გასულ კვირაში კალიფორნიულმა სასამართლომ Samsung დამნაშავედ სცნო Apple-ის პატენტების დარღვევაში, iPhone-ის მწარმოებლის პრეტენზიების ლომის წილი დააკმაყოფილდა და კორეულ კომპანიას 1,049 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. თანაც სასამართლომ Samsung-ის საპირისპირო სარჩელი მისი პატენტების დარღვევასთან დაკავშირებით საერთოდ არ დააკმაყოფილა.
კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეს სასამართლოს Apple-მა სარჩელით იმ პატენტების დარღვევის თაობაზე მიმართა, რომლებიც Samsung-ის სხვადასხვა ნაწარმში აღმოაჩინა. სხვა მრავალთა შორის კორეული კომპანია დადანაშაულებულ იქნა ნაწარმის ინტერფეისში კვადრატული მაჩვენებლების დამრგვალებაში, ეკრანზე თითის დადებით დოკუმენტების გაზრდაში, ერთი და რამდენიმე თითით შეხებას შორის განსხვავებაში და ა.შ. სულ Apple 2,5 მილიარდს ითხოვდა.
თავის მხრივ Samsung კონკურენტს ბრალს დებდა სმარტფონების რესურსების და ბატარეის მართვაში, მონაცემთა გადაცემის გაუმჯობესებაში, ფოტოგალერეის და აუდიოფლეერის მართვაში. კორეელები 399 მილიონ დოლარს ითხოვდნენ.
ამერიკულისაგან განსხვავებით, სამხრეთ კორეაში თითქმის პარალელურად გამართულმა სასამართლომ ორივე კომპანია დამნაშავედ სცნო და ორივეს მცირე ჯარიმა დააკისრა. ამასთან, Apple-ს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე iPhone 3GS-ის, iPhone 4-ის, iPad-ის და iPad II-ის გაყიდვა აუკრძალა, Samsung-ს კი Galaxy S II-ის.
ცხადია, Samsung-ს შეუძლია კალიფორნიული სასამართლოს დადგენილება გაასაჩივროს, მაგრამ, შესაძლოა, სხვა ინსტანციის სასამართლომ კიდევ უფრო მკაცრი ვერდიქტი გამოიტანოს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ Samsung გახლავთ Apple-ისათვის მაკომპლექტებლების მთავარი მიმწოდებელი, რის გარეშეც iPhone 4-ის და iPad-ის გამოშვება შეუძლებელია.
ანალიტიკოსებმა კალიფორნიული სასამართლოს დადგენილებას ისტორიული უწოდეს, რადგან იგი ელექტრონიკის მსოფლიო ბაზრის განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს. იგი სხვადასხვა მწარმოებელს იძულებულს გახდის დიდი ყურადღება გამოიჩინოს უმცირესი დეტალების მიმართაც კი და ახალი ტექნოლოგიების შექმნას და დანერგვას სტიმულს მისცემს.
გარდა ამისა, ეს გამარჯვება უსადენო ხელსაწყოების ბაზარზე Apple-ის ლიდერობას კიდევ უფრო განამტკიცებს. სხვა მწარმოებლებს, მათ შორის Google-ს, იძულებულს გახდის თავის წარმოებას, გეგმებს და სტრატეგიას გადახედოს.
ცხადია, სასამართლოს გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა საფონდო ბირჟაზე. კერძოდ, Samsung-ის აქციების ფასმა 7,7 პროცენტით მოიკლო, რაც 2008 წლის შემდეგ ამ კომპანიის აქციების ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი კლებაა. მთლიანობაში Samsung-ის კაპიტალიზაცია 12 მილიარდი დოლარით შემცირდა. თავის მხრივ, Apple-ის აქციებმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა, კერძოდ, 2,1 პროცენტით მოიმატა და 677,44 დოლარს მიაღწია.
Apple-ის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა და სარჩელს პრინციპის საქმე უწოდა და არა მარტო პატენტების და ფულის. თანაც, აღინიშნა, რომ Apple მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. კომპანიამ უკვე მოითხოვა აშშ-ს ბაზარზე Samsung-ის რვა მოდელის გაყიდვების აკრძალვა.
თავის მხრივ, Samsung-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წინ სააპელაციო და სხვა ქვეყნებში გასამართი სასამართლოებია, რომლებზეც ამერიკული ვერდიქტი გავლენას ვერ მოახდენს. მათი თქმით, კალიფორნიული სასამართლოს განაჩენი Apple-ის გამარჯვება კი არა, ამერიკელი მომხმარებლისათვის დიდი დანაკარგია, რადგან იგი არჩევანის თავისუფლებას და კონკურენციას ზღუდავს.
როგორც ხედავთ, მოვლენები შეიძლება ძალიან საინტერესოდ განვითარდეს. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, ჯარიმებზე და კომპანიათა დანაკარგებზე გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, როგორ განვითარდება მოვლენები ელექტრონიკის მსოფლიო ბაზარზე.