„წარმატებები ყველა სფეროში“

„წარმატებები ყველა სფეროში“

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი და მისი მმართველი გუნდი, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აშკარად გაძლიერებულ  შეტევაზე გადავიდა. სააკაშვილი-მერაბიშვილის დუეტი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ოქროს მთებსა და ნათელ მომავალს პირდება.

ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარების ოთხწლიანი გეგმა წარმოგვიდგინა, იმისი აღნიშვნა კი დაავიწყდა, რომ მისი დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ პროგრამიდან გადმოწერილი გახლავთ. შეიძლება აშკარა პლაგიატთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ სხვისი იდეები მთავრობამ თავხედურად მიითვისა და საქართველოს მოსახლეობის დაბოლებას შეუდგა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სათავეში 2003 წლის დასასრულს მოვიდა. ბატონი მიხეილი საქართველოს ისტორიის ათვლას ამ თარიღიდან იწყებს და „დავით აღმაშენებელი-2“-ის სახელზე პრეტენზიას აცხადებს.

ერთი რამეც მიკვირს. ალბათ მომავალ არჩევნებს უნდა დავაბრალოთ, რადგან პრეზიდენტმა მის მიერვე დანიშნული ჩინოსნების კრიტიკას მოუხშირა. ეს ხალხი „მიშიკოს“ ერთგული გუნდის წევრებს წარმოადგენენ და ბოლო წლების განმავლობაში მისი „იდეების“ განხორციელებისთვის დაუღალავად შრომობენ.

ამ ბოლო დღეებში  სააკაშვილს თუ მოუსმენთ აღმოაჩენთ, რომ 2003 წლიდან არაერთი კარგი საქმეა გაკეთებული სახელმწიფო მშენებლობის კუთხით და დადგა დრო უშუალოდ ხალხმა მეტი სარგებელი მიიღოს.

ბოლო რვა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“  ქვეყნის აღმშენებლობას იბრალებს და ამტკიცებს, რომ „ვარდების რევოლუციამდე“ უძირო ჭაობში ვცხოვრობდით. შეიძლება შემეკამათოთ, მაგრამ „მიშიკოს“ მბრძანებლობის ხანაში საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. ეს ტენდენცია ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო.

დღევანდელ წერილში ბატონი შალვა მექვაბიშვილის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით შემდგარი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები მინდა რომ გაგაცნოთ. ბატონი შალვა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია და „ქართული ოცნების“ ეკონომიკის თემატურ ჯგუფთან თანამშრომლობს. მან საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაცია დაწვრილებით გამოიკვლია და თავის ნაშრომში  ქვეყნის სავალალო მდგომარეობა ზუსტად ასახა  რეალურ ციფრებზე დაყრდნობით.

ქვემოთ ბატონი შალვა მექვაბიშვილის მიერ მოძიებულ სტატისტიკურ მონაცემებს შემოგთავაზებთ მისივე თანხმობით, ხოლო ანალიზი თავად მკითხველისთვის მიგვინდია.

საქართველოში 2012 წლის 1 იანვრის მონაცემებით, რეგისტრირებული იყო 389 600 ბიზნეს-სუბიექტი, სადაც დასაქმებული იყო 360 384 კაცი, ანუ ერთ-ბიზნეს-სუბიექტში - 0,93 კაცი.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „ვარდების რევოლუციამდე“,  შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 1999 წელს, ერთ ბიზნეს-სუბიექტში დასაქმებული იყო საშუალოდ 6 კაცი.

2004-2011 წლებში საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით შემოვიდა 8 მილიარდ აშშ დოლარამდე უცხოური ინვესტიცია, რასაც უნდა შეექმნა 250 000 ახალი სამუშაო ადგილი ბიზნეს სექტორში.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯა 3,2 მილიარდი ლარი (რამაზ ნიკოლეიშვილის განცხადებით, შეიქმნა დამატებით 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი).

მოხდა პირიქით. 2001 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდებობა შემცირდა 249,6 ათასი კაცით. მათ შორის, დაქირავებულთა რაოდენობა შემცირდა 65,3 ათასი კაცით, ხოლო უმუშევრობა გაიზარდა 104,9 ათასი კაცით.

1990 წელს საქართველოში ხელფასს იღებდა 2 200 ათასი კაცი, 1998 წელს - 1 200 ათასი კაცი, 2010 წელს კი 620 ათას კაცამდე.

საქართველოში სწავლა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძვირია. ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური მეტნაკლებად პრესტიჟულ ფაკულტეტებზე წლიურად ყველაზე ძვირი - 6 950 ლარია, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მაქსიმუმ - 4 450 ლარია, აზერბაიჯანში - 6 150 ლარი, სომხეთში - 3 075 ლარი, უკრაინაში კი - 3 980 ლარი. სწავლის მინიმალური გადასახადი საქართველოში - 2 250 ლარია, აზერბაიჯანში - 1 830 ლარი, სომხეთში - 1 127 ლარი და უკრაინაში - 400 ლარი.

საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა. 2011/2012 წლებში ქვეყანაში მოქმედებდა 2 313 სკოლა, რაც 4.7%-ით და 30,3%-ით ნაკლებია 2010/2011 და 2000/2001 წლების შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. 2011/2012 წლებში საჯარო სკოლებში სწავლობდა 516 738 მოსწავლე, რაც 25 629 მოსწავლით ნაკლებია 2010/2011 წლის მაჩვენებელთან და 187 803 მოსწავლით ნაკლებია 2000/2001 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

2003 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 2 123 ბიბლიოთეკა. 2008 წელს კი - მხოლოდ 824. ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა მკითხველთა რაოდენობა ბიბლიოთეკებში. 2001 წელს იყო - 2 311,3 ათასი კაცი, 2008 წელს - 778,3 ათასი კაცი.

საქართველოში პედაგოგის საშუალო ხელფასი 300 ლარია, რუსეთში დაახლოებით - 1270 ლარი, აზერბაიჯანში - 535 ლარი, სომხეთში - 330 ლარი.

საქართველოში მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 3540 ლარს შეადგენს, რუსეთში - 62 000 რუბლია (დაახლოებით 3585 ლარი, თითქმის იმდენივე, რაც საქართველოში), აზერბაიჯანში მინისტრის ხელფასი 1500 აზერბაიჯანული მანათია (დაახლოებით 3080 ლარი), სომხეთში კი - 300 000 დრამი (დაახლოებით 1225 ლარი).

საქართველოში საშუალო პენსია 2011 წელს დაახლოებით 60 დოლარი იყო, მაშინ როცა აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში - 146-146 დოლარი, სომხეთში - 82 დოლარი, ბელორუსში - 205 დოლარი, ყირგიზეთში - 60 დოლარი, ლატვიაში - 346 დოლარი, ლიტვაში - 286 დოლარი, მოლდოვაში - 67 დოლარი, უზბეკეთში - 110 დოლარი, რუსეთში - 265 დოლარი, ესტონეთში - 403 დოლარი, ხოლო ჩვენი თანამემამულეების პენსია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში - 270-270 დოლარია.

საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომ ქვეყანაში, რეალურად დაქირავებით დასაქმებული მოსახლეობა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი, ახლოსაც ვერ მიდის პენსიონერთა რაოდენობასთან (2011 წლის ბოლოს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 630 ათასი იყო, მაშინ, როცა პენსიონერთა რაოდენობა - 840 ათასი, აქედან ასაკით პენსიონერთა რაოდენობა - 660 ათასს აღწევდა). მიჩნეულია, რომ პენსიონერთა ოპტიმალური რაოდენობა ყოველ 100 დაქირავებით დასაქმებულზე უნდა შეადგენდეს 30 – 32 ადამიანს, ჩვენთან კი ეს თანაფარდობა ფაქტობრივად 136-ია, ანუ ოპტიმალურზე 4-ჯერ მეტი.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 6 931 კაცი - 2,5-ჯერ ნაკლები 1999 წლის და 10,3%-ით ნაკლები 2010 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

მრეწველობაში დასაქმებულია 89 599 კაცი - 25%-ით ნაკლები 1999 წლის და 6,5%-ით ნაკლები 2010 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

მშენებლობაში დასაქმებულია 31 517 კაცი - 40%-ით ნაკლები 2007 წლის და 22%-ით ნაკლები 2010 წლის შესაბამის მაჩვენებელთან.

სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულია 13 709 კაცი, რაც 15%-ით ნაკლებია 2010 წლის და მხოლოდ 20%-ით არის მეტი 2000 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ეს ინფორმაცია საეჭვოს ხდის სააკაშვილის განცხადებას, რომ „2011 წელს საქართველოში სამი მილიონი ტურისტი შემოვიდა, რაც ერთი მილიონით მეტია 2010 წელთან და 15-ჯერ მეტია 2000 წლის მაჩვენებელთან შედარებით.“

ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში დასაქმებულია 47 379 კაცი, რაც 20%-ით ნაკლებია 1999 წლის და 6%-ით ნაკლები 2010 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

განათლებაში დასაქმებულია 12 471 კაცი, რაც 28%-ით ნაკლებია 1999 წლის და 15%-ით ნაკლები 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ჯანმრთელობის დაცვაში დასაქმებულია 49 518 კაცი, რაც 9%-ით ნაკლებია 2000 წლის და 12,5%-ით ნაკლები 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ერთადერთი, რაც გაკეთდა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, არის ის, რომ ყველა სფეროში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ქაღალდზე შექმნილი ბიზნეს-სუბიექტების რაოდენობა, თუმცა აღსანიშნია, რომ სამწუხაროდ  სტატისტიკის სამსახურის ყოველწლიურ გამოცემებში გამოქვეყნებული ერთი და იგივე წლების ერთი და იგივე მონაცემები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს.