რუსულ-ქართულ ურთიერთობებში უამრავი ვარდნილი და გადახვევა იყო, მაგრამ 2008 წლის აგვისტომდე ამ ურთიერთობებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე შეხედულება უცვლელი გახლდათ. 1990-91 წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა, საბჭოთა პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ამ პროცესის შეჩერებას შეეცადა. ამ მხრივ ის დადებითად გამოეხმაურა სხვადასხვა სეპარატისტულ დეკლარაციას, რომლითაც აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის პარლამენტები გამოდიოდნენ. ისინი საბჭოთა საქართველოში ავტონომიური წარმონაქმნების სახით ოფიციალურად შედიოდნენ.
გორბაჩოვის პოლიტიკისგან განსხვავებით, რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი და საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ორ ქვეყანას შორის კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეეცადნენ. როდესაც 1992 წლის აგვისტოში ქართულ-აფხაზური ომი დაიწყო, რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას მიემხრო და რუსეთის რესპუბლიკა ყაბარდო-ბალყარეთში (სადაც ძირძველი ჩერქეზი/ყაბარდო მოსახლეობა ცხოვრობს) სამხედრო ნაწილებიც კი გაგზავნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ათასობით ჩერქეზი მოხალისესთვის აფხაზების მხარდაჭერისთვის ხელი შეეშალა.
მას შემდეგ დაახლოებით თხუთმეტი წელი გავიდა და სიტუაცია სრულად შეიცვალა. რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუარესებამ კულმინაციას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიაღწია. ომის დასრულების შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
მის საშინაო საქმეებში რუსეთის ჩარევის საპასუხოდ საქართველომ ახლახანს მისი ყურადღება ჩრდილოეთ-კავკასიას მიაპყრო, კერძოდ, საერთაშორისო ჩერქეზულ მოძრაობას, რომელიც ცდილობს 1864 წელს რუსეთის მხრიდან ჩერქეზების გენოციდის აღიარებას მიაღწიოს. ეს საკითხი განსაკუთრებით დროულია, რადგან ჩერქეზების გენოციდის 150-ე წლისთავი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადას ემთხვევა, რომელიც დამოუკიდებელი ჩერქეზული სახელმწიფოს უკანასკნელი დედაქალაქი იყო.
ჩერქეზული საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში
საქართველო კავკასიურ ხალხებში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მაგრამ ქართული გავლენა ჩრდილოეთ- კავკასიაში სერიოზულად 1992 წელს შეირყა, როდესაც საქართველო აფხაზეთში შეიჭრა იმ დროს, როდესაც გაცხარებული დავა მიმდინარეობდა იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მათ შორის პოლიტიკური კავშირები. სინამდვილეში ამ ნაბიჯმა ჩერქეზებს არჩევანისკენ და იმის გადაწყვეტისკენ უბიძგა, თუ ვის მხარეს არიან ისინი. ჩერქეზული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთში, მათ შორის ქალთა კომიტეტები, ჟურნალისტები და მწერლები, ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 2000 ჩერქეზი მოხალისე ამ ომში გადამდგარი საბჭოთა პოლკოვნიკის, წარმოშობით ნალჩიკელი სულთან სოსნალიევის მეთაურობით მონაწილეობდა. 1992-93 წლის ქართულ-აფხაზური ომის დროს ის ყველა აფხაზური ძალის მეთაური გახდა.
„ჩვეულებრივ აულებზე თავდასხმა ღამით მოულოდნელად ხდებოდა, როდესაც ქალებს და ბავშვებს გაქცევის დროც აღარ რჩებოდათ. იმ სისასტიკის აღწერა რაც იქ ღამით მეფობდა, როდესაც ორ-ორი, ან სამ-სამი ჯარისკაცი სახლებში შედიოდა, შეუძლებელია“.
გრაფი ლევ ტოლსტოი
ომის შემდეგ სოსნალიევი აფხაზეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. ჩერქეზებმა, რომლებიც რუსეთში და უცხოეთში (მსოფლიოს 50 ქვეყანაში) ცხოვრობენ, საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება დაიწყეს და აფხაზებს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიდნენ. ჩერქეზული სამყარო აფხაზების მხარდაჭერას ომის შემდეგაც განაგრძობდა, აყენებდა მისი დამოუკიდებლობის საკითხს და ცალსახად აპროტესტებდა რუსეთის მხრიდან ამ რესპუბლიკის ეკონომიკურ ბლოკადას. იმ დღეს, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ნალჩიკში აფხაზეთის მოედანზე საზეიმო დემონსტრაცია გაიმართა.
თუმცა ქართველებს საჯაროდ ჩერქეზები არასდროს დაუგმიათ. ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ საქართველო რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მხარდაჭერისკენ მიისწრაფვოდა და საკუთარი პოლიტიკა დამოკიდებულ ჩერქეზებამდე არ დაჰყავდა. გარდა ამისა, აბსოლუტურად არანაირი აზრი არ ჰქონდა ჩერქეზების ანტი-ქართული მოძრაობის შეჩერებას, რადგან რუსეთის მთავრობა ამას ვერ გააკეთებდა და ბოლოს, საქართველოს არ გააჩნდა მკაფიო შეხედულება იმაზე, თუ რა მიდგომა უნდა ჰქონოდა ზოგადად ჩერქეზული თემის მიმართ.
და მაინც, საქართველომ აფხაზების მიმართ ჩერქეზების მხარდაჭერა რეალურ პოლიტიკურ და სამხედრო საფრთხედაც კი შეაფასა. ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ შეიმუშავა, საქართველოსთვის არასახელმწიფო აქტორების მხრიდან საფრთხე უფრო რეალურად განიხილება, ვიდრე სხვა სახელმწიფოს სამხედრო აგრესია. სინამდვილეში ერთადერთი არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც საქართველოს სამხედრო საფრთხეს უქმნიდნენ, ჩერქეზი მოხალისეები იყვნენ. ისინი ქართულ-აფხაზურ ომში იბრძოდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოსთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ სამხედრო მარცხი და ტერიტორიის დაკარგვა. იმ სიტუაციაში, როდესაც მას ყველაზე ახლო მოკავშირეებმა მხარი არ დაუჭირეს, საქართველო იძულებული გახდა დამშვიდობებოდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებას. ეს მისი მთავარი დანაკარგი გახლდათ. საქართველომ ვერ შეძლო რუსეთის წინააღმდეგ კოალიციის ჩამოყალიბება და შესაბამისად ვერ შეცვალა პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა. მან ვერ მოახერხა საკუთარი სტრატეგიის ფარგლებში კავკასიის რეგიონის არასახელმწიფო აქტორებთან ურთიერთობების ხელახლა გააზრება.
საქართველოს ახალი ინტერესი ჩრდილოეთ-კავკასიის მიმართ
შესაბამისად, საქართველომ რუსეთთან მიმართებაში ისეთი კურსი შეიმუშავა, რომელსაც ზოგიერთი ანალიტიკოსი სიმეტრიის პოლიტიკას უწოდებს. ასეთი პოლიტიკის მიზანი – ჩრდილოეთ-კავკასიასთან პროდუქტიული კავშირების ჩამოყალიბებისთვის აქტიური ძალისხმევაა და პარალელურად იქ არსებული ანტი-რუსული სეპარატისტული მოძრაობის მხარდაჭერა. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ-კავკასიაში სეპარატისტული მოძრაობის სერიოზული აფეთქებაა მოსალოდნელი. ამ ერთი შეხედვით ნეგატიური იდეის უკან, უფრო მასშტაბური ჩანაფიქრია: საქართველოს ლიდერობის აღორძინება რეგიონში. ამ თვალსაზრისით თბილისს სურს იბერიულ-კავკასიური ერების პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ცენტრად იქცეს.
2010 წლის იანვარში ახალი თანამგზავრული ქართული ტელეარხი „პირველი კავკასიური“ შეიქმნა. ის ჩრდილო-კავკასიური აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. როგორც გაზეთი „კომერსანტი“ იუწყებოდა, ამ არხის მთავარი მიზანი რუსეთის მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით ჩრდილო-კავკასიელებისთვის საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა.
2010 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტი ჩრდილოეთ-კავკასიის პარლამენტებთან ერთად „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. საქართველოს პარლამენტმა ჩრდილო-კავკასიურ პარლამენტებს კავკასიური ცივილიზაციის განვითარებისა და ჩრდილო-კავკასიელ ხალხს შორის ისტორიულად მეგობრული კავშირების შენარჩუნებისთვის (მიუხედავად რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებისა) თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ამ პირველმა ნაბიჯებმა ჩრდილოეთ-კავკასიასთან განსაკუთრებული ურთიერთქმედება არ გამოიწვია რუსული მხარის რეაქციის გამო: ფრანგულმა კომპანია Eutelsat-მა, თითქოს რუსული მხარის ზეწოლით, საბოლოოდ უარი განაცხადა ამ არხის გადაცემების მაუწყებლობაზე, თუმცა ისინი ინტერნეტით მაინც ხელმისაწვდომია, ხოლო ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებმა თბილისის ინიციატივას არ უპასუხეს.
ქართულ პოლიტიკაში უფრო წარმატებული აღმოჩნდა კონტაქტების დამყარება უშუალოდ ჩერქეზულ სამყაროსთან. როგორც ეს ერთ-ერთმა მიმომხილველმა სთქვა, თბილისმა „კონფერენციების ომის“ პროვოცირება მოახდინა.
„კონფერენციების ომი“
2010 წლის მარტში, ვაშინგტონის ჯეიმსთაუნის ფონდმა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კავკასიური კვლევების სკოლამ საქართველოში კონფერენცია მოაწყო. მისი სახელწოდება იყო „უცნობი ერები. დაუსრულებელი დანაშაული: ჩერქეზები და კავკასიის ხალხები წარსულს და მომავალს შორის“. ამ ღონისძიებაზე კავკასიის სპეციალისტები და ჩერქეზული დიასპორის აქტივისტები (დიდწილად აშშ-დან) შეიკრიბნენ, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. კონფერენციის ბოლოს ჩერქეზმა მონაწილეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვას და მას მე-19 საუკუნეში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჩერქეზების დეპორტაციისა და მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარებისკენ მოუწოდეს.
რუსეთის ხელისუფლებას ჩერქეზული საკითხის რეანიმაციაზე ძალიან ფრთხილი რეაქცია ჰქონდა. ტრადიციულად კრემლი ე.წ. დუმილის პოლიტიკას აწარმოებს და ჩერქეზული პრობლემის არსებობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ასე მაგალითად, 2006 წელს გენოციდის აღიარებაზე რუსეთის პარლამენტის საპასუხო რეაქცია ძალიან ბუნდოვანი გახლდათ. დეპუტატები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იოსებ სტალინის დროს ჩერქეზების დეპორტაცია არ მომხდარა – ანუ მათ ამ საკვანძო ისტორიულ საკითხს უბრალოდ გვერდი აუარეს. ამჯერად რუსეთის პარლამენტმა საქართველოს ინიციატივაზე უმალ მოახდინა რეაგირება და მას ჩრილოეთ-კავკასიაში სეპარატიზმის მხარდაჭერის აქტი უწოდა.
ჯეიმსთაუნის ფონდის კონფერენციამ ცხადყო, რომ დღეს დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უკეთ იცნობენ ჩერქეზულ საკითხს. 1864 წლის მოვლენებს თანამედროვე ისტორიაში პირველ გენოციდსაც კი უწოდებდნენ (რასაც სომხების გენოციდი და ჰოლოკოსტი მოჰყვა). ამას რუსეთის ხელისუფლებისგან ოფიციალური რეაქცია არ მოჰყოლია, რამაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი სახელით გამოსვლის შესაძლებლობა მისცა. 2010 წლის მაისში, ადიღეის დედაქალაქ მაიკოპში რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ გაიხსნა, რომელიც ქართულ დიასპორას წარმოადგენს. ასეთი მიყრუებული რეაქცია იმაზე მეტყველებდა, რომ კრემლი საქართველოს ჩერქეზული ინიციატივით მაინც შეწუხებული იყო.
2010 წლის 27 მაისს, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტიმ“ მრგვალი მაგიდა და პრეს-კონფერენცია მოიწვია თემაზე: „ჩერქეზული საკითხი: ვის აწყობს კავკასიური ომის ისტორიის გაყალბება?“ საქართველოს პარლამენტმა თავის მხრივ, ერთი თვის შემდეგ სხდომა გამართა, რომელზეც საქართველოს მეცნიერებმა ჩრდილოეთ-კავკასიაში გენოციდის საკითხზე დოკუმენტი წარმოადგინეს.
ჯეიმსთაუნის ფონდმა შემდეგ მეორე კონფერენცია გამართა, უკვე ვაშინგტონში. მისი სახელწოდება გახლდათ: „სოჭი 2014 წელს: შეიძლება თუ არა ოლიმპიური თამაშების იმ ადგილას გამართვა, საიდანაც 150 წლის წინ ჩერქეზები განდევნეს?“ ამ ღონისძიებას ზოგიერთი ქართველი დეპუტატიც ესწრებოდა, რომლებიც ჩერქეზული საკითხის განხილვაში საქართველოს პოზიციიდან მონაწილეობდნენ. კონფერენციის ჩერქეზმა მონაწილეებმა ჩრდილოეთ-კავკასიაში სამი ჩერქეზული ტერიტორიის ერთ რესპუბლიკად გაერთიანებისკენ მოწოდება გააკეთეს.
კონფერენციის მონაწილეებმა და ყველა მხარის დამკვირვებლებმა ამ თემაზე მოსაზრებები და არგუმენტები გაცვალეს. ქართველმა დეპუტატებმა დასაწყისშივე განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან მე-19 საუკუნეში ჩერქეზების მასობრივი განადგურების საქმის განსახილველად. კიდევ ერთმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა, კონფერენციაზე წარმოადგინა ანგარიში, სათაურით – „სოჭის ოლიმპიადა და ჩერქეზები: მზერა საქართველოდან“. მან მოსაზრება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტი ჩერქეზების გენოციდზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსის პროგნოზით, მოსალოდნელია ჩერქეზულ-აფხაზური ურთიერთობების გაუარესება, რადგან თავისუფლად შეიძლება იმის ვარაუდი, რომ აფხაზეთი რუსეთის დუმილის პოლიტიკას მიბაძავს. ასეთ შემთხვევაში, ჩერქეზთა წარმომადგენლებმა შეიძლება აფხაზები იმაში დაადანაშაულონ, რომ ის რუსეთის „ტროას ცხენია“ და ჩერქეზების ინტერესებს ღალატობს. ჩერქეზული ვებ-გვერდისთვის გაგზავნილ ღია წერილში, ერთ-ერთი აქტივისტი ირაკლი ბჟანავა მოძმე ხალხს გენოციდის აღიარების საქმეში წარმატებებს უსურვებს. ის აღნიშნავს, რომ აფხაზებს ამ ბრძოლაში მონაწილეობა სურთ, რადგან ისინი რუსეთ-კავკასიის ომის დროს, მათ მოძმე-ჩერქეზებზე ნაკლებად არ დაზარალებულან.
ჩერქეზულმა ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა, თავის მხრივ კმაყოფილება გამოთქვეს იმით, რომ ჩერქეზული საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მოხვდა და რუსეთის ხელისუფლება ვეღარ შეძლებს მის იგნორირებას. ამავდროულად, ისინი არაერთგვაროვნად მიუდგენენ იმ ფაქტს, რომ საკითხი თბილისში წამოსწიეს. ვიღაცამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს გენოციდის ფაქტის აღიარებას ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან. ამავდროულად, კონფერენციის ზოგიერთი ჩერქეზი მონაწილე სკეპტიკურად მიუდგა ქართულ განზრახვებს, შეაფასა რა თბილისში ჩატარებული კონფერენცია საქართველოს მხრიდან პროპაგანდისტულ ნაბიჯად. ზოგიერთმა ისიც კი განაცხადა, რომ საქართველოს ჩერქეზულ საკითხთან არანაირი კავშირი არა აქვს და ის მხოლოდ რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს.
რუსი ანალიტიკოსები ფაქტს არგუმენტების ფართო სპექტრით გამოეხმაურნენ. ყველაზე პოზიტიური მოსაზრება ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ალექსანდრ პოდრაბინეკმა გამოსთქვა. თავის სტატიაში „გენოციდის ხსოვნის ოლიმპიადა?“ ის ამტკიცებს, რომ რუსები უნდა შეეგუონ საკუთარ წარსულს და წუხილი გამოსთქვან ჩერქეზი ხალხის ბედზე, მაგრამ სხვა გამოხმაურებები ბევრად უფრო ნეგატიური იყო. მათში თავად გენოციდის ფაქტია უარყოფილი. კიდევ ერთი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ დანაშაულის და პასუხისმგებლობის გარკვეული წილი ქართველებსაც მიუძღვით, რადგან ისინი მეფის რუსეთის არმიაში მსახურობდნენ და ჩერქეზი ხალხის სამშობლოდან აყრაში მონაწილეობდნენ.
ყველაზე ნეგატიურ კომენტარებში ისიც კი გაისმა, რომ სოჭში ჩერქეზული და ქართული ტერორიზმის საფრთხე არსებობს. მოსკოველმა ანალიტიკოსმა ალექსეი მალაშენკომ განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადას ტერორისტული თავდასხმებისგან დაცვა სჭირდება, აღნიშნა რა, რომ ჩრდილოეთ-კავკასიაში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფები და განსაკუთრებით ჩერქეზები ამ ქალაქში ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგები არიან. გარდა ამისა, პოლიტოლოგი მიხეილ ალექსანდროვი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უკიდურესად მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ის, რომ ქართველებმა ტერაქტების და დივერსიების მოწყობა გადაწყვიტონ. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ქართველმა ლიდერებმა შეიძლება თავისუფლად დაუშვან მსგავსი შესაძლებლობა.
დასკვნა
აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის გადაუჭრელი პრობლემა თვალსაწიერ მომავალში რუსულ-ქართულ ურთიერთობებს გააფუჭებს. თუკი საქართველო 1864 წლის სოჭის მოვლენებს გენოციდად აღიარებს, ეს რუსეთს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. გაერო-ს წევრი-სახელმწიფოს მიერ ჩერქეზული საკითხის ლეგიტiმურად ცნობა, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის წინ საერთაშორისო ხასიათს იძენს. თუკი საქართველო ჩერქეზების გენოციდს აღიარებს, აფხაზეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მას არჩევანის გაკეთება მოუწევს ჩერქეზებს და რუსეთს შორის. აქედან პირველებმა მას საქართველოსთან ომში და დამოუკიდებლობაზე ოცნებაში მხარი დაუჭირეს, მეორემ კი ეს ოცნება აუსრულა.
ამ ჩახლართულ რუსულ-ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ჩერქეზული საკითხი საქართველოს ბევრ შესაძლებლობას აძლევს. ის განამტკიცებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომელმაც უკვე განაცხადა რომ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის თვითგამოცხადებულ ტერიტორიებს არ აღიარებს. ის ასევე საქართველოს შეძენს მოკავშირეს რუსეთის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა რომ მოკავშირე სუსტია და თავად რუსეთის შემადგენლობაში შედის.
რუსეთი კავკასიის რეგიონში ზესახელმწიფოდ რჩება და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაბედავს შეუერთდეს იმ გამოწვევას, რომელსაც მას საქართველო უგზავნის. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონsაც კი, რომელიც 2010 წლის ივლისში თბილისს სტუმრობდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არაორაზროვანი მხარდაჭერა გამოხატა, არც ერთი ისეთი ფრაზა არ გამოუთქვამს, რომელიც ანტი-რუსულად შეიძლება შეფასებულიყო და ჩრდილს მიაყენებდა აშშ-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკას. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უარყო საქართველოს თხოვნა გადაეხედათ 2014 წელს რუსეთში ოლიმპიური თამაშების ჩატარების გადაწყვეტილებისთვის. ახლა ჩერქეზული საკითხი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ანტი-სოჭურ მოძრაობაში ჩერქეზების მხარეს დადგეს. ასეთი პოლიტიკის სიმეტრია იმაში მდგომარეობს, რომ ჩერქეზების მხარდაჭერა საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთისთვის აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის აღიარება მცირერიცხოვანი ქვეყნების მხრიდან.
ანტი-სოჭური პროტესტი ძალას იკრეbს და ის უკვე იქცა ჩერქეზებისთვის პოზიტიურ შედეგად რუსეთ-საქართველოს ე.წ. კონფერენციების ომში. ჯერ ერთი, ჩერქეზების გენოციდის თემა რუსეთში მისაღები და აღიარებული თემა გახდა დისკუსიისთვის. ისტორიკოსები და ანალიტიკოსები 1864 წლის მოვლენებს ჩერქეზი ერის ტრაგედიად განიხილავენ. ხოლო მეორე პოზიტიური შედეგია ის, რომ არც ერთი ჩერქეზი „კონფერენციების ომის“ პროცესში არ დაზარალებულა.