„ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება, ჩემთან არის დაპირისპირებული, თუ ვინმე ბიძინა ივანიშვილს სამშობლოს გადარჩენაში ხელს უშლის, ე.ი. მე მიშლის ხელს“, - აცხადებს ლუკა კურტანიძე For.ge-სთან საუბარში.
პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი თქვენ და სოსო ჯაჭვლიანს კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამო გსაყვედურობთ. მისი აზრით, თქვენ და სოსო ჯაჭვლიანი იმ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობთ, ვინც 26 მაისს „სახალხო კრება“ „გაყიდა“.
- ერთდერთ შეკითხვას დავუსვამდი ბატონ თემურს. რა გინდათ, ბატონო თემურ?! ყოვლისმომცველია ეს კითხვა, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი თემური „სახალხო კრების“ წევრი იყო და თვეების განმავლობაში მხარს უჭერდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართულ პოლიტიკაში მის ოფიციალურ შემოსვლას. დღესაც ერთ განცხადებაში სამაზროვან პოზიციას გამოხატავს - ხან უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილს, ხანაც ბიძინა ივანიშვილი მისთვის საქართველოს იმედია, მაგრამ მხარს არ უჭერს მისი გუნდის წევრებს. არ შეიძლება ასე საუბარი. არ შეიძლება, ერთ განცხადებაში ერთმანეთის გამომრიცხავი პასუხები იყოს. ასეთი ტალღისებური პასუხები, ერთ ტალღაში რამდენიმე ტალღას რომ მოიცავს, მე მგონი, დაუშვებელია. ამიტომაც ვეკითხები მას, რა გინდათ, ბატონო თემურ?! მე ძალიან კარგად ვიცი, მას რა უნდა.
მისი ორმაგი სტანდარტი რით აიხსნება? ამ განცხადებით რისი მიღწევა სურს თემურ შაშიაშვილს?
- მე ვიცი, რომ ბატონი თემური ბატონ ირაკლი ალასანიასთან მეგობრობს. მას მოსწონს ბატონი ირაკლი, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მთლად ბოლომდე ვერ გაურკვევია, რა უნდა. ერთი რამ ვიცი, მე რომ ვყოფილიყავი ბატონი თემურის ადგილზე და ბატონი თემური ყოფილიყო ჩემს ადგილას, მე, ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი, ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც უკვე ბრძოლაში ჩართულ თანამებრძოლს გავაძლიერებდით, მის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს უანგაროდ გვერდში დავუდგებოდით, თუ საჭირო არ ვიქნებოდით, სადაც საზოგადოება იდგებოდა, მათი რიგებიდან გავაძლიერებდით. მე მგონი, ეს უფრო ღირებული იქნებოდა ჩვენი ურთიერთობისთვის, ვიდრე ასეთი განცხადებების გაკეთება. მე არ ვიცი, ერთხელ ბოდიშის მოხდა მოუწია ბატონ თემურს, ახლა კიდევ მეორეჯერ თუ აპირებს ბოდიშის მოხდას, ვერ გავერკვიე. ერთხელ რომ ადამიანი საქვეყნოდ ბოდიშს მოიხდი, შემდეგ კიდევ იმავე განცხადებებს აკეთებ?! ძალიან ვთხოვ ბატონ თემურს, 26 მაისთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად იყოს, რადგან ლუკა კურტანიძემ და სოსო ჯაჭვლიანმა რაც გადაიტანეს... აქედან გამომდინარე, ამ რიცხვსა და ამ ტრაგედიას ხშირად ნუ ახსენებს.
უკვე გავრცელდა ნინო ბურჯანაძის კომენტარი, რომელიც არ მალავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ თქვენი გადასვლით გულდაწყვეტილია. ხომ არ ფიქრობთ, რომ თემურ შაშიაშვილის განცხადებები ნინო ბურჯანაძისას ეხმიანება და, რისი თქმაც საჯაროდ არ სურს ნინო ბურჯანაძეს, შაშიაშვილი ამბობს?
- ქალბატონი ნინოს სიმტკიცე და პოზიცია, ამ სამი წლის განმავლობაში მის გვერდით უღალატოდ დგომა და შემდეგში კიდევ ჩემი მეგობრობა მისდამი, - ყველაფერი ეს იქიდან გამომდინარეა, რომ ის იმ სიმაღლეზე დგას, რა სიმაღლესაც მე მასში ვაფასებ. მჯერა, რომ ნინო ბურჯანაძე, როგორც პოლიტიკოსი, გამაძლიერებს და დაამტკიცებს იმას, რომ ის იმაზე მაღლა დგას, რასაც გულდაწყვეტა ჰქვია. რა თქმა უნდა, როდესაც თანამებრძოლს, ამდენ ბრძოლაგამოვლილ ადამიანს, უწევს, სამშობლოსთვის კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს, ადამიანურად, პირადულად, შეიძლება, ეს არ იყოს გასახარი, მაგრამ მე ქალბატონ ნინოსთან შეთანხმებული ვიყავი, მან ეს ინფორმაცია იცოდა და ამის შემდეგ ფორმალობა, რაც მე „დემოკრატიული მოძრაობიდან“ - ქალბატონი ნინოს პარტიიდან გავაკეთე, ეს უკვე ფორმალობა იყო. ასე რომ, მე, უბრალოდ, ვეტყოდი ბატონ თემურს, თუ ამდენი რამ ერთად გამოგვივლია და ეს მართლაც უანგარო თანადგომა იყო, პირიქით, მე, უკვე ბრძოლაში ჩართული ადამიანი, ველოდი ბატონი თემურისგან, რომ ის ჭკუის სწავლებას კი არ დამიწყებდა საქვეყნოდ, არამედ ზურგს გამიმაგრებდა. ეს უფრო ღირებული იქნებოდა მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის მხრიდან. მაგრამ საზოგადოება თავად გაუკეთებს ყველაფერს კომენტარს და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
უბრალოდ, გული მწყდება. თუ მე ახლა მკვეთრ და განსხვავებულ განცხადებებს ვაკეთებ, ეს იმიტომ, რომ ჩემი განცხადება არის იმ სიმართლის, რომელიც ადამიანობას, კაცობას და ღირსებას ეხება და არა - ორმაგ სტანდარტს. მე მგონი, „სახალხო კრება“ შეიკრიბება და უკვე მერამდენედ, ბოდიშის მოხდას მე ვეღარ მივიღებ. სოსო ჯაჭვლიანი ის სოსო ჯაჭვლიანია, რომელიც მთელ ქვეყანას უყვარს, ნონა გაფრინდაშვილი ის ნონა გაფრინდაშვილია, რომელსაც მთელი საქართველო აფასებს, ელიზბარ ჯაველიძე, რეზო ესაძე, გია ბურჯანაძე ის თანამებრძოლები არიან, რომლებიც კარგად გაგვიგებენ, რომ ხუთჯერ ბოდიშის მომხდელ ადამიანთან, მე მგონი, თანამებრძოლობა არ გამოვა. ის განსხვავებულად ხედავს და მიპირისპირდება. ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება, ჩემთან არის დაპირისპირებული, თუ იგი ბიძინა ივანიშვილს სამშობლოს გადარჩენაში ხელს უშლის, ე.ი. მე მიშლის ხელს. ამ შემთხვევაში, საზოგადოება რომ არ დაბნეულიყო, მას შეეძლო, თუ რამე არ მოსწონდა, წყენა დახურულ კარს მიღმა გამოეხატა, როგორც უფროს ადამიანს, რჩევა მოეცა, მაგრამ, თუ ამ ინტრიგანული განცხადებებით, საქვეყნოდ ამის გაჟღერება და საზოგადოების თვალსაწიერზე გამოტანა უნდოდა, მაშინ ეს სულ სხვა არის. ამას აუცილებლად მოჰყვება პასუხი და ნუ გაუკვირდება ბატონ თემურს, როდესაც მე განცხადებას ვაკეთებ იმ სტანდარტებში, რა სტანდარტსაც ქართველი ადამიანი იმსახურებს - ესაა სიმართლე და პირდაპირობა და არა ხუთაზროვანი კითხვა-პასუხი, როცა ვერ გაიგებ, ეს ადამიანი შენ გემხრობა და გაძლიერებს, თუ გმტრობს.
ანუ თემურ შაშიაშვილი „სახალხო კრებიდან“ გაირიცხება, ისევე, როგორც ამაზე მსჯელობა ერთხელაც იყო?
- მეორედ და მეხუთედ ერთსა და იმავე თემაზე ბოდიშის მოხდა არ გამიგია. თქვენ ჩემს ადგილზე რომ იყოთ, ალბათ, საკითხს ასევე დააყენებდით. „სახალხო კრება“ ზეპარტიული ორგანიზმია, რომელიც მაღალ ღირებულებებზეა აგებული და იმ ღირებულებებით ვცხოვრობთ დღემდე, მისი შექმნის დღიდან.
ბიძინა ივანიშვილმა ლაგოდეხის მაჟორიტარად დაგასახელათ. როგორც ვიცი, სტიქიის შემდეგ ლაგოდეხში ბრძანდებოდით. პოლიტიკურად რა ვითარებაა კახეთში, რადგან ალავერდში გადაღებულ კადრებში ვიხილეთ, რომ „მიშა-მიშას“ ძახილით ეგებებოდნენ პრეზიდენტს და ემადლიერებოდნენ კიდეც. პირადად თქვენ როგორი პოლიტიკური ფონი დაგხვდათ კახეთში?
- აქამდეც ფასადური გახლდათ ის მშენებლობები, რასაც ვხედავდით, ეს დახვედრაც ფასადური იყო, ავტობუსებით მიყვანილ, გაბრუებულ ადამიანებს თავადაც ვერ წარმოუდგენიათ, რასაც იძახიან და რას უწყობენ ამით ხელს. ეს ადამიანები მთელი საქართველოს მასშტაბით ყვითელი ავტობუსების სიარულით დაიღალნენ. როგორც კი მაჟორიტარად დამასახელეს, რამდენიმე დღეში ლაგოდეხის რაიონში ჩავედი, სტიქიის უბედურების შემდეგ სოფელ-სოფელ კარდაკარ ვიარეთ მე და ჩემმა ჯგუფმა, დაზარალებული ხალხის უბედურება გავიზიარეთ, აღვწერეთ. ახლა ამ ინფორმაციის სრული გადამოწმება მიმდინარეობს. ბატონ ბიძინასთან ერთად, სოფელ-სოფელ მოვიარეთ დაზარალებული ოჯახები. კონკრეტულად შევხვდი ადამიანს, რომელსაც 100 %-იანი ზარალი მიადგა. რაც ყველაზე აღსანიშნავია, ბატონმა ბიძინამ ამ ადამიანთან შეხვედრისას გამიძლიერა იმედი. უშუალოდ მისი განცხადებები იმაზე მეტად იმედის მომცემი იყო, რაც მე შემეძლო, წარმომედგინა, რადგან ბატონი ბიძინა ზარალის სრულად ანაზღაურებას მოითხოვს. ის გადარიცხული რესურსი, რაც მან გადარიცხა და მომავალშიც გადარიცხავს, ადგილებზე ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ. ამ მოვალეობას აუცილებლად შევასრულებთ. სრულად აღვნუსხავთ ლაგოდეხის რაიონის შვიდივე სოფლის დანაკარგებს და გავაკონტროლებთ, რომ ხელისუფლებამ ეს თანხები მიზნობრივად დახარჯოს და მიზნობრივად მივიდეს დაზარალებულებთან.
კადრებში თვალი მოვკარი, რომ ვაჩნაძიანში მცხოვრებმა პედაგოგმა ბიძინა ივანიშვილი სახლში ვერ შეუშვა იმ მოტივით, რომ მას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. შიში ისევ არის კახეთში?
- ლაგოდეხის მაგალითზე გეტყვით, რომ ჩემმა კონკურენტმა, ნაციონალებიდან, ისეთი რამეები იკადრა, ახლა არ მინდა, გავიმეორო. კომუნისტების შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში, ნებისმიერმა ლაგოდეხელმა საკუთარ თავზე იწვნია, რომ ხალხისა და რაიონისთვის კონკრეტულად არაფერი გაკეთებულა. ე.წ. ვითომ საავადმყოფო აშენდა, სადაც ერთ დღეს მიიტანეს აპარატურა, ხოლო მეორე დღეს თავის აპარატურიანად გაქრნენ. იმ ოთახში, სადაც პაციენტები უნდა იყვნენ, ექიმების ადგილიც არ არის. გამარჯვებას თუ გეტყვიან და ერთ-ორ სიტყვასაც დაამატებენ, რამდენიმე ათეული ლარი უნდა გადაიხადოთ, თორემ არც მისალმებაზე შეიწუხებენ თავს. ასეთ საავადმყოფოში შესულ პაციენტს უფრო უმძაფრდება ავადმყოფობა. ხალხი უპატრონოდაა ამ რაიონში. ღირშესანიშნავი არაფერი აშენებულა, არც განათლების მხრივ გაკეთებულა რამე, არც გასართობი საშუალებებია, რომ ნაჯაფ ადამიანს ამოსასუნთქი ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ კურორტული ზონაა და ამხელა სიმდიდრე აქვს ლაგოდეხის რაიონს, აქ არაფერი გაკეთებულა, ამიტომ ამ ადამიანების ინფორმირება ადვილია. მათ პრაქტიკულად გამოსცადეს, ხელისუფლებამ რაც „გააკეთა“. არც ცენტრიდან ყოფილა ამის მზაობა, არც ადგილობრივ მოუკლავს თავი ვინმეს, რომ რაიონისთვის რამე გაეკეთებინა. ყველაფერი თვალსაწიერზეა. ჩვენ კონკრეტული პროექტებით მოვდივართ, რომ ლაგოდეხი ნამდვილად საკურორტო ზონა გახდეს და აქაურებმა იგრძნონ, რომ მათი შემოსავალი არ დაიკარგება. აქ უამრავი ხილ-ბოსტნეულია, რომელსაც საკონსერვო ქარხანა, ჩამბარებელი პუნქტები სჭირდება. ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ, ეს პროგრამულად გაწერილია. აქ არიან ბუნებით ჯანმრთელი ახალგაზრდები, რომელთაც დაკვალიანება სჭირდებათ, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები უნდა ფუნქციონირებდეს. ფორსმაჟორულად მოხდა ბატონი ბიძინას ლაგოდეხში ჩასვლა, იგი სტიქიის გამო ჩავიდა და მეხივით გავარდა, ბიძინა ივანიშვილი მოდისო. მის ყოველ სიტყვას ემოციებითა და ტაშით ხვდებოდნენ, მათთვის იგი იმხელა იმედია. რომ იცოდეთ, ძალიან ბევრი გულდაწყვეტილი დარჩა, ყველას უნდოდა მისი ხილვა. მე მათ ავუხსენი, რომ ეს ფორსმაჟორული ჩამოსვლა იყო, ბატონმა ბიძინამაც თქვა, რომ ეს იყო სტიქია და არა - საარჩევნო პერიოდი. მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით კი ბიძინა ივანიშვილი ლაგოდეხის რაიონს აუცილებლად ეწვევა.
თქვენ ეკლესიასთან დაახლოებული პირი ბრძანდებით. მეუფე იობის ქადაგებას შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა სახელისუფლო ტელევიზიებში. ამ თემას ეხმიანება პატრიარქის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის სასულიერო პირი თავის აზრს გამოთქვამს და მას უკვე მტრად მიიჩნევენ. ყველა ადამიანი კი თავისუფალია და მას უფლება აქვს, გამოთქვას საკუთარი აზრი.
- უდიდესი ავტორიტეტი აქვს ეკლესიას. ერთ რამეს ვიტყვი, რომ პატრიარქსა და მეუფე იობს მუხლებზე დავარდნილი, ჩემი ცრემლით დავბან ფეხს. იმხელა სიყვარული და ნდობა გამაჩნია ამ ადამიანების წინაშე, რომლებიც ჩვენი სულიერების, ჩვენი გადარჩენის სადარაჯოზე დგანან. მეუფე იობი არის ადამიანი, რომლისგანაც მაგალითი უნდა აიღოს სრულიად საქართველომ. მის გადადგმულ ყოველ ნაბიჯს მოვეფერები. ეს არის მოსაფრთხილებელი ადამიანი. ახლა, რას ამბობენ ეს გონებადაბნელებულები, მათგან იმდენი სისულელე მომისმენია... მათ შეუძლიათ, პატრიარქი და მეუფე იობი, ერის გადამრჩენი ადამიანები, რომლებიც ცრემლითა და თავისი ცხოვრებით დღედაღამ ლოცულობენ ჩვენს გადარჩენაზე, აუგად მოიხსენიონ. ის ადამიანები, რომლებსაც პირიდან ამოსდით ისეთი სიტყვები, რომ აუგი თქვან ასეთ სამაგალითო ადამიანებზე, მხოლოდ და მხოლოდ სამკურნალონი არიან, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ერთი რამ კარგად დამამახსოვრდა. პატრიარქმა ბრძანა, შეურაცხყოფის გარეშე უნდა ვისწავლოთ კონკურენცია, მით უმეტეს, მოახლოებული არჩევნების წინ და ამ ღირსეულ კონკურენციაში შეურაცხყოფის გარეშე ვეცადოთ, მივაღწიოთ ცვალებადობას. ასე რომ, უნდა თუ არა ამ ხელისუფლებას, ეს ცვლილება აუცილებლად მოხდება. გუშინდელი ფაქტის შესახებაც გეტყვით, გარემოს დაცვის მინისტრი იყო ჩამოსული ლაგოდეხის რაიონში, აფენში, ბატონი ბიძინაც იქ იყო. ისე უღირსად იქცეოდა ხაჩიძე, ბოლოს და ბოლოს, მინისტრი ჰქვია...
გამატარეთ, მინისტრი ვარო, რომ იძახდა?
- დიახ, როგორც ყოვლად უღირს ადამიანს რომ მოიშორებენ, ხალხმა ისე მოიშორა, გაეთრიე აქედან, აქ რა გინდაო. არ უნდა დაიმსახურონ ასეთი მიმართვა. ზურგი აქცია ყველამ და ახლოს არ მიუშვეს. ეს მაშინ, როცა ბატონი ბიძინას ყოველ სიტყვას ოვაციებით, ტაშითა და დიდი იმედით ხვდებოდნენ. მართლა საცოდავად გამოიყურებოდა ე.წ. ეს მინისტრი. მე მას ვუთხარი, რომ არ ეკადრებოდა ასეთი სიტყვების თქმა და შემდეგ თვითონ ხალხმა გასწია გვერდზე. არც კი ჩავთვალე საჭიროდ, მისთვის მეტი რამ მეთქვა, რადგან ეს კაცი პასუხის გაცემას არ იმსახურებდა.