„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩხოროწყუში, ლევან იზორია წუხელ გვიან ღამით სოფელ მუხურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. იგი შინაგან საქმეთა ორგანოებს მისი და კოალიციის მხარდამჭერების მიმართ დევნისა და თვალთვალის შეწყვეტასაც მოითხოვს. ლევან იზორიას განცხადებით ორი დღის წინ ჩხოროწყუში ჩასულ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც კოალიციის შტაბის ხელმძღვანელის, ალეკო ბაძაღუას ნათესავთან დაბინავდა, მუშაობისა და დასვენების საშუალებას ავტომანქანებიდან მოთვალთვალე ადამიანები არ აძლევენ.
წუხელ მომხდარი ინციდენტის დროს რამდენიმე უცხო პირის დადგენა ოჯახის უფროსმა, ველოდი ბაძაღუამ მოახერხა, თუმცა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლმა მისი შეჯახება სცადა. შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთის ღობეები. ბაძაღუას განმარტებით, მოთვალთავალეთა შორის ერთ-ერთი პოლიციის მუხურის ქვეგანყოფილების თანამშრომელი იყო, ხოლო ავტომანქანებს პოლიციის პიკაპები აცილებდნენ. ავტომობილების მფლობელებისა და იქ მსხდომი ადამიანების დადგენის მიზნით კოალიციის წევრებმა ჩხოროწყუს პოლიციას განცხადებით წუხელვე მიმართეს.
„სახლის მეპატრონე ველოდი ბაძაღუა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა“, - აცხადებს ლევან იზორია, რომელმაც ფაქტის გამოძიების მიზნით უკვე მიმართა სამართალდამცველებს.
For.ge ლევან იზორიას ესაუბრა.
გუშინდელ ინცინდენტს როგორ გაიხსენებთ?
- პირველად თქვენს ინტერნეტპორტალს ვატყობონებ, რომ იმ ნომრის ავტომანქანა, რომელიც გუშინ ჩემს მიმართ თვალთვალში იქნა შემჩნეული, სულ ახლახანს მუხურის პოლიციის ქვეგანყოფილების ეზოში შევნიშნეთ. საუბარია ავტომანქანაზე, რომლის სანომრე ნიშანია BKB 170. სწორედ ამ ნომრის მანქანა წუხელ ღამით რამდენჯერმე შემოვიდა ეზოში. შემდეგ ოჯახის პატრონი ჩუმად მივიდა იმისთვის, რომ გაეგო ნომერი და უკნიდან მიეპარა მანქანას, თუმცა, როდესაც შესძახა, თუ ვინ იმყოფებოდა მანქანაში, ავტომანქანის მძღოლმა რეაგირება სწრაფად მოახდინა და ფიზიკური ზიანის მიყენების მიზნით, მძლავრი სისწრაფით გაექანა ოჯახის პატრონისკენ და, რომ არა მისი სხარტი რეაქცია, დაეჯახებოდა. სამაგიეროდ, ოჯახის პატრონის ნაცვლად, დაეჯახა მეზობლის ღობის კედელს. ორჯერ შეეჯახა კედელს, შემდეგ გაიქცა და გავეკიდეთ. ამ დროს თურმე მეორე მანქანაც გვითვალთვალებდა, რომლის ნომერიცაა ZSH 999.
სწორედ ახლა მუხურის ცენტრში გამოვიარე და ჩემი თვალით დავინახე BKB 170, ოთხნი ვართ მანქანაში და აღნიშნული მანქანა მუხურის ქვეგანყოფილების ეზოში მათაც შენიშნეს.
ეჭვობთ, რომ პოლიცია სპეციალურად გითვალთვალებთ?
- აშკარად დგას მანქანა. ახლა რომელიმე ჟურნალისტი რომ იყოს, დააფიქსირებდა კიდეც. თუმცა ჩვენც გადავუღებთ სურათს.
ალბათ, ამ ფოტოს წარუდგენთ სამართალდამცავებს, რომ მათ გაუადვილდეთ მუშაობა.
- რა თქმა უნდა.
თქვენდამი თვალთვალის ფაქტებს რას უკავშირებთ?
- ვუკავშირებ იმას, რომ დღეს 20.00 საათზე მუხურის ცენტრში მოსახლეობასთან დიდ შეხვედრას ვგეგმავ, ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ, შეხვედრა ჩაშალონ, ფსიქოლოგიურად იმოქმედონ ადამიანებზე, ვინც ჩემთან შეხვედრის სურვილს ამჟღავნებს, მათ შორის, იმ ოჯახზე, სადაც საღამოხანს ვარ. აკონტროლებენ და აშინებენ მოსახლეობას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს უბრალოდ, პატარა ბიჭების გაუაზრებელ მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე გონიერ საქციელს. შეშინებული ხელისუფლების მცდელობაა ეს.
მანამდეც თუ გიგრძვნიათ თვალთვალი?
- თვალთვალი ყოველთვის არის, მაგრამ დღისით და არა -ღამით, თანაც ასე გვიან, ძილსაც რომ გიფრთხობდეს ადამიანს, ეს პირველად იყო. ამიტომ, როცა შევეცადეთ მოთვალთვალის ამოცნობას, ასეთი შედეგი მოჰყვა.
როგორც ვიცი, უკვე მიმართეთ სამართალდამცავებს, მათგან რა პასუხი მიიღეთ?
- მათ დაიბარეს დაზარალებული, თუმცა, შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებიათ, სადაც ნათლად ჩანს, რომ მანქანა ღობეს შეეჯახა, მანქანის ფერის ნაკვალევიც ჩანს წითლად და ნამტვრევებიც იყო მანქანის საღებავის, რომელიც მტკიცებულების სახით გვაქვს მოპოვებული. სახლის მეპატრონეს, რომლის ბიძაშვილიცაა დაზარალებული, ხვალ 10.00 საათზე დაკითხავენ.
სამართალდამცავები რას ამბობენ, ადვილად გახსნადია ეს საქმე?
- რას უნდა დამპირდნენ, როცა განცხადებით მივმართეთ და კამერით შევედით, დატოვეთ ტერიტორიაო, - გვითხრეს. თუმცა მიიღეს ჩვენი განცხადება. ვითხოვ, კანონიერად დაიწყოს გამოძიება. ვნახოთ, რა მოხდება.
როგორც ვიცი, სამეგრელოში კოალიციის აქციისთვის ემზადებით. ამ ვითარების ფონზე რამდენად გართულდება სამეგრელოში აქციის გამართვა და თუნდაც ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მისი სამეგრელოში ჩამოსვლა?
- იცით რა არის? ხალხი აქ ისე არ გახლავთ დაშინებული, როგორი ინფორმაციაც ვრცელდება. უბრალოდ, აქაურ სიტუაციას შევარქმევდი, რომ აქ არის ინფორმაციის შიმშილი და გაურკვევლობა, რადგან, პრაქტიკულად, ალტერნატიული აზრი, გაზეთიც კი არ აქვს ხალხს, რომ შეიძინოს. ამიტომ სამუშაო ბევრი გვაქვს, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ. სწორედ ეს არ უნდათ ამათ, რომ ალტერნატიული, განსხვავებული კრიტიკული აზრი მოისმინოს მოსახლეობამ. თორემ, მოსახლეობის უმრავლესობას ეს ხელისუფლება მობეზრებული ჰყავს, თავიანთი ტყუილებით, ცრუ დაპირებებითა და ამ სიდუხჭირისა და სიღარიბის ფონზე, რომელიც წლიდან წლამდე მძაფრდება. მოსახლეობას უკვე ყელში ჰყავს ამოსული ეს ხელისუფლება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას, არა მგონია, პირდაპირ ვიღაცამ რამე მოაწყოს. რა თქმა უნდა, პროვოკაციული მცდელობები იქნება, ისევე, როგორც შიდა ქართლში იყო, მაგრამ, როცა ხალხის მასა დიდი და მრავალრიცხოვანია, მერწმუნეთ, არავის აქვს იმის საშუალება, რომ ასეთი თვითნებობით ამ მასას დაუპირისპირდეს. ეს გამორიცხულია. ხალხის სიმრავლე ყველანაირი თავდაცვის მექანიზმს სჯობს.