„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. ისინი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ წარადგინა. როგორც დავით ბაქრაძემ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, გუნდი დაკომპლექტებულია წარმატებული და კომპეტენტური ადამიანებით, ვისაც კარგად ესმის თბილისელების პრობლემა, ვისაც უყვარს თბილისი, ვინც თავს მიიჩნევს თბილისელად, ამაყობს ამით და მზადაა ყველაფერი გააკეთოს ქალაქის წარმატებისთვის.
„ვფიქრობ, ასეთი ადამიანებით დაკომპლეტქებული გუნდი პარტიული მხარდაჭერის პირობებში შეძლებს, რომ თითოეულმა ოჯახმა მიიღოს მეტი სარგებელი. თბილისი ერთი მხრივ, არის ერთიანი ორგანიზმი და ქალაქი, რომლის განვითარებაც უნდა ხდებოდეს ერთიანი და გააზრებული მოქმედებით, ხოლო მეორე მხრივ, თბილისი შედგება კონკრეტული უბნებისგან, რომლებსაც თავისი სპეციფიკა და პრობლემები აქვს და სჭირდებათ კონკრეტული მოქმედება მეტი სარგებლის მოსატანად და პრობლემების გადასაჭრელად. დღეს ამ ადამიანებს წარვადგენთ როგორც ერთიან გუნდს, რომელმაც უნდა იზრუნოს თბილისის, როგორც ერთიანი ქალაქის შემდგომ განვითარებაზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ „ნაციონალების“ მაჟორიტარები „ოცნების“ მაჟორიტარების კონკურენტები ვერ გახდებიან. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
„მათ სიაში ბევრი ცნობილი გვარია. თუკი ფიქრობენ, რომ მათ რამე სასარგებლო აქვთ გაკეთებული ქალაქისთვის და იმსახურებენ მაჟორიტარობას, ეს მათი გადასაწყვეტია. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებს კონკურეტები არ ჰყავთ, არც თბილისში და არც რეგიონალურ ოლქებში“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ამდენად, ასეთი სურათი მივიღეთ - ვაკის საარჩევნო ოლქში ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს იყრის გიორგი კარბელაშვილი, მთაწმინდზე – არჩილ გეგენავა, კრწანისში – დავით საყვარელიძე, გლდანში – ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ნაძალადევში – მერაბ სამადაშვილი, ჩუღურეთში – ანდრო ალავიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, სამგორში - მიხეილ მაჭავარიანი, საბურთალოზე – ანდრია ურუშაძე და დიდუბეში - გიორგი ჩაჩანიძე.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობასაც. კოალიციის კანდიდატი ვაკეში იქნება შალვა შავგულიძე, ნაძალადევში - თეა წულუკიანი, სამგორში -ზურაბ აბაშიძე, ჩუღურეთში - ვიქტორ დოლიძე, საბურთალოზე – დათო უსუფაშვილი, კრწანისში – შოთა ხაბარელი, ისანში – ალექსანდრე ქანთარია, მთაწმინდაზე – ზაზა პაპუაშვილი, დიდუბეში – ვახტანგ ხმალაძე, გლდანში – სოსო ჯაჭვლიანი.
ამასთანავე, დღესვე საქართველოს მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ენერგეტიკის მინისტრად პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ალექსანდრე ხეთაგური ჩაანაცვლა. ხეთაგური ფინანსთა მინისტრად გადაიყვანეს, ხოლო რას უპირებენ აწ უკვე ყოფილ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს, ჯერ გაურკვეველია. მის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ოზურგეთში გასვლით მთავრობის სხდომაზე (სადაც მინისტრების ახალი კანდიდატურები დაასახელა) განაცხადა, რომ გვინდაძეს ხელისუფლება ძალიან საინტერესო თანამდებობას უმზადებს, რომლის შესახებაც ორ დღეში გახდება ცნობილი.
სამთავრობო ცვლილებებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების შანსებზე for.ge-ს საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, კახი კახიშვილი ესაუბრება.
კახი კახიშვილი: „ზოგადად თბილისი ოპოზიციურიად განწყობილია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაჟორიტარული არჩევნებისთვის მხოლოდ ოპოზიციური განწყობა საკმარისია, რადგან მაჟორიტარული არჩევნებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიას და ტაქტიკას. ყველა არჩევნებისთვის ყველაზე რთული არის მაჟორიტარობა, როდესაც თვითონ კანდიდატი აწარმოებს თავის საარჩევნო კამპანიას. აქ არის 30%-იანი ბარიერი და სხვადასხვა ტექნოლოგიებით შესაძლებელია ისეთი კანდიდატის გაყვანა, რომელიც არ არის მთლიანი საარჩევნო ოლქის რჩეული, მაგრამ ეს პროცენტი საკმარისია იმისთვის, რომ კონკრეტული კანდიდატი გახდეს მაჟორიტარი დეპუტატი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი კანდიდატების გაყვანის შანსები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ოპოზიციურად არის განწყობილი.
ახლა განვმარტავ, რატომ ვფიქრობ ასე. პირველ რიგში, ფაქტია, რომ არჩევნებში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არ გაუწევენ ერთმანეთს ოპონირებას. მიუხედავად იმისა, „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო დაპირებები, რომ დეპუტატების კანდიდატებზე შეთანხმება იმ პარტიებთან მაინც მოხდება, რომლებიც ვერ მოხვდნენ კოალიციაში, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის საბოლოო მიზნები ერთიანი აქვთ, ფაქტია, რომ ასეთი შეთანხმება ვერ მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკურირებას არა მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“, არამედ სხვადასხვა პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარებიც გაუწევენ. ამავდროულად, კანონმა ასევე დამოუკიდებელი მაჟორიტარის ცნება დაუშვა და ჩვენ ვნახეთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტად რამდენი პარტია დარეგისტრირდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შეიქმნება დაახლოებით ისეთი სურათი, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი კანდიდატი ეყოლება, მაგრამ თითო საარჩევნო ოლქში ოპოზიციური კანდიდატების მრავალფეროვნება იქნება.
შეიძლება დაისვას კითხვა - არჩევნების მოგების რამდენად დიდი შანსი აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს? რა თქმა უნდა, არჩევნების მოგების შანსები ნაკლებად აქვთ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის ორი ძირითადი კონკურენტია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არის მოტივირებული. ასევე ფაქტია, რომ საზოგადოება „ნაცმოძრაობის“ და ოპოზიციის მხარდამჭერებზე არის პოლარიზებული. სიტუაცია ასეთია - ნაცმოძრაობის ამომრჩეველი თავის გადაწყვეტილებაში არის მყარი, რადგან მას მხარს უმაგრებს ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაახლოებით 30-35%-ია, მაგრამ ძლიერ ხელისუფლებას ასეთი რესურსი უფრო მეტი აქვს. ყველამ ვიცით, რომ ოპოზიციური ნაწილი უფრო დიდია, მაგრამ თუ ოპოზიციონერი მაჟორიტარების მიერ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხმების გახლეჩვა დაიწყება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამომრჩეველს საარჩევნო უბაზე ორგანიზებულად მიიყვანს, ვნახავთ, რომ ამ სისტემით, რომელიც თავიდან ბოლომდე მმართველ პარტიაზეა მორგებული, ნაცმოძრაობას თავისი კანდიდატების გაყვანის შანსები დიდი აქვს, მით უმეტეს, ისეთ საარჩევნო გარემოში, რომელიც ახლა გვაქვს და 30%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
შეიძლება დაისვას კითხვა - ის ოპოზიციური პარტიები ხომ ბევრ ხმას ვერ აიღებენ? რასაც აიღებენ, ეს იქნება 10, თუ 20 ხმა, ეს ხმები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დააკლდება, რადგან დღევანდელ ვითარებაში ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველი წაართვან, რადგან მისი ამომრჩეველი იმდენად მყარია, რომ მისი წართმევა შესაძლებელი იყო მხოლოდ დიდი ერთობით, როდესაც ნაცმოძრაობის მხარდამჭერებში ჩნდება განცდა, რომ შესაძლოა ამ პარტიამ არჩევნები წააგოს და უკვე იწყება ორსკამიანობა და სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებში კონტაქტების მოძებნა.
ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე ამ პროცესმა არ მიიღო მასიური სახე, ხოლო ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი სხვადასხვა საკითხებით არის მოტივირებული. ამდენად, უნდა ველოდოთ იმას, რომ ერთსა და იმავე საუბნო ოლქში ძალიან ბევრი პარტია საკუთარ მაჟორიტარს დაარეგისტრირებს და რეალურად ამომრჩეველი დაიბნევა. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე იქნება ორი ბიულეტენი, ერთი - პროპორციული, ხოლო მეორე - მაჟორიტარული. როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი საუბნო საარჩევნო კომისიაში მივა, პროპორციულ ბიულეტენში „ქართული ოცნების“ ნომერს შემოხაზავს, მაგრამ მაჟორიტარულ ბიულეტენში შეიძლება იმდენად ნაცნობი გვარები შეხვდეს, რომ პროპორციულში „ქართული ოცნებისადმი“ მხარდაჭერის მიუხედავად, შესაძლოა მაჟორიტარულში სხვა კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ეს არ არის გამორიცხული და პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, ეს თეორია არ დაუშვან.
გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მაჟორიტარების შერჩევისას სტრატეგიაშიც შეცდომა იყო, რადგან უმჯობესი იქნებოდა მაჟორიტარები იმავე საარჩევნო ოლქის მაცხოვრებლები ყოფილიყვნენ, სადაც კენჭს იყრიან. ეს კარგად მუშაობს ამომრჩეველზე, რადგან ამომრჩეველს უჩნდება კითხვები - რა იყო, ჩვენს ოლქში სათანადო კანდიდატი არ იყო, რომელიც პარლამენტში ჩვენი წარმომადგენელი იქნებოდა? რა იყო, ჩვენთან არ არსებობს კარგი სახე? ამასთანავე, არჩევნების პირველ ოქტომბერს დანიშვნით ხელისუფლებამ ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო დრო წაართვა, რადგან დასვენების ან სხვადასხვა მიზეზების გამო ყველა ძირითადად შიდა მიგრაციაშია. ამ ფონზე, იმ კანდიდატებს, რომლებიც არ ცხოვრობენ იმ საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს იყრიან, აღარ აქვთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია სრულყოფილად აწარმოონ. დააკვირდით, როგორი კანდიდატები დაუპირისპირა ოპოზიციას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - იმ საარჩევნო ოლქის მაცხოვრებლები, ძირითადად ისეთი სახეები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და თან ისეთი საკითხებით იყვნენ დაკავებულები, რომლებიც მოსახლეობასთან კონფლიქტში კი არ შედიოდნენ, არამედ პირიქით, მათი სახელები რაღაც ტიპის დახმარებებთან იყო ასოცირებული. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ოპოზიციურად არის განწყობილი, ხმების გახლეჩვის მომენტს ამ მეორე ასპექტსაც თუ დავუმატებთ, ცხადი ხდება, რომ შესაძლებელია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარები გაიყვანოს.
_ ბატონო კახი, დღეს ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო კაბინეტში ცვლილებაა, ჩვენ ორი ახალი მინისტრი გვყავს. როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილებებიც არჩევნებს უკავშირდება?
_ ხეთაგურიც და ბალავაძეც ვანო მერაბიშვილის კადრები არიან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დიმიტრი გვინდაძე ბოლომდე მერაბიშვილის პირადი გუნდიდან არ არის. შესაძლებელია, ბალავაძეს არ ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება საიმისოდ, რომ ფინანსთა მინისტრი ყოფილიყო, მაგრამ როგორც ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრს, რომელიც ვერ მოხვდება საარჩევნო სიაში და, ამავდროულად არც მაჟორიტარად იყო სადმე წარდგენილი, რაიმე საკვანძო თანამდებობა უნდა ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა, ენერგეტიკის სამინისტრო თავისი წარმომადგენლით გააძლიეროს, ავადროულად ხეთაგური, რომელიც ასევე მისი წარმომადგენელია, ფინანსთა მინისტრად დანიშნა, რადგან წლების განმავლობაში მან მერაბიშვილს უჩვენა, რომ მის გარეშე გადაწყვეტილებებს არ ღებულობს.
ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ ენერგეტიკის სფეროს ზოგადი ნაციონალიზაცია განხორციელდა, ანუ ვახო ბალავაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. ამავდროულად, თელასში არსოშვილი მოგვევლინა, რომელიც შიდა რეფორმებს ატარებს იმისთვის, რომ ფაქტობრივად ყველა ის ადამიანი, რომელიც ოჯახებში შედის, ძირითადად ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყოს, ანუ თელასის ამ კატეგორიის თანამშრომლები ძირითადად ნაცმოძრაობის აქტივისტებით კოპლექტდება. ამდენად, აქაც გარკვეულწილად, თავისი პოლიტიკა აქვთ.
_ ამდენად, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის მიერ საკითხისადმი კომპლექსურ მიდგომას უკავშირდება?
_ დიახ, რადგან ვანო მერაბიშვილმა მთელს საარჩევნო კამპანიაზე აიღო პასუხისმგებლობა და შესაბამისად, არჩევნების შედეგებზე, ახლა ცდილობს, გარშემო ერთგული კადრები ჰყავდეს, რომლებიც არ დაიწყებენ მისი გადაწყვეტილების სხვაგან შეთანხმებას და ამავდროულად წლების განმავლობაში მერაბიშვილს თავი უჩვენეს, როგორც ერთგულმა კადრებმა. ჩვენ ვიცით, რომ ბიუჯეტი ძირითადად საარჩევნო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ამიტომ ფინანსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე საკითხი არის ენერგეტიკა, რადგან ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას (ვიცით, რომ თელასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს). ამდენად, ეს ყველაფერი კომპლექსურად შეგვიძლია განვიხილოთ. საბოლოოდ თანამდებობების შეთავაზება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით გარკვეული დამსახურება ჰქონდათ, მაგრამ ვერც საპარლამენტო სიაში მოხვდნენ და არც მაჟორიტარებად არიან წარდგენილები, ამ ყველაფრის გაფანტვა რომ არ მოხდეს, ამ საკითხს ასე ერთიანი მობილიზაციით უყურებენ.“