როგორ განვითარდება აფხაზეთში მოვლენები და ვინ არის ის ძალა, რომელმაც ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომა და აფხაზეთის დატოვება აიძულა? რას უნდა ელოდოს საქართველოს ხელისუფლება ამ სიტუაციიდან და როგორ უნდა მოიქცეს ოფიციალური თბილისი?
ამ დროისთვის აფხაზეთში სიტუაცია მშვიდია, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა უმძიმეს პირობებში იმყოფება. გაზის და დენის დეფიციტის ფონზე, მათ კრემლიდან უმწვავესი პასუხი ელით. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ამ ეტაპზე კრემლმა პოზიციები დათმო, მაგრამ ის თავის დროს დაელოდება და ამღვრეულ წყალში უფრო მეტი თევზის დაჭერას შეეცდება.
„ასლან ბჟანიამ, რომელმაც ხელი მოაწერა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დატოვა“, - ამის შესახებ წერს „აფხაზური პორტალი“, თუმცა ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე ბჟანიამ განაცხადა, რომ გადადგომის შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებდა ვადამდელ „საპრეზიდენტო არჩევნებში“. თუმცა იგივე აზრზეა თუ არა ახლა, უცნობია.
სიტუაცია აფხაზეთში მას შემდეგ გამწვავდა, რაც აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერები ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ამის შემდეგ სოხუმში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ბჟანია იძულებული გახდა ეს ლიდერები მალევე გაეთავისუფლებინა. საბოლოო ჯამში, საპროტესტო აქციები ე.წ. პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, ასლან ბჟანიასა და ალექსანდრ ანქვაბის გადადგომით დასრულდა. დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები 2025 წლის 19 თებერვლამდე გაიმართება. ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ე.წ. პარლამენტმა (სახალხო კრებამ) კენჭისყრის თარიღი უნდა გამოაცხადოს პრეზიდენტის გადადგომიდან არაუგვიანეს 15 დღისა, ხოლო თავად არჩევნები უნდა გაიმართოს უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან სამი თვის განმავლობაში. რომ არა გადადგომა, ასლან ბჟანიას ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის გამო, არჩევნები 2025 წლის 23 იანვრიდან 23 მარტამდე პერიოდში დაინიშნებოდა.
ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის რიგით მესამე პრეზიდენტია, რომელმაც თანამდებობა საპროტესტო გამოსვლების გამო ვადაზე ადრე დატოვა.
ასლან ბჟანიას მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში ოპოზიცია რეგულარულად აწყობდა საპროტესტო აქციებს, თუმცა კულმინაციად იქცა 2024 წლის 15 ნოემბერს შეკრება სოხუმის ცენტრში, ე.წ. სამთავრობო კვარტალში.
15 ნოემბერს სოხუმში გაიმართა მასობრივი აქცია რუსეთ-აფხაზეთის „საინვესტიციო შეთანხმების“ წინააღმდეგ. ეს შეთანხმება უპრეცედენტო შეღავათებს უწესებს მსხვილ რუს ინვესტორებს (კერძოდ, რუსი ბიზნესი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო, მოგებისა და ქონების გადასახადისგან). განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია შეთანხმების იმ ნაწილმა, რომლითაც აფხაზური მხარე ინვესტორებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემისა და საკუთრების უფლების დაცვის გარანტიას იძლევა. აფხაზეთში მიწის გაყიდვა აკრძალულია, ისევე როგორც აკრძალულია უძრავი ქონების მიყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მცხოვრებლები შიშობენ, რომ მსხვილმა რუსულმა ბიზნესმა შეიძლება შეისყიდოს მიწა და უძრავი ქონება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს „მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეების აფხაზეთში ჩასახლებას და დემოგრაფიული ბალანსის მნიშვნელოვნად შეცვლას“.
გარკვეულ მომენტში ბჟანიას ხელისუფლებამ უკან დახევა სცადა, გადაწყვიტა გადაედო დე ფაქტო პარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიცირება, მაგრამ, როგორც ანალიტიკოსების შენიშნავენ, ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო. შეთანხმების მოწინააღმდეგეთა პროტესტი გაფართოვდა და ბჟანიას გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა.
ახლა კი ყველა მოვლენების განვითარების და მოსკოვის პასუხის მოლოდინშია, რა უნდა ქნას თბილისმა?
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ის რა ძალებიც ახლა ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებას აკონტროლებს, „ვეტერანთა“ გაერთიანებაა, რომელშიც საკმაოდ გავლენიანი ფიგურები არიან და აფხაზებში ავტორიტეტით სარგებლობენ. თუმცა კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ერთი მხრივ, ჩანს, რომ რუსეთი ამაში არ მონაწილეობს, მაგრამ არავინ იცის საბოლოო ჯამში ამ პროცესებიდან ვინ უფრო სარგებლიანი გამოვა.
„ხანდახან ქაოსი უფრო მომგებიანია, ვიდრე მოწესრიგებული მართვა, ამიტომ რუსეთმა შესაძლოა ამ ამღვრეულ წყალში უფორ მეტის მოგებაც კი სცადოს. გვახსოვს, ბჟანიაც ასე პოზიციონირებდა, იყო პატრიოტი აფხაზი, მხოლოდ აფხაზეთი და აფხაზები აინტერესბდა, მაგრამ მერე ვნახეთ კრემლის გავლენის ქვეშ როგორ მოექცა. ნელ-ნელა რუსული მარყუჟების გავლენით მისი პოლიტიკა უფრო და უფრო ლოიალური გახდა. ბუნებრივია, ცოტა რთულია მოსახლეობას დაანახო თუ რა ზეწოლას განიცდის ასეთი ხელისუფლებები, რომელიც რუსეთის მიერ არის მართული, თუმცა ერთი პერიოდი ბჟანია ლავირებას ახერხებდა. ბევრჯერ შეიტანა და გამოიტანა ეს კანონი. მიუხედავად ამისა, მას კრემლიდან იმხელა ზეწოლა ჰქონდა, რომ იძულებული გახდა, ამ რისკზე წასულიყო. ახლა იქ ისეთი ქაოსური სიტუაციაა, რომ ბჟანიას მცდელობა აქვს, რეგულირებული იყოს ეს სიტუაცია და ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი დატოვა. მთავრობის საკითხი ბოლომდე არ არის ჩამოშლილი. ამიტომ ძალიან რთულია საუბარი, რა იქნება. მართალია ამ ოპოზიციას კრემლი არ ემხრობა, მაგრამ სხვა გზაც არ აქვს. აფხაზეთი არ არის ასეთი მარტივი სამართავი და ჩვენ ქართველებს ამის ყველაზე კარგი გამოცდილება გვაქვს. ამიტომ ახლა კრემლი თავის დროს დაუცდის და მღვრიე წყალში თავისი სარგებლის დაჭერას შეეცდება. ბუნებრივია, ყველა ამბობს, რომ ანტირუსულ განცხადებებს არ აკეთებენ და ეს რუსი ოლიგარქების მისამართით გადადგმული პროტესტია, მაგრამ მაინც ყევლამ კარგად იცის ამ ოლიგარქების უკან ვინც და ვისი ხელიც დგას“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ხელისუფლებაში მოსული ეს პოლიტკური ფიგურები ამ კანონებს უკან ვეღარ დააბრუნებენ, მაგრამ ეს პროცესი ასე არ ჩაივლის. ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი თავის დროს დაელოდება და შურისძიება აუცილებლად იქნება. რაც შეეხება საქართველოს და ჩვენი ხელისუფლების როლს ამ დაპირისპირებაში, ბენდიანიშვილი ამბობს, რომ სანამ რუსეთი ამ დოზით არის აფხაზეთში ჩართული, რთულია საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე სახის ლავირება შეძლოს, მით უმეტეს ეს ოპოზიცია უფრო ანტიქართულია.
„რუსეთისთვის აფხაზეთი, მისი აეროპორტი და პორტი სანქციებისთვის ყველაზე საუკეთესო გვერდის ავლის შავი ხვრელია. ბუნებრივია, რომ კრემლს რაღაცა საკანონმდებლო ჩარჩოები სჭირდება და ამ კანონს მაინც დაუბრუნდება. კრემლს აქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ ისინი რადგან აფხაზებს ეხმარებიან, მათთან ეს ხალხი ვალშია. აბა, უფასოდ კრემლი არავის არაფერში ეხმარება. სანაცვლოდ მას სჭირდება ეს ტერიტორია. მეორეც, ამ პროტესტის წარმმართველი ოპოზიციური ძალა, სულაც არ ვფიქრობ, რომ ე.წ. არჩევნებში გამწევი ძალა იქნება და აუცილებლად ისინი გახდებიან ან ე.წ. პრეზიდენტი ან ე.წ. მთავრობის კაბინეტის წევრები. ამიტომ კრემლს ჯერ თავისი სვლა არ გაუკეთებია და არავინ იცის ამ ოპოზიციონერი ლიდერების ბოლო რა იქნება, როგორ მოგუდავენ მათაც და იმ ხალხსაც, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. რაც შეეხება საქართველოს ამ პროცესებში ჩართვას, რა თქმა უნდა, რაღაცა დონეზე კომუნიკაცია აუცილებელია. საჭიროა, რომ საერთო ენის გამონახვა ყოველთვის ვცადოთ“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
მისივე თქმით, ამ ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებებიდან რაც ისმის, თითქოს იქ ბიძინა ივანიშვილს მიწების ყიდვის ინტერესი გააჩდა და ქართულ კვალსაც ხედავდნენ. ეს არის სრული აბსურდი და ამას აკეთებდნენ სუფთა პოლიტიკური მოტივით.
„გამორიცხულია ასეთმა გამოცდლმა ბიზნესმენმა, როგორიც ივანიშვილია, მიწების ყიდვა აფხაზეთში მოისურვოს, რომელსაც იურიდიულად, ჯერ ერთი, საქართველო ვერ აკონტორლებს და მეორეც, რუსეთიც არ არის სანდო, რომ მასთან ერთად ეს გააკეთოს. თანაც ივანიშვილი რუსეთთან ერთად მომქედებდეს, ამის ნიშნები არ არის. ის არ არის გულუბრყვილო ადამიანი, მით უმეტეს ბიზნესმენი, რომ ასე უაზროდ ფული ჩადოს. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, კრემლის პასუხი აუცილებლად იქნება და სამწუხაროა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთ მძიმე სიტუაციაში ცხოვრობენ ადამიანები, გაზის და დენის პრობლემები აქვთ. თუმცა ეს ყველაფრი მათი არჩევანია და ჩვენ ამ ეტაპზე ვერაფრით ვეხმარებით“, - ამბობს ბენდიანიშვილი.