მაჟორიტარი დეპუტატების უმეტესობას, რაც კი აქამდე გვინახავს, მთლად კომუნისტებისდროინდელი რაიკომის მდივნების იმიჯი არა, მაგრამ აღარც ნაკლები სახელი ჰქონდათ „მოხვეჭილი“. გვინახავს მაჟორიტარები, რომლებიც საარჩევნო ოლქს აკონტროლებენ, ხელში იგდებენ ან მფარველობენ ბიზნესებს, მდიდრდებიან, დიდ ფულს და ქონებას შოულობენ. ხელისუფლებაც ყველაფრის ნებას აძლევს ერთი პირობით, რომ არჩევნების დროს ხმები მიუტანოს.
თუ მაჟორიტარმა საქმე ისე გააფუჭა, რომ ესეც არ ჭრის, ამ შემთხვევაში ახალ სახეებად თავისივე ბიზნესმენებს გამოაცხობენ ხოლმე, რომ ხალხმა ირწმუნოს, ამას ფული ისედაც აქვს და ჩვენსას არ წაიღებსო.
მოკლედ, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს სახელისუფლებო მაჟორიტარმა დეპუტატებმა ასეთი ავტოპორტრეტები შემოგვინახეს.
იმ ადამიანების წარსულიდან თუ ვიმსჯელებთ, ვინც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატებად დაასახელა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მჟორიტარის ტრადიციული პორტრეტი მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს. ვახტანგ ხმალაძე, რომელიც კოალიციის სახელით დიდუბის საარჩევო ოლქში მაჟორიტარობისთვის ემზადება, ხალხს მხოლოდ იმას დაპირდება და შეუსრულებს კიდეც რის უფლებასაც კონსტიტუცია და კანონმდებლობა აძლევს.
სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია ბარამიძე იქნება თქვენი კონკურენტი და ის უკვე შეხვედრებსაც მართავს ამომრჩევლებთან, როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ისევ სჯერა ამომრჩეველს?
- შეიძლება დავეყრდნოთ იმ სოციოლოგიურ გამოკითხვებს, რაც ტარდება. მიუხედავად იმისა, ვინ ატარებს გამოკითხვებს, ვის სჯერა ამისი და ვის არა, ეს გამოკითხვები მაინც გარკვეულ სურათს ქმნის.
იმ მონაცემებით, რაც მაქვს ნანახი და იმ გამოკითხვებით, რომლისაც მეტ-ნაკლებად მჯერა, თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი დაბალია. ყოველ შემთხვევაში, ამ გამოკითხვების თანახმად „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისს ვერ მოიგებს.საარჩევნო ოლქების მიხედვითაც ასეთივე სურათია - ვგულისხმობ პარტიულ კენნჭისყრას.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ამას ემატება კიდევ პიროვნული ნიუანსი - ამომრჩევლის დამოკიდებულება კონკრეტული კანდიდატის მიმართ. მრავალგზის გვინახავს არჩევნების შედეგები და არც თუ იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როდესაც რომელიმე პარტიას იმაზე ნაკლები ხმები აუღია ვიდრე მის მაჟორიტარ კანდიდატს ან პირიქით.ყოფილა ისეც, რომ პარტიული სიებით ერთ პარტიას მოუგია სხვა პარტიებისთვის, მაგრამ მაჟორიტარ კანდიდატს ამავე პარტიისას, წაუგია.
ამიტომ ამისი თქმა, როგორია ამომრჩევლის განწყობა, სათანადო გამოკითხვის გარეშე, საკმაოდ რთულია.
რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემთვის სრულიად მიუღებელია ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც იქნება წარდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობისადმი“ ჩემი დამოკიდებულებიდან, გამომდინარე იქიდან, რომ 8 წელიწადია, ვისმენთ მათგან ტყუილებს, ვხედავთ ისეთ მოქმედებებს, რომელიც შესაბამისობაში ვერ მოდის კანონთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან. მით უფრო უარყოფითია ჩემი დამოკიდებულება და ვფიქრობ ამ შემთხვაში ამომრჩევლის განწყობაც ასეთი იქნება, როდესაც საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ არა ახალ კანდიდატებს, არამედ ისეთებს, რომლებიც ხელისუფლებაში 4-5 თუ 8 წელი არიან და რომლებსაც აკისრიათ იგივე პასუხისმგებლობა დღვანდელი ხელისუფლების მოქმედებაზე, როგორც მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“.
სააკაშვილის და შევარდნაძის ხელისუფლების დროს ვნახეთ და უკვე კარგად ვიცით, როგორი არ უნდა იყოს მაჟორიტარი დეპუტატი. კოალიცია რას გვთავაზობს ახალს? როგორი უნდა იყოს მაჟორიტარი დეპუტატი და რა ევალება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე?
- ამაზე პასუხს იძლევა კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ პარლამენტის წევრი, მიუხედავად იმისა, როგორი წესით არის არჩეული, წარმოადგენს სრულიად საქართველოს. არ წარმოადგენს ის არც თავის პარტიას, არც თავისი ოლქის ამომრჩევლებს, მისი უმთავრესი მოვალეობა და საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის მსახურება.
პარლამენტის საქმე არის ის, რომ შექმნას ისეთი კანონები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, მან უნდა აკონტროლოს მთავრობის საქმიანობა, რომ მთავრობამ არ გადაუხვიოს „მოუკრეფავში“, იზრუნოს სათანადო საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებაზე,რომ სახელმწიფოს ღირსეული ადგილი ეკავოს საერთაშორისო თანამეგობრობაში.
მთელ რიგ თანამდებობებზე უნდა აირჩეს ისეთი ხალხი, რომლებიც სხვებზე უკეთ შეასრულებენ მოვალეობას, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს წევრები, კონტროლის პალატა იქნება ეს თუ ეროვნული ბანკის საბჭო - ეს არის პარლამენტის ფუნქცია.
როდესაც საუბარია იმაზე, რა უნდა გაუკეთოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კონკრეტულ ამომრჩევლებს, მათი ყოველდღიური პრობლემების დიდი ნაწილი არის ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტი საკითხები, თუ ეს არ უკავშირდება საგადასდახადო საკითხებს, რასაც პარლამენტი ადგენს. ან თუ საკითხი ეხება კანონს, რომელიც ყველას და, მათ შორის, კონკრეტული ოლქის ამომრჩეველსაც უქმნის პრობლემას, ეს მაჟორიტარის საზრუნავიცაა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს სხვების ინტერესებიც.
დანარჩენი საკითხები – წყალმომარაგება იქნება ეს თუ გაზმომარაგება, დასუფთავება, დაზიანებული შენობები, ადგილობრივი თვითმმართველობის თემაა, თუმცა პარლამენტმა უნდა გააკეთოს ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, გამგეობა, საკრებულო, მერია იყოს აღჭურვილი საკმარისი უფლებამოსილებებით და ამ თვითმმართველობების საბიუჯეტო დაფინანსება იყოს სათანადო მათი უფლებამოსილებებისა.
უფლებები თუ ექნებათ და ფინანსური სახსრები – არა, ეს უფლებამოსილებები ჰაერში გამოკიდებული დარჩება და ვერაფერს ვერ გააკეთებენ. მათი შემოსავლები რომელიმე პოლიტიკოსის სურვილიდან არ უნდა გამომდინარეობდეს, როგორც თავის დროზე სააკაშვილმა, რომ განაცხადა, თბილისის მერი ოპოზიციონერი თუ იქნება, ჩვენ თბილისს ფულს არ მივცემთ და იფიქრეთ, რა მოგივათ თბილისელებსო.
ასეთი რამის შესაძლებლობაც კი არ უნდა ჰქონდეს არავის, კანონით უნდა იყოს განსაზღვრული, რას მიიღებს თვითმმართველობა და ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რომელი პოლიტიკური ძალა აღმჩნდება უმრავლესობაში. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს უნდა გააკეთო.
არსებობს ისეთი მასშტაბური პრობლემებიც, როდესაც თვითმმართველობას არ შეუძლია მისი გადაჭრა, როგორიცაა სტიქიური უბედურება, რაც ახლა კახეთსა და სამხცე-ჯავახეთში მოხდა, ამისათვის თვითმმართველობას სახსრები არ აქვს და სწორად აწყობილი სისტემის შემთხვევაშიც არ ექნება იმხელა სარეზერვო ფონდები, რომ შეძლოს ხალხისთვის ამ ზარალის ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში უკვე უნდა ჩაერთოს ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტი, მთავრობა.
მაგალითად, ისეთი პრობლემის გადაჭრისას, როგორიც არის თბილისში ამორტიზებული და ავარიული სახლები. იმდენია ეს, რომ მხოლოდ თბილისის თვითმმართველობა, ცენტრალური ხელისუფლების დახმარების გარეშე, ვერ გადაჭრის მას და ასეთ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატების მოვალეობაა, ეს საკითხები კარგად შეისწავლონ, მოამზადონ, დააყენონ საკითხი მთავრობისა და პარლამენტის წინაშე და შეეცადონ ამის სამართლიანად გადაწყვეტას.
როდესაც მკითხეთ, როგორი უნდა იყოს მაჟორიტარი დეპუტატიო, აი, ასეთი უნდა იყოს, აღარაფერს ვამბობ, რომ უნდა იყოს საქმის მცოდნე, პატიოსანი, სიტყვის პატრონი. ეს. ისედაც უნდა იგულისხმებოდეს.
რამდენად იცნობთ თქვენს საარჩევნო ოლქს და რაიმე სპეციფიკური პრობლემა თუ აქვს დიდუბის რაიონს, რომელიც თბილისის სხვა უბნებისგან გამოარჩევს?
- 65 წელზე მეტია თბილისში ვცხოვრობ, აქ დავიბადე და გავიზარდე, ასე რომ, თბილისის პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომელი უბანია, კარგად ვიცი, ისევე როგორც ნებისმიერმა თბილისელმა, რომელიც მხოლოდ საკუთარ ნაჭუჭში არ არის ჩაკეტილი. ზოგადი, ძირითადი პრობლემები, ყველასთვის ერთნაირია, მაგალითად – კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგიის, გაზის ელექტროენერგიაზე მიბმული ნაგვის და ა.შ.
გითხარით, რომ ზოგიერთ რაიონს ამორტიზებული და ავარიული შენობების პრობლემა აქვს, ასეთი პრობლემა ზოგიეთ რაიონს,რომელიც შედარებით ახლად აშენებულია არ აქვს ან ნაკლებად აქვს, როგორიცაა ვაკე, დიდი დიღომი.
დიდუბეშიც არის ასეთი ძველი უბნებისთვის დამახასიათებელი პრობლემები, თუმცა ნაკლებად, ვიდრე მთაწმინდის ან ჩუღურეთის რაიონებში. არის შიდა გზებთან დაკავშირებული პრობლემები... იმასაც გეტყვით, რომ არ არსებობს ორი სახლი, სადაც ერთნაირი პრობლემები იყოს, ერთ სახლში შეიძლება სარდაფში წყალი დგებოდეს, მეორეში – არა, ეს ყველაფერი უნდა აღირიცხოს, დახარისხდეს და განისაზღვროს, თუ რა არის ცენტრალური და რა ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტი. ამის მიხედვით ან პირდაპირი დახმარება უნდა გაეწიოს, თუკი ეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებაშია.
ცალკე აღებულ პარლამენტის წევრს არანაირი კონკრეტული მოქმედების საშუალება არ გააჩნია გარდა იმისა, რომ მან რეკომენდაცია გაუწიოს ადამიანთა ჯგუფს იმ ორგანოსთან, რომელსაც ამ საკითხის გადაჭრა ევალება. კარგი გაგებით, ამისი ლობირება მოახდინოს.
თუკი პარლამენტის გადასაწყვეტია რაღაც საკითხი, პარლამენტის წევრს მისი დასმა, წინ წამოწევა და დასაბუთება შეუძლია, მაგრამ თუკი პარლამენტი არ დაეთანხმა, ეს ვერ გადაიჭრება.
თვითონ ეს მიდგომა, როდესაც პარლამენტარები ლამის სახლში იატაკის გამოცვლას პირდებიან ხოლმე ამომრჩეველს, უპასუხისმგებლო განცხადებებია, მათ ამისი უფლება არ აქვთ და ვინმეს ბევრი პირადი ფულიც რომ ჰქონდეს, მას საკუთარი თანხით ამისი გაკეთების უფლებაც არ აქვს, რადგან ამას კანონი კრძალავს.
ბოლო დროს თითქოს ხელისუფლება ოპოზიციას „მშვიდობას“ სთავაზობს და ქცევის ახალ კოდექსზე ოპოზიციის ხელმოწერას ითხოვს, შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შედარებით რაციონალური ხდება თუ ეს მოჩვენებითია?
- ხელისუფლების საქციელს მშვიდობიანს და თავშეკავებულს ვერ დავარქმევ. უბრალოდ, ერთ ამბავს გეტყვით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მაცნობეს.
გურიის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მედიგანათლების ცენტრია გახსნილი, ფინანსური პოლიცია, თბილისიდან ჩასული ხალხი, შევიდა სოფლის პატარა მაღაზიაში, რომელიც თურმე მედიაცენტრში მომუშავე ერთ-ერთი ადამიანის მეუღლეს ეკუთვნის.
პატრონი არ დახვდათ მაღაზიაში - ახლობელი გარდაცვლია. 75 წლის მოხუცი კაცი იყო გამყიდველი, რომელსაც მოსთხოვეს საბუთები, დაიწყეს აღწერა, ხომ არ იყო მაღაზიაში აღურიცხავი საქონელი. დროზე ყველაფერი დაალაგე, თორემ გაილახებიო – უთქვამთ მოხუცისთვის, რაზეც ამ კაცს უპასუხია, შვილო ასეთ რამეს როგორ მკადრებო. ეს ასე ვთქვათ ლირიკული გადახვევაა.
დაიწყეს მაღაზიის ჩხრეკა და მაცივარში 20-ლიტრიანი ბოცით ღვინო აღმოაჩინეს. რატომ არ გაქვთ აღრიცხულიო, როდესაც ჰკითხეს, კაცმა უპასუხა, მეზობლად მიცვალებულია და ჭირისუფალმა გვთხოვა გაგვეციებინა, შეგიძლიათ ჰკითხოთ, აქვე არიანო. ეს კანონის დარღვევააო. ხელისუფლებამ ეს 20-ლიტრიანი ბოცა დააყადაღა, დააპატიმრა და კონფისკაცია გაუკეთა.
თუნდაც ასეთი მაგალითი – გაიხსენეთ, ბაზრობებზე სატელიტური ანტენების ჯიხურებიდან ანტენების ამოღება და რომელი ჯიხურებიც დარჩა, მათთვის ერთზე მეტი ანტენის გაყიდვის აკრძალვა.
ამისი გაგრძელებაა, პარტიებისთვის შემოწირულობის შემტანთა ანგარიშების დაყადაღება თუ დაპატიმრება. ამას თავშეკავებულ საქციელს ნამდვილად ვერ დაარქმევ.
„ქცევის კოდექსიდან“ გამომდინარე გკითხეთ, სადაც ძალადობაზე უარის თქმაზეა საუბარი და ა.შ. ეს მოჩვენებითია და დასავლეთისთვის საჩვენებლად სჭირდება ხელისუფლებას თუ მართლაც აპირებს, რომ შედარებით რაციონალური გახდეს?
- მოდით დავსვამ რიტორიკულ შეკითხვას - ვინმე არჩევნებს აყალბებს, გარდა ხელისუფლებისა? არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში. ვერავინ ვერ იტყვის რომ ვინმე სხვაა გამყალბებელი, რადგან სხვას ამისი შანსი უბრალოდ, არ აქვს, ძალიანაც რომ უნდოდეს.
დღეს გამყალბებელი მთავაზობს, ხელი მოვაწერო იმას, რომ მე არ გავაყალბებ. ვინც იყენებს ძალადობას, ის მთავაზობს მე, რომელსაც არასოდეს არ გამომიყენებია ძალადობა, რომ არ გამოვიყენო ძალადობა, ის ვინც იტყუება, მე მთავაზობს, არ მოვიტყუოთო, და მე არასოდეს არ მომიტყუებია.
ამას ისე აცხადებენ, რომ ეს არის მათი შეთავაზება სხვებისთვის. მე მოვაწერ აქ ქარტიას ხელს თუ არ მოვაწერ, არც ტყუილს ვიტყვი, არც ვიძალადებ, არც არავის შეურაცხყოფას არ მივაყენებ. არ გავაკეთებ იმას, რაც 65 წლის განმავლობაში არ ჩამიდენია. აქამდე ხელი მქონდა მოწერილი რომ არ ვიქურდებდი? მაგრამ, ხომ არ ვქურდობდი! ამიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის არ აქვს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას მნიშვნელობა.
სხვათა შორის, ხელისუფლებაშიც მშვენივრად იციან, ოპოზიციიდან ვინ რისი მკადრებელია. ბოლო არჩევნების დროს ხომ იყო „ქცევის ქარტია“? მერე, არ იყო გაყალბებები? კანონის დარღვევები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?
მე უნდა მოვაწერო ხელი, რომ არ გამოვიყენებ ადმინისტრაციულ რესურსს? სად აქვს ოპოზიციას ადმინისტრაციული რესურსი?
ხელისუფლების ყველა დონეზე – მთავრობა, პარლამენტი, საკრებულოები, მერიები, გამგეობები, ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია და არ არსებობს საქართველოში ერთი ადგილიც კი, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება იყოს სხვა პარტიის ხელში და ასეთ პირობებში, ვინმეს აქვს შესაძლებლობა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ადმინისტრაციული რომ რესურსი გამოიყენოს?
სწორი იქნებოდა, ცალკე აღებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაედო პირობა ხალხის წინაშე, რომ არ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, არ ეცდება გაყალბებას, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ამომრჩეველთა მოსყიდვას, არ იმოქმედებს კანონის დარღევით, ასეთ შემთხვევაშიც კი, ის მაინც გაცხადდება, რომ იტყვის, ამას აღარ ვიზამო. თუმცა ეს თავისთავად გარანტიაც არ იქნება.
სხვათა შორის ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პირობაც აქვს დადებული...
- ხელისუფლება, საკუთარი საქციელიდან გამომდინარე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას კი არ ცდილობს, პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ის უპირატესობები, რაც მას აქვს. ამის პირდაპირი მტკიცებულებაა ის, რაც ხდება სატელიტურ ანტენებთან დაკავშირებით. ხელისუფლება ცდილობს, რომ სოფლებში მცხოვრებმა ადამიანებმა ვერ მიიღონ ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც გადაიცემა ნაციონალური არხებით. რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ არჩევნების შედეგი იყოს არაადეკვატური რეალობისა?! და ამიტომ ვთქვი, რომ მათი შემოთავაზებები ძალიან ჰგავს ერთ ანდაზას, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“.
თუ გააყალბებს ხელისუფლება არჩევნებს, ამორჩეველს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მის ხმებს დაიცავთ?
- ეს არის ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება – არჩევანის უფლების დაცვა, და იმედი გვაქვს იმისაც, რომ საკმაოდ კარგ დონეზე მოხდება არჩევნების დაკვირვება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ორგანიზაციების მიერ. გაკეთდება შეფასებები, მოხსენებები... ავიღოთ თუნდაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების შესახებ...
როგორ განვითარდება მოვლენები და რით დასრულდება არჩევნები, გახდება საფუძველი, ცნობს თუ არა ამ არჩევნებს კანონიერად და სამართლიანად ჩვენი ხალხი, შემდგომ – საერთაშორისო საზოგადოება. თუ მათ არ ცნეს ასეთად, ამას საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვება ხელისუფლებისთვის, ეს შედეგი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, მაგრამ მსუბუქი ნამდვილად არა.