ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მან შეიძლება დატოვოს ბიზნესი, მას შემდეგ რაც რუსული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რადგან ოქტომბრის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის ალიანსთან დაპირისპირებისთვის ემზადება.
„მე არ დავუბრუნდები ბიზნესს რუსეთში და შესაძლოა, საერთოდაც აღარ დავუბრუნდე ბიზნესს“ – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში მისი პარტიის თბილისის ოფისში. აქტივების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების ინვესტირება სხვა ადგილებში მოხდება, განაცხადა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
56 წლის ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება ჟურნალ Forbes-ის შეფასებას იმის თაობაზე, რომ მისი ქონება 6,4 მილიარდი დოლარია, რაც საქართველოს ეკონომიკის (14.4 მილიარდი დოლარი) თითქმის ნახევარია. მაისში მან გაყიდა თავისი რუსული აქტივები და წილები ბანკ „როსიისკი კრედიტში“ მოსკოვში და სააფთიაქო ქსელ „დოქტორ სტოლეტოვში“. კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც რუსეთში მისი აგრარული ბიზნესის გაყიდვას უკავშირდება, რამდენიმე დღეში დასრულდება, განაცხადა მან, და დასძინა, რომ გაყიდვამდე თავისი ჰოლდინგები ამ ქვეყანაში არანაკლებ 2,5 მილიარდ დოლარად ჰქონდა შეფასებული.
არჩევნებამდე ივანიშვილი თავის ქონებას ყიდის, რადგან პრემიერმინისტრობას გეგმავს და სურს სუფთად წარსდგეს ქართული საზოგადოების წინაშე. აპრილში მან ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ შექმნა და პირობა დადო, რომ პოლიტიკაში ორი წლით დარჩება, შემდეგ კი დატოვებს მას, რათა გახდეს „ქართული საზოგადოების აქტიური წევრი“.
ქართული ინვესტიციები
ივანიშვილი ამბობს, რომ აღარ აკონტროლებს თავის მთავარ ინვესტიციებს საქართველოში მას შემდეგ, რაც ის მთავრობამ ჩამოართვა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით მრავალი მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ. მის ჰოლდინგში შედიოდა „ბანკი ქართუ“, ქვეყნის სიდიდით მეექვსე კრედიტორი აქტივების მიხედვით, და წილი ადგილობრივ ბანკში, რომლის მთავარი მეწილეც ფეხბურთის ვარსკვლავი კახი კალაძეა.
პოსტ-საბჭოთა წლებში ივანიშვილი პერიოდულად, მოსკოვში, პარიზსა და საქართველოში ცხოვრობდა, ვიდრე 2002 წელს არ დაბრუნდა თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 130 კილომეტრშია (80 მილი).
მილიარდერს საქართველოს პასპორტი 2004 წლიდან ჰქონდა, ვიდრე ის შარშან მთავრობამ არ ჩამოართვა. 2010 წელს ის საფრანგეთის მოქალაქეც გახდა. მან რუსეთის მოქალაქეობა დატოვა და საფრანგეთის მოქალაქედ დარჩა.
მაისში კანონმდებლებმა მიიღეს კანონი, რომელიც მილიარდერს აძლევს შესაძლებლობას, იმის მიუხედავად, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე, კენჭი იყაროს წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. ივანიშვილმა არაერთხელ დაგმო ეს საკანონმდებლო ცვლილება, განაცხადა რა, რომ არასწორია კანონმდებლობის ერთ კაცზე მორგება და უარი განაცხადა სააკაშვილისთვის პირდაპირ მიემართა მისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით.
რუსული კავშირები
ივანიშვილი, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას უფასო ჯანდაცვას, სოფლის მცხოვრებლებს საცხოვრებელი პირობების, სკოლების და პენსიების მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებას პირდება, სააკაშვილს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და რუსეთთან ომის პროვოცირების გამო აკრიტიკებს. თავის მხრივ ქართველი პოლიტიკოსები მილიარდერს იმაში ადანაშაულებენ, რომ ის პრეზიდენტ პუტინის მოკავშირეა.
„ივანიშვილს უზარმაზარი სიმდიდრე აქვს რუსეთში“, – ამბობს მმართველი პარტიის დეპუტატი გიორგი კანდელაკი. „ცხადზე უცხადესია, რომ ზოგიერთი ამ უმსხვილესი აქტივების და წილების გაყიდვა ვერ მოხერხდებოდა პუტინის პირდაპირი თანხმობის გარეშე; სინამდვილეში, ივანიშვილი პუტინს არასდროს აკრიტიკებს“.
პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან, ივანიშვილი რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრე. ეს ურთიერთობები ამ ქვეყნებს შორის 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის გამო გაჩაღებული ხუთღიანი ომის შემდეგ გაფუჭდა. ივანიშვილის აზრით, საქართველოს შეუძლია აღადგინოს კონტროლი სამხრეთ ოსეთსა და კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონზე, აფხაზეთზე – რუსეთმა ორივე მათგანი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
დემოკრატია, ეკონომიკა
„ამის მიღწევის გასაღები საქართველოშია და არა სხვაგან. ამისთვის საჭიროა აქ დემოკრატიის და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება, რითაც საქართველო საინტერესო გახდება, როგორც საცხოვრებლად, ასევე ინვესტიციების განხორციელების მხრივ“ – ამბობს ივანიშვილი.
ივანიშვილის თქმით, უცხოეთში მცხოვრები ათასზე მეტი ქართველი მილიონერისთვის საკუთარ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებისთვის მოტივაციის გაჩენა მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ტვირთია რუსეთისთვის, და ამ საკითხზე ჩვენ შევძლებთ რუსეთთან საერთო ენის გამონახვას“, განაცხადა ივანიშვილმა და უარყო მორიგი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობა, თუკი სააკაშვილი აუცილებელი თავდაცვის ზღვარს არ გადააჭარბებს.
ივანიშვილის შეფასებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მან დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარი (727 მილიონი დოლარი) გასცა ძეგლების აღდგენასა და გზების მშენებლობაზე. მას სურს, შექმნას $200 მილიონიანი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თავისი $1 მილიარდიანი კოლექციისთვის, რომელშიც სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად პიკასოც შედის.
მისი თქმით, პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ 10 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.
საპარლამენტო უმრავლესობა
მიუხედავად იმისა, რომ კვლევების თანახმად, არჩევნების წინ სააკაშვილის პარტია კარგავს მხარდამჭერებს, ხოლო ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის რეიტინგი იზრდება, მილიარდერის მოკავშირეები საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებენ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა, სააკაშვილის ნაციონალურ მორაობას მხარს უჭერს გამოკითხულთა 36%, ხოლო ბიძინა ივანიშვილის პარტიას – 18%.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ კვლევებს არ ენდობა და რომ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს. მან დასძინა, რომ საზოგადოებრივი პროტესტისკენ მოწოდებისგან თავს შეიკავებს, თუკი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.
foreignpress.ge