მსოფლიო ისტორიაში, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც იცის, რომ ომს აგებს, მაგრამ დასრულება არ უნდა. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს, უკრაინის შესახებ, თანაც მის გარეშე, არაფრის მიღება არ შეუძლიათ. ზელენსკიმ ამ განცხადებით უკვე მერამდენედ დაადასტურა, რომ როგორც ომის დაწყება, ასევე დასრულება არ არის უკრაინის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, რომელმაც ამ ომის შედეგად დააგროვა უძრავი ქონება და დღემდე იღებს ფინანსურ სარგებელს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პუტინისა და ტრამპის საუბარი შეიძლება მნიშვნელოვანია მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, მაგრამ უკრაინის გარეშე, უკრაინის შესახებ, არაფრის მიღება არ შეუძლიათ.
„უკრაინაზე, უკრაინის გარეშე საუბარი შეუძლებელია და არავინ ამას არ მიიღებს. ძალიან მჯერა და იმედი მაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ეს ესმის და იაზრებს. არის რაღაცები, რაც გულში გაქვს და არის რაღაცები, რაც კონსტიტუციაშია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციამდე, ევროკავშირის 26-მა სახელმწიფომ უკრაინის მხარდასაჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადებას ხელი მხოლოდ უნგრეთმა არ მოაწერა. მოგვიანებით, ვიქტორ ორბანმა X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მაგალითზე, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტი უნდა ჩაატარონ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განმარტა თუ რატომ არ მოაწერა ხელი უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.
„იქამდე, სანამ ლიბერალურ-მეინსტრიმულ მომღერალთა გუნდი თავიანთი საყვარელი „პუტინის მარიონეტის“ მელოდიის უახლესი ვერსიის შესრულებას დაიწყებს, გადავწყვიტე ავხსნა, თუ რატომ არ დავუჭირე მხარი ამ განცხადებას, უნგრეთის სახელით. ეს განცხადება ცდილობს დააწესოს პირობები იმ შეხვედრისთვის, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები მიწვეულები არც კი არიან. ის ფაქტი, რომ ევროკავშირი პროცესს გარეთ დარჩა, უკვე თავისთავად სამწუხაროა.
ერთადერთი, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს, არის ის, თუ მითითებების გაცემას სათადარიგოთა სკამიდან დავიწყებთ. ერთადერთი გონივრული ნაბიჯი ევროკავშირის ლიდერების მიერ, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მაგალითზე, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტის ჩატარებაა. მოდით, მშვიდობას შანსი მივცეთ“, - აცხადებს ვიქტორ ორბანი.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ტრამპმა თამაშის წესები შეცვალა და პუტინი ზეწოლას გრძნობს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს და განსახილველ საკითხებს, პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შესაძლოა, მიწები გაიცვალოს, ბოლომდე კმაყოფილი არავინ დარჩება, მაგრამ თუ ვინმეს ამის გაკეთება შეუძლია, ეს პრეზიდენტი ტრამპია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა თამაშის წესები უკვე შეცვალა. მან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევისთვის პირობები შექმნა, რაც თავიდანვე მისი მიზანი იყო. დონალდ ტრამპმა პუტინზე რეალური ზეწოლა შექმნა. ამ ზეწოლის გარეშე, პუტინი შეხვედრას არ დათანხმდებოდა“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
პოლიტიკის დოქტორს, პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძეს ვერ წარმომუდგენია სიტუაცია, რომ ზელენსკი დაესწროს ამ შეხვედრას. მიზეზი მარტივია - იმიტომ, რომ ეს პუტინის დღის წესრიგს მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს და მისი იმიჯიც დამარცხდება.
„აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს პუტინმა დაუშვას, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს ტრამპის მხრიდან.მეორე, რაზეც არ უნდა მოილაპარაკონ, ამას მოჰყვება ახალი დიდი აქცია, რომელიც ამ მოლაპარაკებას ჩაშლის. დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო თავდასხმა სტრატეგიულ ავიაგამანადგურებლებზე, ან როგორიც იყო ბუჩა. დაახლოებით, ასეთი რამ მოხდება. იმგვარი, რომელიც მისცემს ამ ომს ახალ სტიმულს.
ჩვენ ხომ გვახსოვს ტრამპის ამ სამშვიდობო ინიციატივების შემდეგ, ომს სტიმული რამ მისცა? - თავდასხმამ ავიაგამანდგურებლებზე, რამაც რუსეთს მისცა ახალი ესკალაციის საშუალება. ამას მოჰყვა კატასტროფული დაბომბვები და ვხედავთ, რომ ხუთი ქალაქია ალყაში. ტრამპიც და დასავლელი სტრატეგებიც, ყოველნაირად ცდილობენ, რომ ომი შეაჩერონ იმიტომ, რომ ახლოს არის ფრონტისა და უკრაინული სტრუქტურების ჩამოშლის საფრთხე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, სოსო მანჯავიძე.
პუტინი ერიდება ტრამპთან ურთიერთობის გაფუჭებას, თორემ ჯერ მიზნისთვის არ მიუღწვია და ასე გაწელილი ომის წარმოება მას სამუდამოდ შეუძლია.
ომის დასრულება და ზელენსკის აღსასრული ერთი იქნება. მას კორუფციაში ადანაშაულებენ და უკვე ემუქრებიან თავისივე ყოფილი მხარდამჭერები (მაგ. გონჩარენკო და არა მარტო), ამიტომ მას აწყობს დაუსრულებელი ომი.
ომის დასრულება არ აწყობთ არც ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებმაც მასში ფინასები ჩაასხეს და სანქციებიდანაც დიდი ზარალი მიიღეს. მათ ომის დასრულების შემდეგ, მოშლილი ეკონომიკის გამო, პასუხის გაცემა მოუწევთ საკუთარი ხალხისათვის.
ომის დასრულება არ აწყობს ბალტიისპირეთის მარიონეტულ ხელისუფლებებს, რადგან ეშინით რუსეთმა მათთვის არ მოიცალოს.
ომის დასრულება ხელს აძლევს მხოლოდ ტრამპის მოკავშირე ორიოდ ევროპულ სახელმწიფოს, რომლებიც უკრაინის დახმარებას და სანქციებს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ, რადგამ მისგან ზარალის მეტი არაფერი მიუღიათ.
და ბოლოს, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, ომის გაგრძელება, მისწრებაა თვით ტრამპისთვისაც. თუ ევროპა და რუსეთი ერთმანეთს თითონ დაანგრევენ, მას მეტი რესურსი დარჩება ჩინეთთან კონკურენციულ ბრძოლაში, იდეა ფიქსად აღქმული გამარჯვებისათვის.
რჩება მხოლოდ უკრაინელი ხალხი, რომლისთვისაც ომის გაგრძელება განადგურების ტოლფასია. ანალოგიურ მდგომარეობაშია რუსი ხალხიც, რადგან სინამდვილეში ეს ძმათა მეკვლელი ომია. სამოქალაქო მხოლოდ იმიტომ არ ეწოდება, რომ რუსეთი და უკრაინა, სხვადასხვა სახელმწიფოებად იწოდებიან.