ივანიშვილის დაცვის დეპორტირების საქმით საფრანგეთი დაინტერესდა

ივანიშვილის დაცვის დეპორტირების საქმით საფრანგეთი დაინტერესდა

უსაფრთხოების საკითხებში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში არ შემოუშვეს. მომხდარი ფაქტით უკვე დაინტერესდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

როგორც ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო ყურადღების საგანი უკვე გახდა. კერძოდ, მათ დაუკავშირდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჟულიენ პოპერი და ჯერ ტელეფონით, შემდეგ წერილობით ითხოვა, მომხდართან დაკავშირებით მისთვის უფრო დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინათ.

მაია ფანჯიკიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გაუგზავნეს ჟულიენ პოპერს და  შემდგომ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

როგორც გაირკვა, ფრანგული კომპანია ბიძინა ივანიშვილს უსაფრთხოების საკითხებში კონსულტაციას უკვე ორი წელია, უწევს. ისინი საქართველოში აქამდეც ჩამოდიოდნენ, თუმცა ორი კვირის წინ, გაურკვეველი მიზეზით, საქართველოს ტერიტორიაზე კომპანიის პრეზიდენტი არ შემოუშვეს. 18 ივლისს კი ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი გააბრუნეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების საკითხებში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ფრანგული კომპანიის სახელწოდებისა და დეპორტირებული პირების ვინაობის დასახელებისგან „ქართულ ოცნებაში“ თავს იკავებენ.

For.ge მომხდარი ფაქტით დაინტერესდა. ექსპერტებთან საუბარში შევეცადეთ, გაგვერკვია, არჩევნებამდე სამი თვით ადრე რამდენად არის დაცული ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება, რატომ გადაადგილდება იგი თავისუფლად რეგიონებში და რა სკანდალს გამოიწვევს ფრანგული კომპანიის წარმომადგენლების საქართველოდან უცერემონიოდ გაბრუნება.

უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ფრანგული კომპანიის წარმომადგენლების აეროპორტიდან გაბრუნებას მიხეილ სააკაშვილის იზოლაციონიზმისკენ სწრაფვას  უკავშირებს.

„მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანა იზოლაციონიზმისკენ მიაბიჯებს. ახლახანს ფრანგი კონსულტანტები არ შემოუშვეს, რომლებიც მთავარი პოლიტიკური ოპონენტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. არადა, უსაფრთხოების ეს სისტემა არა მხოლოდ ფიზიკურად იცავს ბიძინა ივანიშვილს, არამედ იცავს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის იმედსა და ოცნებას. ეს პირდაპირი მნიშვნელობის აქტია, ვფიქრობ, საფრანგეთის სახელმწიფო და ევროკავშირი შესაბამის დასკვნას გამოიტანს და ამას ძალიან მძაფრი გამოხმაურება ექნება.

რაც შეეხება სააკაშვილს, მასთან ყველაფერი გარკვეულია. იგი ცდილობდა, ბიძინა ივანიშვილი გაეგდო პოლიტიკური ველიდან. უკვე თვეების განმავლობაში ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის ამ კრიმინალური რეჟიმის მიერ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს რისკი ბოლომდე აქვს გაცნობიერებული ლიდერს და ეს მისი ცნობიერი არჩევანია, თუმცა ჩვენი იმედი გადაზღვეული, დივერსიფიცირებულია. დეტალებზე, ვფიქრობ, საჭირო არ არის საუბარი.

ვინც უყურებს, ვინც ისმენს და ვინც ხედავს, როგორ მიდის პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკურ პროცესში, გეოგრაფიულადაც კი, როგორ არის ჩართული მისი ოჯახი, მისთვის ყველაფერი ნათელია“, - აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება, თუ ბიძინა ივანიშვილმა რატომ შეაჩერა არჩევანი ფრანგულ კომპანიაზე, ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ, ალბათ იმიტომ, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და ფრანგული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტია.

„რამდენადაც ვიცი, კომპანია, რომელზეც მიდის საუბარი, ძალიან სერიოზული, ძლიერი კომპანიაა, მაღალი რეპუტაციის. თუ არ ვცდები, ისინი საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის უსაფრთხოების სამსახურსაც უწევდნენ კონსულტაციას. თუ არ ვცდები, საუბარია კომპანია „მაორიზე“. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური უსაფრთხოების ქართულ სეგმენტს, ეს ძალიან სერიოზულია, მაგრამ თუ დააკვირდებით, მას შერეული კონტინგენტი იცავს, რადგან ჩვენი ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც საქართველოზე ფიქრობენ და არა რეჟიმზე, სერიოზულად დაინტერესდნენ ივანიშვილის უსაფრთხოებით. შემთხვევით არ უნდა იყოს, რომ მის დაცვაში ორი თუ ოთხი ამერიკელია. ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ გლობალური მასშტაბის ბიზნესმენი და ფილანტროპია, არამედ იგი, როგორც პოლიტიკური მოვლენა და სუბიექტი, საერთაშორისო მასშტაბისაა და, ამდენად, ვერ ეტევა ჩვენი შეშინებული ხელისუფლების ცნობიერებაში. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ქვეყნის იზოლაციონიზმისკენ, რაც სააკაშვილს ძალიან ძვირი დაუჯდება“, - მიიჩნევს ლაშა ნაცვლიშვილი.

ამასთან, მისი თქმით, საუკეთესო დაცვა ჰყავს ისრაელს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებს, სადაც ტერორიზმი ცხოვრების წესია ან პრეზიდენტებზე განხორციელებულა არა ერთი და ორი ტერორისტული აქტი, მაგრამ ლაშა ნაცვლიშვილი მაინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სისტემას უზრუნველყოფს ქართველი ხალხის უმრავლესობის უპირობო ნდობა. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი უსაფრთხოება მისთვის.

სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძისთვის გაუგებარია, რატომ არ უშვებენ საქართველოში ფრანგული უსაფრთხოების კომპანიის წარმომადგენლებს.

„წესით, ეს პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ნებისმიერ პირს შეუძლია, იყოლიოს მრჩეველი. პიროვნების დაცვა არის ბიზნესის ერთ-ერთი სახეობა და ეს სულაც არ არის შეიარაღებული ფორმირებების შემოყვანა საქართველოში. დაცვის კერძო სამსახურები ჩვეულებრივი ამბავია. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩამოდის უცხოელი, გაურკვეველია, თუ რატომ აყოვნებ ან არ უშვებ საქართველოში პირს, რომელსაც არც იარაღი აქვს და არც შეიარაღება, რომლის მთავარი ფუნქციაა რჩევების მიცემა. თუ, რა თქმა უნდა, რაიმე ტიპის სპეციფიური პრობლემა არ არსებობს, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვიცით,“ - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

ამავდროულად, გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოშიც არსებობს დაცვის სპეციალური სამსახური, რომლის ფარგლებშიც შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს ჰყავდეს დაცვა, რითიც მისი სიცოცხლე უმაღლეს დონეზე იქნება გარანტირებული. სამხედრო ექსპერტი თვლის, რომ, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ბიძინა ივანიშვილს, რაიმე საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს.

„რაც შეხება ბიძინა ივანიშვილს, როგორც ბიზნესმენს, მან თავად უკეთ იცის, რამდენად ხიფათიანია მისი ბიზნესი. აქედან გამომდინარე, ორმაგი დამოკიდებულება მაქვს. გაუგებარია, რატომ არ შეიძლება, მისი დაცვა ინტეგრირებული იყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურით, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზეა აღჭურვული და მაღალ დონეზე უზრუნველყოფს მის დაცვას“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე. 

ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კომპანიის წარმომადგენლები არ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში. ფაქტია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს ევროკავშირის ფრანგი მოქალაქეები. სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ეს ფრანგული კომპანია უწევს კონსულტაციას ბიძინა ივანიშვილს. ეს არის კომპანია, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, ისინი უკვე ორი წელია, თანამშრომლობენ ბატონ ბიძინასთან. აქედან გამომდინარე, ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში, თბილისში, და ამიტომ არის გასაკვირი, რომ ამჟამად ასეთი რამ მოხდა და არ შემოუშვეს. აქამდე პრობლემები არ შექმნიათ, შეექმნათ მხოლოდ ახლა,“ - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.