ტრადიციული და ძველი დემოკრატიის ქვეყნებშიც კი ბოლო დროს ერთ-ერთ მთვარ პრობლემურ საკითხად ინტერნეტზე კონტროლის განხორციელება და ინტერნეტის თავისუფალი სივრცის “დამორჩილება” იქცა. არ იფიქროთ, რომ ეს დამორჩილება მაინცა და მაინც ტოტალურ კონტროლსა და აკრძალვებს ნიშნავს. ტოტალური კონტროლის დრო კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ საინფაორმაციო რესურსების არნახული ზრდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურებს ხშირ შემთხვევაში უფუნქციოდ ტოვებს და მხოლოდ დროში ჩარჩენილი ჯაშუშ-აგენტები ამბობენ უარს ისეთ “ფუფუნებაზე” როგორიც ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები გახლავთ.
- ბავშვებო, აბა კარგად დაფიქრდით და მითხარით, რატომ იყო იოსებ სტალინი ციფრული ტექნოლოგიების განვითარების წინააღმდეგი? ჩვენ ხომ წინა გაკვეთილზე გავიხსენეთ სტალინის გამოსვლა, სადაც იგი კიბერნეტიკულ მანქანებს საბჭოეთის მტრად მიიჩნევდა, - კითხულობს ახალგაზრდა თბილისელი მასწავლებელი გიორგი შუბითიძე. ბავშვებიდან პასუხი მხოლოდ ერთ, გოგონას აღმოაჩნდა: “სტალინმა იცოდა, რომ ტექნოლოგიური წინსვლა ჩაკეტილ საბჭოთა კავშირს ძირს გამოუთხრიდა და ამერიკის აგენტურული ქსელი საბჭოთა კავშირში მომავალში უფრო ადვილად იმოქმედებდა” - პასუხობს გოგონა და 10-იანის მოლოდინში წინასწარ იღიმება.
დიახ, ინტერნეტი მძიმე ტვირთად დააწვა თანამედროვე სახელმწიფოების უშიშროების სამსახურების მუშაობას და მისი “მოთვინიერება” ამ ეტაპზე თითქმის წარმოუდგენელია.
გიორგი მაჭუტაძე, პროგრამისტი: “რა თქმა უნდა შესაძლებელია რამოდენიმე და კონკრეტული ინტერნეტ-საიტების გაკონგროლება და არსებობს სპეციალური პროგრამები, რომელთა საშუალებით უშიშროების სამსახურს არა მხოლოდ კომპიუტერის საინდითიპიკაციო ნომრის, მისი მფლობელისა და მდებარეობის ამოცნობაც შეუძლია, მაგრამ სულელი იქნება ის ვინც იტყვის, რომ რომელიმე სახელმწიფოს შეუძლია ინტერნეტი სრულად გააკონტროლოს.
ამის ნათელი მაგალითი ირანი და რუსეთი გახლავთ. ამ ქვეყნებში უამრავი ადამიანია დაკავებული ინტერნეტის კონტროლით და არასასურველი ადამიანების გამოვლენით, მაგრამ შედეგები მინიმალურზე მინიმალურია. მხოლოდ დომეინ: “რ”-ზე რამდენიმე მილიონი საიტია, რომელთა გაკონტროლება ყოველგვარ ფატაზიის სფეროს სცილდება და ნებისმიერ ამ საიტზე დადებული კოდირებული ან სულაც ღია ინფორმაცია თავისუფლად შეიძლება უშიშროებას გამორჩეს.
ასევე შემიძლია გითხრათ ინტერნეტ-ფორუმებზეც. რუსულ სერვერებზე არსებული უზარმაზარი ფორუმების უმეტესობას რუსული “კაგებე” პირდაპირ აკონტროლებს, მაგრამ თუნდაც იმ საიტებზე უამრავი ანტიპუტინური კომენტარი მინახავს. ადამიანური რესურსები ყველაზე ამოუწურვადი ძალაა. ცხოვრებისაგან განსხვავებით, ინტერნეტში ადამიანის ქცევის კონტროლი რეალურად არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და ალბათ სამუდამოდაც ასე იქნება”.
ირანში რუსეთზე ბევრად უფრო მძიმე სიტუაციაა, სადაც აურაცხელი რესურსები პირდაპირ იბლოკება და დაახლოებით ორი წლის წინ, დომეინ - “კომ”-ით ირანიდან ვერავინ სარგებლობდა. როგორც ქართველ და არამხოლოდ ქართველ ინტერნეტის მოყვარულების საუბრიდან ვარკვევთ, ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტის გაჩენიდან დღემდე ინტერნეტის გასაკონტროლებლად წყალში იმდენი ფული გადაყარა, რომ ახლა ნელ-ნელა გონს მოდიან და ხვდებიან, რომ ამ უზარმაზარი სივრცის “დამორჩილების” სურვილი გოდოლის ამშენებელ ბაბილონელთა სურვილს ჰგავს, რომელსაც ასრულება არასდიდებით არ უწერია.
რუსი პოლიტიკოსები და მათი “იდეების გამზიარებელი” ადამიანები, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული დემოკრატიის კრიტიკისას ხშირად იშველიებენ ერთ “არგუმენტს”. კერძოდ ამბობენ, რომ “თუკი ამერიკაში დემოკრატიაა, ამერიკის ხელისუფლება რატომ ბლოკავს მთელს რიგ ინტერნეტ-გვერდებს და თეთრ სახლს რატომ არ სურს, რომ აღნიშნულ საიტებზე დადებული ინფორმაციის მხილველი უბრალო ამერიკელები გახდნენ”.
რუსოფილების ეს მსჯელობა ერთი შეხედვით ყურადსაღებია და ზოგს შეიძლება არგუმენტირებულადაც ეჩვენოს, თუმცა ამ ამბის ნამდვილ რაობაზე ინტერნეტის ქსელის სპეციალისტი გუგა ბეთვიძე გვესაუბრება.
გუგა ბეთვიძე, ინტერნეტის ქსელის სპეციელისტი: “ამერიკაში შეზღუდვა მხოლოდ პორნო და ტერორისტულ საიტებზეა დაწესებული. ამერიკელებმა იციან, რომ ამ შეზღუდვებით ბვევრი არაფერი შეიცვლება, მაგრამ 11 სექტემბრის მერე, მათი ქცევა გასაგებია. ეს არის ხელისუფლების მხრიდან მოსხლეობისადმი ნაჩვენები ჟესტი იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა ტერორიზმთან ბრძოლის დროს ყველაფერს აკეთებს და სხვათა შორის, ასეთი საეჭვო საიტების მოხმარების შეზღუდვაზე პრეტენზიას ამერიკაში თითქმის არავინ გამოთქვამს.
რაც შეეხება პორნო საიტებს. ამერიკის ბევრ შტატში მართლაც დაბლოკილია ვებ-გვერდები, სადაც სიტყვები “სექს”, “პორნო” და სხვა... ფიგურირებს, თუმცა მსგავს რამეებზე ფანატიკურად შეყვარებულ ადამიანებს შეზღუდვის მოხსნა გარკვეული გადასახადის სანაცვლოდ, სულ ადვილად შეუძლიათ.
შარშან ბელგიაში ვიყავი პროგრამირების კურსებზე, სადაც ლექციებს ამერიკიდან ჩამოსული 18 წლის ბიჭი გვიტარებდა. ლექციების დასრულების შემდეგ, ის ბიჭი მთელი ღამის განმავლობაში პორნო-საიტებზე იყო ჩაყუდებული და “მიდი მოვდივარ...” მე ძალიან მიკვირდა, ამ ბიჭისგან ასეთი ქცევა. მერე გაირკვა, რომ იმ შტატში, საიდანაც ჩვენი თინეიჯერი ტრენერი ცხოვრობდა, პორნო-საიტები დაბლოკილი იყო, რაც ბავშვობაში სექსი ვერ ნახა, მაშინ ისრულებდა...
გაგიკვირდებათ და, ინტერნეტის გაკონტროლების მცდელობას საქართველოშიც ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, მცდელობა მცდელობადვე დარჩა, მაგრამ როგორც ინტერნეტის მოყვარული ჩვენი თანამემამულეები ამბობენ, ქართული უშიშროების სამსახურები სამამულო ინტერნეტ-ფორუმებზე ხშირად დაძვრებიან და მათთვის არასასურველი ადამიანების ვინაობის გამორკვევას ცდილობენ.
ადამიანი და მისი შესაძლებლობები მუდამ დაუცხრომელია და არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ქვეყნის უშიშროების სამსახურებმა ერთხელ, მართლაც შეიმუშავონ ისეთი სისტემა, რომლის მეშვეობით ინტერნეტის სრულ გაკონტროლებას მოახერხებენ, თუმცა ამ ეტაპზე მათი მცდელობები ინტერნეტის მომხმარებლებში მხოლოდ ირონიულ ღიმილს იწვევს, რადგან ისევე როგორც ესპანეთის ინკვიზიციას ბოლოს და ბოლოს მოუწია ეღიარებინა, რომ მათზე ბევრად პროგრესულ “ღვთისმგმობ” მეცნიერებას ვერაფერს მოუხერხებდნენ, სხვადასხვა ჯურის მსმენელ-მაკონტროლებლებიც სავარაუდოდ სამუდამოდ ხელს ჩაიქნევენ ინტერნეტის გაკონტროლების მცდელობაზე.
ზღვა კოვზით განა ყოველთვის დაილევა...