ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორზე კონტროლის აღების მისი გეგმა არ მოიცავს რეგიონის მუდმივ ოკუპაციას. გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განიხილება ისრაელის გეგმები ღაზაში სამხედრო ყოფნის გაფართოების შესახებ.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ ცდილობს ღაზას ოკუპაციას და საჭირო ნაბიჯებს დგამს მძევლების გასათავისუფლებლად. მსოფლიო მედია, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ანკლავში არსებულ ვითარებას დამახინჯებულად წარმოაჩენს, რადგან ჰამასის „პროპაგანდას“ აჰყვა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელს სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ გაეფართოებინა სამხედრო ოპერაცია ღაზას სექტორში, მიზნის მისაღწევად - ჰამასის სრულად დასამარცხებლად.
„ისრაელს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ საქმე დაასრულოს და ჰამასი სრულად დაამარცხოს. ჩვენ უკვე ბევრს მივაღწიეთ. ღაზას დაახლოებით 70-75% ისრაელის კონტროლქვეშაა, სამხედრო კონტროლის ქვეშ“, - თქვა მან და დასძინა, - „მაგრამ ჩვენ ორი დასაყრდენი დაგვრჩა. ესენია ღაზას ქალაქი და ალ-მავასის ცენტრალური ბანაკები. ეს ომის დასრულების საუკეთესო გზაა და მისი სწრაფად დასრულების საუკეთესო გზა. არ მინდა კონკრეტულ ვადებზე საუბარი, მაგრამ ეს საკმაოდ მოკლე ვადაა, რადგან ჩვენ ომის დასრულება გვსურს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუმ ომის დასრულების ხუთი პრინციპი ჩამოაყალიბა: ჰამასის განიარაღება, ყველა მძევლის დაბრუნება, ღაზას სექტორის დემილიტარიზაცია, ისრაელის კონტროლი ღაზას სექტორში უსაფრთხოებაზე და „ალტერნატიული სამოქალაქო ადმინისტრაციის“ შექმნა, რომელშიც არ შევლენ არც „ჰამასის“ და არც პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლები.
პრემიერ-მინისტრი ასევე ამტკიცებს, რომ ოპერაცია ხელს შეუწყობს „ჰამასის“ მიერ, ჯერ კიდევ დაკავებული დარჩენილი მძევლების დაბრუნებას - ისრაელიდადნ ტყველად აყვანილი 50 ადამიანიდან, სავარაუდოდ, 20 ჯერ კიდევ ცოცხალია.
ნეთანიაჰუმ ასევე პირობა დადო, რომ უცხოელ ჟურნალისტებს ღაზაში შესვლის უფლებას მისცემდა, თუმცა ისრაელის სამხედრო ზედამხედველობის ქვეშ. მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების საკითხები კვლავ არსებობს, ამის გაკეთება შესაძლებელია.
მსოფლიო წინააღმდეგია
ისრაელის გეგმა თავიდანვე გააკრიტიკეს ევროპულმა ლიდერებმა და გაფრთხილება გაავრცელეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის წინ. განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს ორმა მუდმივმა წევრმა - ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, ასევე დანიამ, საბერძნეთმა და სლოვენიამ. მათ განაცხადეს, რომ ნეთანიაჰუს წინადადება გააუარესებდა ღაზაში ისედაც მძიმე სიტუაციას. ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ხელს არ შეუწყობს მძევლების დაბრუნების უზრუნველყოფას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ხელახლა უნდა გადაიხედოს“, ხოლო პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ამ ნაბიჯს „ნამდვილი დანაშაული“ უწოდა. გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ის შეაჩერებს ისრაელში იარაღის ექსპორტს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ღაზაში, ნაბიჯი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „არასწორი“ უწოდა და თქვა, რომ ეს „მხოლოდ მეტ სისხლისღვრას გამოიწვევს“. არაბულმა ქვეყნებმა, მათ შორის, ეგვიპტემ, იორდანიამ და საუდის არაბეთმა, ასევე დაგმეს წინადადებები და „დაჟინებულ“ ფაქტს „ეთნიკურ წმენდად“ უწოდეს.
ამასობაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯ.დ. ვენსმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს „ჰამასის“ განადგურება, რათა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას აღარ დაესხნენ თავს, თუმცა ასევე სურს ღაზაში „ჰუმანიტარული კრიზისის“ მოგვარება.
ღაზაში ჟურნალისტები მოკლეს
ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, ღაზას ქალაქში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან ახლოს, „ალ ჯაზირას“ ჟურნალისტი, ანას ალ-შარიფი და არხის კიდევ ოთხი თანამშრომელი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალ-შარიფი „ჰამასის“ ბლოკს ხელმძღვანელობდა. „ალ ჯაზირას“ ცნობით, კორესპონდენტები - ანას ალ-შარიფი და მოჰამედ კრეიკე, ასევე ოპერატორები იბრაჰიმ ზაჰერი, მოჰამედ ნუფალი და მუამიან ალივა, ტერაქტის დროს, საავადმყოფოს მთავარი კარიბჭის მახლობლად, პრეს-კარავში იმყოფებოდნენ.
დარტყმიდან მალევე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურეს, რომ მათი სამიზნე ანას ალ-შარიფი იყო და განაცხადეს, რომ ის „ჰამასის“ ტერორისტულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სხვა დაღუპული ჟურნალისტების შესახებ არაფერი უთქვამთ.
„ალ ჯაზირას“ მთავარმა რედაქტორმა, მოჰამედ მოაადმა, BBC-ს განუცხადა, რომ ალ-შარიფი აკრედიტებული ჟურნალისტი იყო და რჩებოდა „ერთადერთ ხმად“, რომელიც მსოფლიოს ინფორმაციას აწვდიდა ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ომის განმავლობაში, ისრაელი არ აძლევდა საერთაშორისო ჟურნალისტებს ღაზაში თავისუფლად გადაღების უფლებას, ამიტომ ბევრი მედიასაშუალება ადგილობრივ რეპორტიორებს ეყრდნობა.
სიტუაცია ღაზაში
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, არასრულფასოვანი კვების შედეგად, ხუთი ახალი გარდაცვალების შესახებ განაცხადა, რომელთაგან ორი ბავშვია. სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, არასრულფასოვანი კვების შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 217 ადამიანს მიაღწია, მათ შორის, 100 ბავშვია.
ივლისში, გაერო-ს მხარდაჭერით, საერთაშორისო სურსათის უვნებლობის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ღაზას სექტორი, ამჟამად, „შიმშილობის ყველაზე უარესი სცენარით ხასიათდება“.
მარტის დასაწყისში, ისრაელმა ღაზას სექტორში დახმარების მიწოდებაზე სრული ბლოკადა დააწესა, რომელიც 11 კვირის შემდეგ, ნაწილობრივ მოიხსნა. მაისში, ისრაელისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ღაზას ჰუმანიტარულმა ფონდმა (GHF) დახმარების განაწილება ღაზას სექტორის ოთხ ლოკაციაზე დაიწყო.
აგვისტოს დასაწყისში, გაერო-მ განაცხადა, რომ მაისის ბოლოდან, საკვების ძებნისას, სულ მცირე, 1 373 პალესტინელი დაიღუპა. მათგან 859 დაიღუპა GHF-ის ობიექტებთან ახლოს, ხოლო 514 - ჰუმანიტარული კოლონის მარშრუტებზე. GHF-მა უარყო გაერო-ს მონაცემები.
ისრაელი ადრე ამტკიცებდა, რომ დახმარების მიწოდებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, გაერო-სა და დახმარების სააგენტოებს ბრალს სდებდა დახმარების არასათანადოდ განაწილებაში, ხოლო „ჰამასს“ - მის მოპარვაში, რასაც დაჯგუფება მუდმივად უარყოფდა. ისრაელი ასევე აცხადებდა, რომ ღაზაში შიმშილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფართოდ გავრცელებული შიმშილის, არასრულფასოვანი კვებისა და დაავადებების მტკიცებულებები.
წყაროები: https://www.bbc.com/russian/articles/crkzz007d5yo
https://www.bbc.com/russian/articles/ckgeey4dqgxo