმენები სერგეი პლასტინინი და მიხეილ დუბინინი დაგვიკავშირდნენ. ისინი ლიანოზოვსკის რძის კომბინატთან უკვე შეთანხმებულები იყვნენ წვენების გამოსაშვები ხაზის დაქირავებაზე. თუმცა ბევრი პრობლემა იყო, მათ შორის სავაჭრო ქსელში შესვლის ნებართვა. გადავწყიტეთ, რომ პროექტი პერსპექტიული იყო, წარმოება გავაფართოვეთ და რამენსკის რძის კომბინატის ნაწილიც შევისყიდეთ. წვენების გამოშვება დავიწყეთ. მარგინალმა სწრაფად მიაღწია 150%–ს, ბიზნესი ვითარდებოდა. მალე ლიანოზოვსკის კომბინატის ყიდვის იდეა გაჩნდა – თავიდან 20%, შემდეგ კი მთლიანად შევიძინეთ. როცა მთლიანად ჩვენს ხელში გადმოვიდა, წვენებს რძის პროდუქტებიც დავუმატეთ. ამის შემდეგ ტექნოლოგების, რეცეპტებისა და პროდუქტების ექსპერიმენტების ეპოქა დაიწყო.
- „ვიმ–ბილ–დანიში“ ვალდებულებებს როგორ ინაწილებდით?
- არაფერს არ ვინაწილებდით. ყველა იმას აკეთებდა რაც იცოდა. მე კი ენერგიულად ვცდილობდი, ჩვენი საქმიანობა ერთ ადგილას არ გაჩერებულიყო და მუდმივად წინ წასულიყო.
- თქვენი აზრით, PepsiCo ღირსეული მფლობელია?
- მთლიანობაში ვფიქრობ კი. თუმცა ჩვენ გადაწყვეტილებებს მათზე უფრო სწრაფად ვიღებდით. PepsiCo–ში პატარა წვრილმანსაც კი ამერიკაში არსებულ მთავარ ოფისს უთანხმებენ. თუმცა ასეთი ტემპებითაც კი, ჩემი აზრით, „ვიმ–ბილ–დანი“ მალე Nestle-სა და Danone–ის მასშტაბებს მიაღწევს.
- რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ალბათ, დადებითად აფასებთ?
- რა თქმა უნდა. ეს ქვეყანას მსოფლიო ეკონომიკის განვითარების საერთო პროცესებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ყველაფრისგან კედლით გამოყოფა ძალიან მარტივია, მაგრამ ამავე დროს ძალიან ცუდიც. კონკურენციის ზრდის პირობებში, ყველას მოუწევს ისწავლოს ეკონომიურად მუშაობა, ბიუროკრატიის შემცირება და კორუფციასთან ბრძოლა.
- რუსეთის მთავრობა მუდმივად საუბრობს ბიზნესის დეცენტრალიზაციაზე. როგორც ამ ქვეყანაში მოქმედი ერთ–ერთი კომპანიის ყოფილმა მფლობელმა, შეგიძლიათ მისცეთ რჩევა, ბიზნეს გარემო როგორ უნდა გაუმჯობესდეს?
- პირველ რიგში ბიზნესისთვის საჭირო პირობები უნდა შეიქმნას, რათა რუსეთმა ინვესტორები მიიზიდოს. კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ – გადასახადების ზრდაზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან მეწარმეების საქმეში ჩარევა უნდა შეიზღუდოს, სხვადასხვა ადმინისტრაციული ბარიერები უნდა აღმოიფხვრას, ერთი ფანჯრის პრინციპი უნდა შემოიღონ. დასავლეთის კომპანიების შემოსვლით რუსეთი მხოლოდ მოიგებს. ისინი ხომ არაფერს წაიღებენ და ამავე დროს ბაზარზე კარგ კონკურენციას შექმნიან.
- „ვიმ–ბილ–დანის“ დამფუძნებლებს არაერთხელ უწოდებდნენ ერთ დიდ ოჯახს. ბიზნესის გაყიდვის შემდეგ ეს ყველაფერი დაიშალა. რატომ?
- მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ გვაერთიანებდა შიმშილი, სიცივე, იმედი და ერთი იდეა. ხოლო როცა გავძეხით, გავთბით და მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, ყველაფერი დამთავრდა. თუმცა არაფერს ვნანობ. ახლა სხვა ადამიანები მყავს ირგვლივ, თავიანთი იდეებით. ჩემთვის საინტერესოა წინ სვლა და ახალი მიზნების დასახვა.
- რა უნდა გააკეთოს რუსეთში საშუალო დონის მილიონერმა ბიზნესმენმა?
- რაც მოესურვება! შეუძლია ააშენოს ეკლესიები, საბავშვო ბაღები ან განაგრძოს თავისი მილიონების შოვნა. მე უბრალოდ არ შემიძლია შეჩერება: ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ცოტა ხნით თუ შევჩერდები, სამუდამოდ წავალ. ეს კი არ მინდა, ბიზნესის კეთება მიყვარს. ასეთი მხოლოდ მე არ ვარ. მაგალითად ოლეგ ტაბაკოვი თავის საქმიანობას კვლავ წარმატებულად განაგრძობს. თუნდაც შიმონ პერესი გავიხსენოთ: თითქმის 90 წელია ქვეყნის პრეზიდენტია! ასე რომ მთავარია მიღწეულზე არ შეჩერდე.
- დღეს თქვენ ვენჩერული ინვესტორი ხართ. რა არის საჭირო რომ პროექტი დააფინანსოთ?
- ყოველდღე ახალ იდეებს მაწვდიან, მაგრამ ბევრი არ მომწონს. შეფასების კრიტერიუმი კი მხოლოდ პროექტების პერსპექტიულობაა: ჩემთვის ნათელი უნდა იყოს, როდის და როგორ გამოვალ პროექტიდან და რა სარგებელს ვნახავ.
- თუ თქვენ ვერ დაგიყოლიეს, ახალგაზრდა და ნიჭიერმა ახალგაზრდებმა თანხები სად უნდა მოიზიდონ?
- ძალიან კარგი იდეისა და გეგმის არსებობის შემთხვევაშიც კი, ფულისა და მფარველის გარეშე ბიზნესის სამყაროში ვერაფერს გახდები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ადამიანამდე მიღწევა. ამის გარეშე დღეს ვერაფერს გახდები. თუმცა მწამს რომ ჭეშმარიტად ნიჭიერი ადამიანები აუცილებლად იპოვიან თავიანთ ინვესტორებს.
რომანტიკოსი და ავანტურისტი
- ცრუმორწმუნე ადამიანი ბრძანდებით?
- საერთოდ, ცხოვრებაში ბევრი ჩვევა მაქვს. ბიზნესში კი პირიქით, ვცდილობ ცრურწმენებს არ ავყვე და მათთან ვიბრძოლო.
- ამბობენ, რომ წარმატებული ბიზნესმენი ადამიანური არასოდეს არ არის. თქვენ ეთანხმებით?
- ძნელია რამის თქმა. მე მიჩვეული ვარ ადამიანების ნდობას. თუმცა ზოგჯერ ამის გამო ვზარალდები.
- ბიზნესში მეგობრები არსებობენ?
- ამ ორ სფეროს ერთმანეთს არ დავუკავშირებდი. შეიძლება გყავდეს მეგობრები, რომლებიც დროთა განმავლობაში შენი ბიზნეს–პარტნიორები ხდებიან, ბოლოს კი შეიძლება მტრებადაც კი გადაიქცნენ.
- რაში მდგომარეობს რუსეთსა და დასავლეთში ბიზნესის მართვის სპეციფიკა?
- არაფერში. ხელისუფლებასთან სიახლოვეს ყველგან გარკვეული დივიდენდები მოაქვს. როგორც მთელ მსოფლიოში აქაც იყენებენ გარკვეულ რესურსებს, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიონ. დასავლეთში ეს ფარული ფორმით ხდება, რუსეთში კი ყველაფერი საჯაროდაა გამოტანილი.
- 1990 წლების რომანტიზმი არ გენატრებათ?
- რატომ უნდა მენატრებოდეს? მე ახლაც რომანტიკული ადამიანი ვარ. ამასთან ავანტიურისტიც.
მუსიკალური ჰობი
- ანტიკვარიატისა და მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმის გახსნის იდეა როგორ გაჩნდა?
- თავიდანვე მქონდა მუზეუმის შექმნის სურვილი, სადაც ექსკურსიების ორგანიზება იქნებოდა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ შევიძინე ჩემი პირველი კოლექცია ერთი შვედი კაცისგან.
- მუზეუმის შექმნა ადვილად არ გამოგივიდათ...
- მასთან ერთად რა არ გადავიტანე! მშენებლობის ნებართვისთვის 10 წელი დამჭირდა, ახლახანს მომცეს და ისიც შემთხვევით. თითქოს თავიდან არავინ იყო წინააღმდეგი; ყველას მოსწონდა ეს იდეა. ლუჟკოვი ამბობდა: „სწრაფად შეუდექით საქმიანობას.“ ჯერ ხელმოწერები დაძველდა და მათი განახლება გახდა საჭირო. ამასობაში ახალი წინააღმდეგობები წარმოიშვა. მუზეუმის ქვეშ განლაგებული შენობა არქიტექტურის ძეგლი აღმოჩნდა – ამბობდნენ, რომ ადრე აქ სამწვადე რესტორანი ყოფილა, სადაც თავად ვისოცკიც კი დადიოდა. მადლობა ღმერთს, გაირკვა, რომ ეს ადგილი ვისოცკის სიკვდილის შემდეგ იყო აშენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ კიდევ არ მექნებოდა ნებართვა.
commersant.ge