გიორგი ბაჩიაშვილის საქმე, როგორც სამართლის ტრიუმფი და პოლიტიკური სპეკულაციების კრახი

გიორგი ბაჩიაშვილის საქმე, როგორც სამართლის ტრიუმფი და პოლიტიკური სპეკულაციების კრახი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალი დაუმტკიცა, რითაც მას 11-წლიანი პატიმრობა შეუნარჩუნდა. სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილება სხდომის თავმჯდომარემ, პაატა სილაგაძემ გამოაცხადა, რასაც დარბაზში თავად მსჯავრდებულიც ესწრებოდა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლოში დადასტურდა, რომ ბაჩიაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მილიონობით დოლარის კრიპტოვალუტა მიითვისა. პროკურატურის განცხადებით, საქმეში ბაჩიაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, მისი აღიარებითი ჩვენებაც.

საქმის მასალებით ისიც ირკვევა, რომ ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6.5 მილიონ დოლარს შეადგენდა. მედიაში გავრცელებული ელექტრონული მიმოწერა, რომელიც ბაჩიაშვილს კრიპტობირჟასთან ჰქონდა, საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა და ადასტურებს, რომ მისი წილი ამ საქმეში 1.5 მილიონი დოლარი იყო, რომლის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვასაც ითხოვდა.

გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობასა და დამნაშავეობას.

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დემონსტრაცია, რომ კოლეგიამ სრულად შეაფასა და გააანალიზა ყველა მტკიცებულება, მოწმის ჩვენება, დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე, მიითვისა კრიპტოვალუტა, ასევე მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია.

რიცხვები რომ დავამრგვალოთ, ინვესტიციის ჯამური მოცულობა იყო 6 მილიონნახევარი. ბრალდება ედავებოდა და სასამართლომაც დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მონაწილეობა იყო მხოლოდ მილიონნახევრის ფარგლებში. ეს მას, პრაქტიკულად, აღიარებული აქვს.

თავად კრიპტობირჟას მისწერა მეილი, რომელიც თან მაქვს და არაერთხელ მოვახდინე მისი დემონსტრაცია, სადაც თქვა, რომ ინვესტიციებში მონაწილეობისას, მან სწორედ მილიონნახევრით დააფინანსა ეს პროექტი.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ბრალის არსი, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებაც და შეფასებაც. აქედან გამომდინარე, თავად გიორგი ბაჩიაშვილის შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობასა და დამნაშავეობას“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ. 

პირველი ინსტანციის მსგავსად, სააპელაციო სასამართლოშიც, ბრალდებებზე პასუხის ნაცვლად, ბაჩიაშვილი სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდა. თავის მხრივ, დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მაინინგში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაბანდებული 5 მილიონი დოლარი, სესხი იყო და არა ინვესტიცია.

დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

„ეს არის ფალსიფიცირებული საქმე, რომლის უკან არ არის მართლმსაჯულების ინტერესი. სააპელაციო სასამართლოს დღევანდელმა განაჩენმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ ეს უსამართლობა არ დარჩეს პასუხის გარეშე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ყოველთვის ინფორმირებული ამ პროცესების შესახებ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ პირობებში, როდესაც ქართული მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, არის მიტაცებული და არავითარი იმედი სამართლიანობისა და სამართლის აღსრულების ინსტიტუციისგან აღარ დარჩა“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მისივე თქმით, განაჩენი გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში, რის შემდეგაც გახსნილი იქნება გზა საერთაშორისო ინსტანციებისკენ - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ადვოკატმა ასევე დასძინა, რომ სხვა საქმეებზე, მათ შორის, კრიპტოვალუტის, მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებულ საქმეებზე, ამ ეტაპზე, პროცესები ჩანიშნული არ არის.

ასობით მილიონი დოლარის მითვისების საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, ოპოზიცია პოლიტიკურ მოტივს ხედავს, ხოლო მმართველი გუნდი ბაჩიაშვილის საქმეს „სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ ჭრილში მიზანმიმართულ გადატანად“ აფასებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსული პასპორტით გაქცეული ბაჩიაშვილი, რომელიც ქვეყანაში საპროტესტო აქციებს აფინანსებდა, ახლა სასჯელისგან თავის არიდებას ცდილობს.

გიორგი ბაჩიაშვილი ორივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო კრიპტოვალუტის საქმეზე. ამას გარდა, მას ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის საქმეებზეც. 

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან ამბობს, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამართალი ჩვენს ქვეყანაში მუშაობს და არავის აქვს იმის ილუზია, რომ მაღალი თანამდებობები ან პოლიტიკური კავშირები მას პასუხისმგებლობისგან დაიცავს. მისი თქმით,  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა, ნათელი გზავნილია ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგას.

„ბაჩიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობდა, ამ ნდობას პირადი გამდიდრებისთვის იყენებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაჩიაშვილის მცდელობა, სასამართლო ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოეყენებინა. ეს არის ტიპური სტრატეგია, რომელსაც ხშირად მიმართავენ ის ადამიანები, რომლებსაც ფაქტობრივი მტკიცებულებებით თავის დაცვა არ შეუძლიათ. ამ გზით ისინი ცდილობენ, სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურ დევნად წარმოაჩინონ და საზოგადოების თვალში მსხვერპლის როლი მოირგონ. არადა, რეალობა მარტივია: სახეზეა დიდი ოდენობით თანხების მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რაც მძიმე დანაშაულია“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, ოპოზიციის მცდელობა, ამ საქმეში პოლიტიკური მოტივი დაინახოს, მიზანმიმართული დეზინფორმაციის ნაწილია.

„ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სამართლებრივი პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. როდესაც ადამიანი, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს და ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ საპროტესტო აქციებს აფინანსებდა, დღეს სასჯელისგან თავის არიდებას პოლიტიკური ნიშნით ცდილობს, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი ქმედებების მოტივებსა და მიზნებს. ქართული მართლმსაჯულება კი ასეთი მანიპულაციების მსხვერპლი არასოდეს გახდება“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, ეს განაჩენი აჩვენებს, რომ ჩვენი სახელმწიფო შეუწყნარებელია კორუფციისა და ფინანსური მაქინაციების მიმართ.

„ის, რომ ბაჩიაშვილი პოლიტიკურ თავდასხმებზე საუბრობს, მხოლოდ სასოწარკვეთილი მცდელობაა, თავი დააღწიოს კანონიერ სასჯელს. მისი ქმედებები, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მილიონების მითვისებას, არამედ საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და სახელმწიფო პროექტებთან დაკავშირებულ დარღვევებს, ნათლად მეტყველებს მის არაპატიოსნებაზე. ეს საქმე სამართლიანობის ტრიუმფია, რომელიც მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ კანონს და იმოქმედონ პასუხისმგებლობით“, - მიიჩნევს გვენეტაძე.