საქართველოში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულობები საგანგაშო მასშტაბებს აღწევს. ყურადღებას იმსახურებს ის არნახული სისასტიკეც, რაც ასეთ ქმედებებს თან ახლავს. ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, გვარად ხურცილავა სამართალდამცავებმა ქალაქის ერთ-ერთ უბანში, ნიკეას დასახლებაში მოკლული იპოვეს. მას 36 ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
17 წლის ახალგაზრდას 3 დღე ეძებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული უკვე გახსნილია, დაკავებულია ეჭვმიტანილიც. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულში ეჭვმიტანილი მოკლულის თანატოლია. მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩადენილ დანაშაულობათა არც თუ მცირე ნაწილი სწორედ არასრულწლოვნებზე მოდის. მათ შორის უმეტესობა 15–17 წლის ასაკში. რაც შეეხება დამნაშავეთა სქესს, აქ სუსტი სქესის წარმომადგენელთა მცირე რაოდენობით მონაწილეობა შეინიშნება.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულობათაგან ფიქსირდება შემდეგი შემთხვევები: განზრახ მკვლელობა, გაუპატიურება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, სხვადასხვა ნივთების მითვისება, ხულიგნობა, ბანდიტობა და ა.შ.
ვინაიდან აღნიშნული პრობლემა მეტად მწვავეა, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას საჭიროებს ის ფაქტი, თუ რა მოტივებით აიხნება არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული და რა გამომწვევი მიზეზები აქვს მას.
უპირველეს ყოვლისა ასეთი ქმედების მიზეზად ასახელებენ ადამიანის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას, იქნება ეს ალკოჰოლური სასმელი თუ სხვადასხვა ნარკოტიკული სასუალება. შემდეგი მოტივი დაკავშირებულია ფინანსური სახსრების უქონლობასთან. აღნიშნული პრობლემის ერთ–ერთ მიზეზად ასევე სახელდება სოციალური მოუმწიფებლობა და მასთან ერთად არასწორი აღზრდა, არასრულწნოვანის „ცუდ“ წრეში ყოფნა.
რაც შეეხება იმ მეთოდებს, თუ როგორ ცდილობს საზოგადოება აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და რა შეზღუდვები უნდა დაწესდეს არასრულწლოვნებზე. როგორც ჩანს, უპირველეს ყოვლისა შეზღუდვები უნდა დაწესდეს ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტზე. არ უნდა იქნას დაშვებული 18 წლამდე მოზარდი ისეთ დაწესებულებებში როგორიცაა: პოკერ კლუბები, ტოტალიზატორები, ღამის კლუბები. აგრეთვე უნდა დაწესდეს სერიოზული სასჯელი ცივი იარაღის ტარებისთვის.
ზოგადად არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულობა ქვეყნისთვის ერთ–ერთი უდიდესი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას.
როგორც ცნობილია, არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციისათვის საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა ერთობლივი კამპანია დაიწყეს. პროექტ „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში მთავარი პროკურატურის თანამშრომლები, დანაშაულის პრევენციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. სპეციალურად სკოლებისთვის შეიქმნა მანდატურთა შტატიც: სათანადოდ მომზადებული ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს. პროცესი თბილისის შვიდ საჯარო სკოლაში ჯერ კიდევ 15 აპრილიდან დაიწყო. დანარჩენი სკოლები კი სამი ახალი თანამშრომლით ახალ სასწავლო წელს შეხვდება.
ამ საკითხს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მშობელთა ნაწილი დამშვიდდა, – დარწმუნებული ვიქნები, ჩემს შვილს არავინ არაფერს დაუშავებსო. ნაწილმა კი მანდატურთა შემოსვლით მოზარდებში დანაშაულის პრევენციის 100%-იან გარანტიის დანახვა ვერ შეძლო. მიზეზი მარტივია: მანდატურებმა სკოლებში სიტუაციის განეიტრალება რომც მოახერხონ, სკოლის გარეთ ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან. შესაბამისად, მოსალოდნელია, სკოლაში დაწყებული წყენა ქუჩაში ჩხუბის სცენამ ჩაანაცვლოსო...
ექსპერტთა თქმით, ქართველები ყველაფრის კრიტიკას მიჩვეულები ვართ, მაგრამ ხანდახან არც პოზიტიურის დანახვა გვაწყენდა. ასეა თუ ისე, მანდატურთა შტატი საკუთარ საქმეს მაინც გააკეთებს. ყოველ შემთხვევაში, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი დერეფნებში უსაქმოდ ხეტიალს, საპირფარეშოებში სიგარეტით გართობას და დასვენებებზე ერთმანეთისთვის „ცხვირ-პირის“ მტვრევას მაინც ვეღარ შეძლებენ.
გარდა ამისა, მოზარდს ყოველთვის დევნას ვერავინ დაუწყებს. შესაბამისად, დანაშაულის პრევენციისთვის ალტერნატიული გზის მოძებნაც უნდა მოხერხდეს. მთავარი ამოცანაა, რომ მას „გარჩევებში“ მონაწილეობის მიღების ან თუნდაც, უბრალოდ, ქუჩაში დგომის სურვილი გაუქრეს.
და რით შეიძლება არაწიგნისმოყვარული, არაერუდირებული, „ქუჩის გარჩევების“ მოსურნე მოზარდის დაინტერესება? ამ კითხვაზე ლამის ერთადერთი, უალტერნატივო პასუხი არსებობს: კომპიუტერით... მაგრამ აქ მეორე საშიშროება იჩენს თავს. ამ ასაკის ბავშვისთვის, კომპიუტერი ნარკოტიკივითაა...
სკოლებში ინფორმაციული ტექნოლოგიების საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაცია ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს. თავის დროზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ სიახლის დანერგვას პედაგოგებსა თუ მშობლებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თუმცა ციფრული ტექნოლოგიების აუცილებლობა საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის საქმეში ყველამ აღიარა. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ბავშვებისთვის საინტერესო რომ გამხდარიყო, ჯერ „ირმის ნახტომმა“, ახლა კი „ინოვაციურ სისტემათა ინსტიტუტმა“ ცალკეული კონკურსებისა თუ კონფერენციების სახით, სხვადასხვა პროექტები შემოგვთავაზა.
საგულისხმოა, რომ დარგის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამ ტიპის პროექტებში მეტ-ნაკლებად თითქმის ყველანაირი ინტერესის და ხასიათის მქონე ბავშვის ჩაბმა მოხერხდა. ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ პედაგოგებიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა გარკვეული ნაწილის დაინტერესება ინფორმაციული ტექნოლოგიებით ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება საინტერესოსთან ერთად სასარგებლოც რომ უნდა იყოს, ამაზე ყველა თანხმდება. თუმცა პედაგოგთა გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესში უკვე ფეხმოკიდებულ სიახლეს ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს: რა, კომპიუტერის გარეშე გაკვეთილს ვერ ვხსნიდითო თუ? ...
„ინოვაციურ სისტემათა ინსტიტუტის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, დავით კიზირიამ, სკოლის ინფორმაციულ მენეჯერებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს აღნიშნა: ნეტავ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ხალხს წერა-კითხვის შესწავლის აუცილებლობას როგორ უხსნიდაო?
დავით კიზირია (ინოვაციური სისტემების ინსტიტუტის სტრატეგიული განვითრების მენეჯერი): დღეს ჩვენ იგივე მისია გვაქვს, რაც თავის დროზე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჰქონდა. ჩვენც, ისევე როგორც თავის დროზე ეს საზოგადოება, ვცდილობთ მოსწავლეებსა და პედაგოგებს საარსებო განვითარების იარაღი მივცეთ. ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა და გამოყენება ესაა წინსვლის, განვითარების აუცილებელი პირობა. ჩვენ, ამ მხრივ, ჩვენს გამოცდილებას ყველა დაინტერესებულ პირს ვუზიარებთ და სხვების დაინტერესებასაც ვცდილობთ. პრინციპში, როგორც თავის დროზე ანბანი, შემდეგ ბეჭდური საშუალებები, დღეს ციფრული ტექნოლოგიები არის კომუნიკაციის, ცოდნის მიღების და გადაცემის ძირითადი საშუალება.
რამდენადაც მნიშვნელოვანი იყო გარკვეული პერიოდის წინ ჯერ წერა-კითხვის, მერე ბეჭდური საშუალებების გავრცელება და დანერგვა საზოგადოებაში, იმდენადვე აუცილებელია დღეს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება. ბუნებრივია, ყველაფერს გონივრული მიდგომა სჭირდება, სხვა შემთხვევაში, ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ შეიძლება შემობრუნდეს. თუმცა გონივრული მიდგომის შემთხვევაში, ეს უზარმაზარი შანსია ჩვენთვის. გასათვალიწინებელია, რომ ჩვენ პატარა ერი ვართ და გლობალიზაციის პერიოდში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ფეხი თანამედროვეობას უნდა ავუწყოთ, სხვაგვარად ვერ განვვითარდებით.
„ინოვაციურ სისტემათა ინსტიტუტი“ საქართველოში დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა. რამდენიმე ადამიანმა, რომელიც გარკვეულ დროს სხვადასხვა სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობდა, ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება გადაწყვიტა.
დავით კიზირია: ეს სინთეზი საკამოდ საინტერესოდ ვითარდება. ჩვენი სამუშაო სფერო არის თანამედროვე ინფორმაციული სისტემების დანერგვა სხვადასხვა მიმართულებით. პრიორიტეტულია განათლება, კულტურა, საზოგადოება, მეცნიერება, სხვადასხვა პროგრამების ლოკალიზება. მაგრამ, ძირითადად, მაინც განათლება და მეცნიერებას ვანიჭებთ უპირატესობას, რადგან საზოგადოების განივითარება სწორედ აქედან იწყება.
განათლების სამინისტროს ინოვაციების მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგია არ შეუცვლია. ამის კარგი მაგალითია „პარტნიორობა განათლებაში“ ერთობლივი პროექტის განხორციელება. სამინისტრომ „Microsoft“-თან მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე პროექტი ჯერ კიდევ შარშან განხორციელდა. ბოლოს, გახსოვთ ალბათ, მრგვალი მაგიდების ციკლი იყო, რომელშიც მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექტორები, არასამთავრობო სექტორები, „Microsoft“-ის წარმომადგენელი განათლების სამინისტროდან და უშუალოდ მინისტრი იღებდა მონაწილეობას.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების ინტერესი ციფრული ტექნოლოგიების კუთხით, შეშინებული მშობლები ბავშვთა გონების „დაკნინების“ შესაძლებლობაზე საუბრობენ.
– გარკვეულწილად, მართლებიც არიან, ყველაფერს თავისი ჩარჩოები აქვს. რეალურად არსებობს გარკვეული რისკი, თუმცა არსებობს პროგრამებიც, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენებაზე ზრუნავს და ცდილობს იმ რისკების მინიმიზირებას, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების არამიზნობრივმა თუ არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მოიტანოს.
სწორედ ასეთია „Microsoft“-ის პროგრამა, რომელიც საგანამანთლებლო დაწესებულებებში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებას უზრუნველყოფს, რათა ის იყოს ხელშემწყობი და არა ხელისშემშლელი საზოგადოების განვითარებისა. მეორე მხრივ, ეს არის უზარმაზარი ოკეანე. ბუნებრივია, ჩემთვისაც, ისევე როგორც სხვა მშობლისთვის, არსებობს გარკვეული შიში, რომ ამ უზარმაზარ ოკეანეში, უზარმაზარ კოსმოსში სხვებთან ერთად ჩემი შვილიც არ დაიკარგოს.
ამიტომ აუცილებელია, ყველაფერი ძალიან ფრთხილად გავთვალოთ და სწორად გამოვიყენოთ ის უზარმაზარი ენერგია, რომელიც შეიძლება ორივე მხარეს იყოს მიმართული. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში იყოს მზაობა, ჩვენთ ხელთ არსებული ძალა გონივრულად, რაციონალურად, პრაგმატულად გამოვიყენოთ. საჭიროა ჩვენ, უფროსმა თაობამ, მოვძებნოთ ის სწორი მიდგომა, რომელიც სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს.
რა სიახლეებს გეგმავთ სამომავლოდ?
– ჩვენი პროექტები ორი გარემოს, რეალურ და ირეალურ სამყაროს შორის სინთეზს გულისხმობენ. პროექტები, რომლებიც უკავშირდებობდნენ კულტურულ მემკვიდრეობას, ვგულისხმობ „emanuscipt“-ის პროექტებს, რომელიც გასულ წელს ჩვენ მიერ შერჩეულ 30 სკოლას შორის ჩატარდა, თავის თავში მოსწავლეების მიერ ხალხის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ მიზნით, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას აერთიანებდა.
ეს არ იყო შეჯიბრი, ავიღეთ კონკრეტული თემა, აბო თბილელი, ბავშვებს მივეცით დავალება, ამ ნაწარმოების მიხედვით გამოეკვლიათ კონკრეტული საკითხი, შეექმნათ ვებ-გვერდი და მოეხდინათ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია. საბოლოოდ, ყველაფერს კონფერენციის სახე მივეცით. მიზანი იყო მოსწავლეებში კვლევის უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდება განათლების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ძირითადი საბაზო ღირებულებების დანერგვას, რომელზეც დღეს მსოფლიო დგას, იმ პროცესების განვითარებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების სწორად გამოყენებას, რეალური სამყაროს სწორად აღქმას ნებისმიერი სფეროს მიმართულებით და თანამედროვეობისთვის ამის შემეცნების წყაროდ ქცევას.
სწორედ ამ ორი, რეალური და ვირტუალური, გარემოს სინთეზშია გამოსავალი. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხრივ, ადამიანმა არ დაკარგოს თავისი ყოფიერების შეგრძნება, და მეორე მხრივ, გამოიყენოს ვირტუალური სამყარო, როგორც რეალობის შემეცნების ყველაზე მძლავრი საშუალება. ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა მივაგნოთ „ოქროს შუალედს“.
და როგორ ფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს, მივაგნებთ ამ „ოქროს შუალედს“?
– ვფიქრობ, რომ მივაგნებთ, საზოგადოება საკმაოდ გახსნილია, სიახლეებიც უყვარს, ცოდნას ესწრაფვის, ახალ თაობას კომპიუტერი აერთიანებს, ამას დავუმატოთ გამოცდილება, რომელიც ჩვენს სისტემაშია. ყველაფრის გათვალისწინებით, იმედი მაქვს რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ.
თქვენ ნახეთ, რომ ჩვენს პროექტებში მონაწილეობდნენ არა მარტო ახალგაზრდა, არამედ ასაკოვანი პედაგოგებიც, რომლებიც მოსწავლეებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სწორად გამოყენებაში უწყობენ ხელს.
სწორედ ამაში მდგომარეობს პედაგოგიკა. მათ, შეიძლება ნაკლებად ესმით ინფორმაციული ტექნოლოგიები, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც პროექტზე მუშაობდნენ, მაგრამ გვერდში უდგანან მათ და ყველა შესაძლო გზით ცდილობენ მეტი ცოდნა მიაწოდონ მოსწავლეებს. ასეთი უნდა იყოს კარგი პედაგოგი.