მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი კომპანიის, ”გელაპის” გამოკვლევაში, რომელშიცმსოფლიოს 150 ქვეყანას შორის საქართველოც მონაწილეობდა, კითხვაზე, ხართ თუ არა კმაყოფილი თქვენს ქალაქში და მის შემოგარენში არსებული გზების მდგომარეობით, საქართველოში გამოკითხულთა 69 %-მა დადებითად უპასუხა. კმაყოფილების პროცენტული მაჩვენებლით საქართველო ისეთ ევროპულ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა დანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის კი ამ მონაცემით საქართველო ლიდერის პოზიციაშია.
რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები საქართველოში არსებული გზების მდგომარეობის შესახებ?ექსპერტთა უმეტესობა საქართველოში გზების მშენებლობის ხარისხის შესახებ ღიად საუბარს თავს არიდებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მძღოლი, გზა, სამართალის” პრეზიდენტის რობერტ იანტბელიძის თქმით, ძნელია არ შეამჩნიო ის პროგრესი, რაც გზების მშენებლობის კუთხით მიღწეულია, მაგრამ არც იმ ხარვეზებზე შეიძლება თვალი დახუჭო, რომელიც საქართველოში გზების მშენებლობას თან სდევს. პირველ რიგში, ის დაგებული გზების ხარისხზე საუბრობს:
”უხარისხობაში ვგულისხმობ გზის საფარის სისქეს, რამდენ სანტიმეტრზეა დასხმული მინარევები. ამ ყველაფერს დრო და ბუნებრივი პირობები წარმოაჩენს, როცა ხშირად, მოყინვის შემდეგ, გზა ხელახლა დასაგები ხდება.”
იანტბელიძე გმირთა მოედანზე მიმდინარე მაგისტრალის მშენებლობას ეხმაურება, რომელიც 2009 წელს დაიგეგმა მოძრაობის განმუხტვის მიზნით. პროექტირებაზე 2009 წლის 8 მაისს გამოცხადებულ ტენდერში, გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით, გაიმარჯვა შპს "საქგზამეცნიერებამ", მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში კი - შპს "კავკასუს როუდ პროჯექტმა". მშენებლობის პირველი ეტაპი, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზა, რამდენიმე თვეში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიხსნა, თუმცა, ასევე რამდენიმე თვეში, თამარაშვილიდან გმირთა მოედნისკენ მიმავალი მაგისტრალი ხშირად წარმოქმნილი ხერგილის ფონზე ჩაიკეტა. პროექტი ბიუჯეტის 80 მილიონი ლარი დაჯდა. 2011 წელს გმირთა მოედანზე მაგისტრალის მეორე ეტაპის მშენებლობა დაიწყო, რომლის დასრულებაც შემოდგომისთვის იგეგმება. რობერტ იანტბელიძე ამბობს, რომ ე.წ. გმირთა მოედნის მაგისტრალის იდეა კრიტიკას ვერ უძლებს:
”გმირთა მოედანზე თუ მოვხვდებით, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელმაც ვერ გაამართლა. რომ ვერ გაამართლა, სწორედ ამიტომ დაიწყეს ახლა პანდუსების დამატება. თბილისში გზების მშენებლობის ორგანიზება და გზების გათვლა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.”
”გმირთა მოედნის პროექტი, ეს არის არაპროფესიონალური გადაწყვეტილების ნიმუში”, - ამბობენ დარგის სხვა სპეციალისტებიც. მათი მტკიცებით, გმირთა მოედნის პროექტირებისას არ ჩატარებულა იდეების კონკურსი და ის მხოლოდ რამდენიმე ჩინოვნიკის გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცდა. მათი თქმით, მაგისტრალის მშენებლობისას არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, თუ რა გავლენას მოახდენდა ერთი კვანძის გახსნა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კვანძებზე. ასევე არ იქნა გათვალისწინებული თავად ესტაკადების სიგანე, რომელიც მხოლოდ ერთ მანქანას იტევს და მანქანის დაზიანების შემთხვევაში მოძრაობის პარალიზება ხდება.
ერთ-ერთ უმთავრეს ხარვეზად დარგის სპეციალისტები იმ უცხოური კომპანიების შემოსვლას ასახელებენ, რომლებიც გზების დაპროექტებასა და მშენებლობაში მთავარ როლს ასრულებენ, ადვილად აფორმებენ კონტრაქტებს ხელისუფლებასთან, თუმცა რეალურად ნაკლები პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ასეთ ფირმებად ისინი გერმანულ-ქართულ კომპანია ”კოქსს”, ასევე ესპანურ ფირმა ”ინოქსას” ასახელებენ.
ნაჩქარევად, მდარე ხარისხითა და გაუაზრებლად ჩატარებული სამუშაოს ნიმუშად ასახელებენ დარგის სპეციალისტები გომბორის ტრასის ვაზიანი-გომბორი-თელავის საუღელტეხილო მონაკვეთს. მათი მტკიცებით, უღელტეხილზე, რომელიც მეწყერსაშიშ ზონას წარმოადგენს, შეუძლებელია თანამედროვე საავტომობილო გზის აშენება. ექსპერტების თქმით, იქ მხოლოდ ე.წ. თეთრი გზა უნდა შენარჩუნებულიყო, რათა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლებში გადაადგილების საშუალება ჰქონოდა.
რადიო „თავისუფლება“ ოთხი დღის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დაკავშირებას, მაგრამ ამ დროის განმავლობაში სტრუქტურაში ერთი თანამშრომელიც კი ვერ გამოიძებნა, რომელიც დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს გზების მშენებლობის ხარვეზებთან დაკავშირებით საკუთარ არგუმენტებს დაუპირისპირებდა.