მახარაძის  სახით, კალაძეს პირველი კონკურენტი ჰყავს - წაიღებს თუ არა „ალტ ინფო“ „ოცნების“ კონსერვატორული შეხედულებების ამომრჩეველთა ხმებს?

მახარაძის სახით, კალაძეს პირველი კონკურენტი ჰყავს - წაიღებს თუ არა „ალტ ინფო“ „ოცნების“ კონსერვატორული შეხედულებების ამომრჩეველთა ხმებს?

ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები სულ უფრო საინტერესო ელფერს იძენს. 4 ოქტომბრისთვის დანიშნულ კენჭისყრამდე, თბილისის მერობისთვის ბრძოლაში, მოქმედ მერს, კახა კალაძეს პირველი ოფიციალური კონკურენტი უკვე გამოჩნდა. „ალტ ინფომ“, რომელიც  არჩევნებში „კონსერვატორები საქართველოსთვის“ სახელით მონაწილეობს, თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ მახარაძე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ უკვე მიანიჭა საარჩევნო ნომერი - N3. პარტიის განცხადებით, ისინი არა მხოლოდ დედაქალაქის მერისთვის, არამედ რეგიონებისა და თბილისის საკრებულოებშიც აპირებენ ბრძოლას.

31 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად მესამედ წარადგინა, ხოლო 11 აგვისტოს, დანარჩენი 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებიც ცნობილი გახდა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებში, სულ 17 პარტია მონაწილეობს. თბილისში მერობის ერთიანი კანდიდატის წარდგენას აანონსებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი იყო სხვადასხვა კანდიდატზე, მათ შორის, მომღერალ მერაბ სეფაშვილზე, ამ დროისთვის საბოლოო გადაწყვეტილება ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

როგორც ცნობილია, 1 სექტემბრამდე, ისინი შიდაპარტიულ გამოკითხვას აწარმოებენ და რამდენიმე კანდიდატს, მათ შორის, ალეკო ელისაშვილს, მერაბ სეფაშვილს და გიორგი შარაშიძეს განიხილავენ.

„კონსერვატორების“ პარტიის ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამია: „ოფიციალურად შევედით საარჩევნო კამპანიაში. ზურაბ მახარაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, ხოლო თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის პირველი ოთხეული გიორგი ქარდავა, ირაკლი მარტინენკო, შოთა მარტინენკო და ირაკლი მორგოშია იქნებიან“.

ზურაბ მახარაძის თქმით, მისი პარტია მესამე ძალის ფორმირებაზე აცხადებს პრეტენზიას და საკრებულოებშიც აქტიურ ბრძოლას გეგმავს. „ყოველთვის ვამბობდით, რომ რაღაც მესამე ძალა უნდა გაჩნდეს. „ნაცები“, „ქოცები“ ყელშია ამოსული და პირდაპირ მესამე ალტერნატივის ფორმირებას რომ ვცდილობთ, ეს სიმბოლურადაც გაფორმდა (ნომერი 3-ით) და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მახარაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა საკრებულოების მნიშვნელობას, როგორც ადგილს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ხდება „ხალხის ფულის გაფლანგვა“ და „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი ბიზნესმენებისთვის ტენდერების მოგების უზრუნველყოფა. მახარაძის თქმით, მათი წარმომადგენლების საკრებულოში შესვლა ამგვარ უკანონობებთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება იქნება.

ამ ეტაპზე, ანალიტიკოსები აქტიურად აფასებენ ზურაბ მახარაძის შანსებს. მთავარი კითხვა ისაა, რამდენად არსებობს ალბათობა, რომ „კონსერვატორებმა“ „ქართულ ოცნებას“ თბილისში, კონსერვატიული ამომრჩევლების ხმები წაართვან.

ზურაბ მახარაძე და „ალტ ინფო“ ცნობილია თავისი მკვეთრად კონსერვატიული და ნაციონალისტური შეხედულებებით. მათი მხარდამჭერთა ბაზა, ძირითადად, შედგება იმ ამომრჩევლებისგან, რომლებიც უკმაყოფილონი არიან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ პოლიტიკით და ეძებენ ალტერნატიულ, მეტად ტრადიციულ და კონსერვატიულ ძალას.

ანალიტიკოსების აზრით, მახარაძეს შეუძლია მიიზიდოს ის ამომრჩევლები, რომლებიც სოციალურ და კულტურულ საკითხებში უფრო კონსერვატიულ პოზიციებს იზიარებენ და არ ენდობიან არსებულ პოლიტიკურ სპექტრს. თუმცა, მისი წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეძლებს ის ამომრჩეველთა მობილიზებას და ფართო სპექტრის მხარდამჭერების მოზიდვას, ვიდრე მხოლოდ ულტრაკონსერვატიული ნაწილისას.

კახა კალაძის, როგორც მოქმედი მერის პოზიცია საკმაოდ ძლიერია, თუმცა ნებისმიერ ახალ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია კონკრეტული სეგმენტის ხმების წართმევა, შეუძლია საარჩევნო სურათი შეცვალოს. მახარაძის შემთხვევაში, მთავარი გამოწვევა იქნება არა მხოლოდ არსებული მხარდამჭერების კონსოლიდაცია, არამედ ახალი ამომრჩევლების მოზიდვა, რომლებიც „ქართული ოცნების“ კონსერვატიულ ფრთას შეიძლება გამოეყოს.

ამ არჩევნებზე საინტერესო იქნება „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანების შედეგების ნახვაც, რადგან მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ერთიანი კანდიდატის წარდგენა. კონსერვატორების მხარდამჭერების ხმები კი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს თბილისის მერის არჩევნებზე. 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ეჭვობს, რომ მახარაძის კანდიდატურა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის კახა კალაძეს, თუმცა მმართველი გუნდისთვის მახარაძის კანდიდატურა ცუდია იმ მხრივ, რომ ის შეეცდება კონსერვატიული შეხედულებების მქონე ამომრჩევლის გადაბირებას. საყვარელიძე for.ge-თან იმასაც არ გამორიცხავს, რომ მახარაძემ „ლელოსა“ და გახარიას კანდიდატსაც კი აჯობოს.

„მძიმედ წარმოსადგენია ისეთი დარტყმა, რომ კალაძემ წაიფორხილოს, მაგრამ ბრძოლა აშკარად გამწვავდება. ვინც პოლიტიკურ პროცესებს არ აკვირდება, შეიძლება არც კი იცოდეს, ვინ არის მახარაძე. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კამპანიის ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დედაქალაქში საინფორმაციო აქტიურობა აუცილებელია, რადგან მახარაძე არ არის ისეთი ცნობილი ფიგურა, რომ თბილისი ავტომატურად მის მხარეს იდგეს“, - აღნიშნავს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ნებისმიერი არჩევნები მუდმივ მზადყოფნას და მობილიზებას მოითხოვს.

„თუ პროცესს ყურადღებას არ მიაქცევ, სიურპრიზი ყველგან შეიძლება დაგხვდეს. 2012 წელს, სააკაშვილი დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში, მაგრამ სულ სხგვაგვარი შედეგი დადგა, რაც სერიოზული გაკვეთილია. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მაშინ, მიუხედავად მაქსიმალური რესურსების ჩართვისა, არჩევნებმა მაინც სხვა სურათი აჩვენა. ასეთივე მაგალითია 2024 წლის არჩევნები, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქებში სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია - იქ, სადაც პოლიტიკურად ყველაზე აქტიური მოსახლეობაა, დაუდევრობამ თავისი შედეგი გამოიღო“, - ამბობს ანალიტიკოსი.

საყვარელიძე არ თვლის, რომ „ალტ ინფო“ ძლიერ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება, თუმცა მიიჩნევს, რომ მას შეუძლია „ოცნებით“ უკმაყოფილო ელექტორატის ნაწილი მოიზიდოს.

„ფაქტობრივად, ეს შეიძლება „ოცნების“ უფრო რადიკალური ვერსია აღმოჩნდეს და ამ შემთხვევაში, იმაზე მეტი ხმა მიიღოს, ვიდრე ველით. მართალია, პირადად მე არ ვაფასებ დიდ პერსპექტიულ ძალად, მაგრამ საბოლოოდ, პროცესები თავად გვაჩვენებს, რა მოხდება.

ამ ფორმატში, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაში გახარიას პარტიაა - მას შეუძლია ხმები მიიღოს, როგორც „ოცნებით“, ისე „ნაციონალური მოძრაობით“ იმედგაცრუებულებისგან. გახარია ყოველთვის ცდილობდა ორი პოლუსის შუაში დარჩენას და დღემდე ინარჩუნებს ამ პოზიციას, რაც მისთვის სარგებლის მომტანია. რაც შეეხება ხაზარაძის პარტიასთან კონკურენციას, ვფიქრობ, „ალტ ინფო“ აქ უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე გახარიასთან შეჯიბრში“, - ამბობს ანალიტიკოსი. 

 

 

Aburjga Tasmanieli ხელისუფლებას ცოტა მეტი ლოიალობა და საქართველოს სასარგებლო პოლიტიკური წინდახედულება გამოეჩინა, დღეს გახარია- გვარამია-მელაძე-ხოშტარია (გადაგვარებულების, დეგრადირებულების კლასტერი) კი არ ეყოლებოდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ, არამედ ჯანსაღი, სუფთა ეროვნული ძალა ალტ-ინფო-კონსერვატიული მოძრაობა იქნებოდა ნამდვილად კონსტრუქციული ოპოზიცია! კალაძესთან მე-2 ტურში ნამდვილად იქნება ზურაბ მახარძე! მე ამას მივესალმები!
48 წამის უკან