რა დგას ლევან ხაბეიშვილის „მშვიდობიანი რევოლუციის“ მიღმა? „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოციალურ ქსელში გამოკითხვა დაიწყო იმის დასადგენად, რამდენი ადამიანი მივა 4 ოქტომბრის პოტენციურ აქციაზე, რუსთაველის გამზირზე. ეს ნაბიჯი, ანალიტიკოსების შეფასებით, მიანიშნებს იმაზე, რომ ენმ, სავარაუდოდ, ცდილობს გამოკითხოს და „გატესტოს“ საზოგადოების პროტესტის მზაობა და იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მზად არის ამ პროცესში ჩასართავად.
ხაბეიშვილის განცხადებით, „მშვიდობიანი დამხობა“ გულისხმობს იმას, რაც მოხდა საქართველოში 2003 წელს და სომხეთში, ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობა გეგმავს ამ გამოცდილების გაზიარებას და რეჟიმის მშვიდობიანად დამხობას.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 4 ოქტომბერს „ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღად“ მოიხსენიებს და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ არავინ დარჩეს სახლში, რადგან რაც მეტნი იქნებიან, მით უფრო მარტივად, მშვიდად დაამარცხებენ და „გაუშვებენ“ ამ ხელისუფლებას. ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილსაც აფრთხილებს და მოუწოდებს, დაელოდოს 4 ოქტომბერს, რადგან „ქართველი ხალხი“ მის „რუსალკებთან“ ერთად „დარჩება“.
„გვეყოს „წუწუნი“, საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი! დრო აღარ ითმენს, 4 ოქტომბერს, ყველანი რუსთაველზე“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მსგავსი მუქარები ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლებისგან 2016 წლიდან ისმის და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურები, ძლიერია. მისი თქმით, „მუქარებსაც აღარანაირი ძალა არ აქვს, არათუ მუქარების აღსრულების პოტენციალს არ აქვს არავითარი მონახაზი“.
„2016 წლიდან გვესმის მუქარები, თუმცა ხედავთ, რომ სახელმწიფო არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტუტუტები არის ძლიერი, მათ შორის, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები არიან ძლიერნი. ახლა საერთოდ მუქარასაც აღარანაირი ძალა არ აქვს, არათუ მუქარების აღსრულების პოტენციალს არ აქვს არავითარი მონახაზი. შესაბამისად, შეუძლიათ, ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, თვითონ ადამიანებიც არასერიოზულები არიან და მათი მუქარებიც არის საკმაოდ არასერიოზული ქართული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის ნაწილიც სკეპტიკურად უყურებს ხაბეიშვილის ამ ინიციატივას. „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა დაადასტურა, რომ „ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბრის აქციაზე არ იქნება, რადგან მათთვის არჩევნებში მონაწილეობაა „თავიანთი გზა“.
„ლევანი ძალიან ყოჩაღი ბიჭია, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან ენერგიული, მონდომებული, მებრძოლი ბიჭია, უშიშარი, რასაც მე ადამიანებში ძალიან ვაფასებ. თუმცა, სოციოლოგიურ კვლევას თავისი მეთოდოლოგია აქვს და მეთოდოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ, მათ თავიანთ გზაზე გაუმარჯოთ, ჩვენ - ჩვენს გზაზე. ორივე გზა, წესით, ერთად უნდა იყრებოდეს და ეს ამათი დამარცხებაა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ლევან ხაბეიშვილს „ლევან ჰერკულეს მცირე“ შეარქვა და განაცხადა, რომ ხაბეიშვილი „გარკვეულ ნიშას ეძებს, რომელიც თავისუფალია“, ეს კი, მისი თქმით, „რევოლუციონერის ნიშაა, რომელიც პირდაპირ სისხლისღვრისკენ მოუწოდებს ხალხს“.
ლევან ხაბეიშვილის მიერ წამოწყებული გამოკითხვა და მისი განცხადებები „მშვიდობიანი რევოლუციის“ შესახებ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არასერიოზულად აღიქვამს ამ მუქარას, ხოლო ოპოზიციის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ ინიციატივას, ხაბეიშვილი, როგორც ჩანს, მაინც ცდილობს, დაადგინოს, რა შანსი აქვს რევოლუციურ სცენარს და რამდენი ადამიანია მზად ქუჩის პროტესტისთვის.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ცხადია, რომ სოციალურ ქსელში გამოკითხვით, ხაბეიშვილი ცდილობს არა მხოლოდ ხალხის განწყობის გაზომვას, არამედ საკუთარი პარტიული ნიშის გაფართოებასაც, რევოლუციური რიტორიკის გამოყენებით. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ ხაბეიშვილი, „მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ, 2003 წლის „ვარდების რევოლუციისა“ და სომხეთის მაგალითებზე დაყრდნობით, მიზნად ისახავს ამომრჩევლის იმ ნაწილის მობილიზებას, რომელიც უკმაყოფილოა არსებული ხელისუფლებით და მზად არის რადიკალური ცვლილებებისთვის. თუმცა, აქ ისმის მნიშვნელოვანი კითხვა, ხაბეიშვილისა და ნაციონალების დაძახებულზე, ხალხი ქუჩაში გამოვა?
„გასათვალისწინებელია, რომ სოციალური ქსელების გამოკითხვები, სოციოლოგიური კვლევებისგან განსხვავებით, არ არის რეპრეზენტაციული და ვერ იძლევა ზუსტ სურათს მოსახლეობის განწყობებზე. ეს უფრო შიდაპარტიული მობილიზაციისა და საზოგადოებრივი განწყობის ზოგადი შეგრძნების მიღების მცდელობაა.
ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებები, რომ ოპოზიციის მუქარები არასერიოზულია და სახელმწიფო ძლიერია, მიანიშნებს, რომ ისინი არ აღიქვამენ ამ ინიციატივას სერიოზულ საფრთხედ. ეს, ერთი მხრივ, ხელისუფლების თვითდაჯერებულობაზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, შეტყობინება იყოს საზოგადოებისთვის, რომ მსგავსი პროტესტი უშედეგო იქნება. რა თქმა უნდა, ხელისუფლების სიმშვიდე ლოგიკურია, რადგან ჯერ ერთი, ხაბეიშვილის დაძახებულზე რუსთაველი არ გაივსება და მეორეც, ნაციონალების მხრიდან რევოლუციაზე საუბარი, სწორედ რომ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, საერთო ჯამში, ხაბეიშვილის „მშვიდობიანი რევოლუციის“ გეგმა, ამ ეტაპზე, უფრო პოლიტიკურ რიტორიკას და შიდაპარტიულ ტესტირებას ჰგავს, ვიდრე რეალურ, კარგად გააზრებულ სტრატეგიას, რომელსაც ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია.
„წარმატებისთვის საჭიროა არა მხოლოდ ემოციური მოწოდებები, არამედ მკაფიო გეგმა, ფართო კოალიცია და, რაც მთავარია, საზოგადოების მყარი ნდობა. აქედან კი ხაბეიშვილსა და „ნაციონალებს“ არცერთი მათგანი არ გააჩნიათ. ხალხს რომ „რევოლუცია“ უნდოდეს, ხაბეიშვილს კი არავინ დაელოდებოდა, არიქა, რუსთაველზე დაგვიბაროსო. მოერეც, აღარ არის 2003 წელი და ეს ვერ გაიგეს. მაშინ იყო სრულიად სხვა სახის უკმაყოფილება და სხვა ოპოზიცია. სხვა ლიდერები იყვნენ, რომლებსაც მაშინ ხალხი გაჰყვა. ახლა არც ხაბეიშვილია სააკაშვილი და არც ჟვანიას მსგავსი ლიდერები ჰყავს ოპოზიციას. ასევე, ფაშინიანის მაგალითი რომ მოჰყავთ, რომელი ლიდერი სარგებლობს ახლა, ჩვენ მოსახლეობაში, ოპოზიციურ ფლანგზე იმ დონეზე ნდობითა და ავტორიტეტით, რომ ფაშინიანის მსგავსად, ხალხმა ხელისუფლებაში ქუჩიდან მოიყვანოს. ამიტომ, ეს რიტორიკა ისევ და ისევ პარტიული მხარდამჭერების მობილიზებაა და მეტი არაფერი“, - ამბობს ძაბირაძე.