კუბლაშვილების ხაზინადარი უგულავა „ქართუ ბანკში“ ბანკის გასაკოტრებლად შეაგზავნეს

კუბლაშვილების ხაზინადარი უგულავა „ქართუ ბანკში“ ბანკის გასაკოტრებლად შეაგზავნეს

 

„ქართუ ჯგუფში“ იძულებითი მმართველის შესვლამ უნებურად ყველას ის ისტორია გაახსენა, როდესაც რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ოპონენტს, ბადრი პატარკაციშვილს ებრძოდა. მაშინაც მისი პოლიტიკური ბრძოლა იმ ქონების წართმევა-დაყადაღებით დაიწყო, რაც პოლიტიკაში გადასულ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. მაშინაც პატარკაციშვილის „სტანდარტ ბანკში“ დროებითი მმართველი შეუშვეს და ბანკი გააკოტრეს.

 იმის მიუხედავად რომ 2007 და 2012 წლების პოლიტიკური საქართველო მნიშვნელოვნად განსხვავებულია, სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური მეთოდები იგივეა.

სხვადასხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ ვლადიმერ უგულავა, რომელიც ახლა ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფს“ განკარგავს, სწორედ ბანკის გასაკოტრებლად არის შეგზავნილი, უგულავას მოიხსენიებენ, როგორც  კუბლაშვილების ბიზნესების ხაზინადარს, რომელიც „ქართუ ბანკს“ ჯერ გააკოტრებს, შემდეგ კი დაეპატრონება.

თუმცა სინამდვილეში ვინ დაეპატრონება „ქართუ ბანკს“ საკითხავი აი, ეს არის. არსებობს ინფორმაცია, რომ უგულავა იმ ჯაჭვის ბოლო რგოლია, რომელიც საბოლოოდ ქვეყნის უმაღლეს მმართველობასთან მიდის.

უგულავას გამოცდილება მართლაც არ აკლია, იგი მუშაობდა პრეზიდენტ შევარდნაძის ეკონომიკური პოლიტიკის ანალიტიკური სამსახურის უფროსად, იყო ანტიკოტუფციული საბჭოს მდივანი და ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი. იყო „ალდაგი ბი-სი-აი-ს“ საზედამხედველო საბჭოს წევრი, „ტაოპრივატბანკის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ცნობილია, რომ ვლადიმერ უგულავა სადაზღვევო კომპანია „ევროპეისის“ დირექტორიც იყო, რომელიც ზესტაფონის „ფეროს“ მფლობელმა გუნდმა დააფუძნა. „ფერო“ კი ყველასათვის ცნობილია, რომ კოკაიასა და კაპანაძეს ეკუთვნის. ამ საინტერესო ტანდემის შესახებ შემდეგ, ალბათ, ცალკე ღირს საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის ვლადიმერ (კახა) უგულავაა საინტერესო.

რა გასაკვირია, რომ ვლადიმერ უგულავას, კუბლაშვილების ხაზინადარობის გარდა  ე.წ. რიჟას, ბიზნეს პარტნიორადაც მიხსენიებენ, ეს ის რიჟაა, რომელთან ერთადაც ირაკლი ოქრუაშვილმა პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია დააპატიმრა. ამბობენ იმასაც, რომ „ტაოპრივატბანკში“ უგულავა იმიტომ შეუშვეს, რომ კუბლაშვილების ინტერესს წარმოადგენდა.

ჩვენი წყარო ამბობს, რომ შემთხვევითი არ არის რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიების „ტაოპრივატბანკისთვის“ გადაცემაც, რადგან არსებული ინფორმაციით ამ ბაზრობის წილშიც კუბლაშვილები არიან.

როგორც ჩვენი წყაროები ამბობენ, უგულავას ამ ხელისუფლებასთან დამაკავშირებელი რგოლი ერთი მხრივ კუბლაშვილები არიან, მეორე მხრივ კი რიჟა, იგივე გიორგი კაპანაძე, „პრაიმ ტაიმის“ ხელმძღვანელის, თამარ ფხაკაძის დისშვილია.

ამ ჯგუფის არსებობას ადასტურებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილიც, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას დაწვრილებით ყვება, როგორ ჩაიგდო ამ გუნდმა ხელში უზარმაზარი წარმოება.

„2007 წლიდან ამ ვეებერთელა კვანძის - ზესტაფონის „ფეროს“ და „ჭიათურ მანგანუმისა“ და ,,ვარციხეჰესის“ ოფიციალური მფლობელი გახდა უკრაინული ,,პრივატბანკი“, რომელიც თავის დროზე იულია ტიმოშენკოსთან იყო დაკავშირებული. მაგრამ, ამის მიუხედავად, სააკაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები ამ საბადოთი ჯიბეებს მაინც ისქელებენ.

ამ საბადოსთან დღესაც პირდაპირ თუ ირიბადაა დაკავშირებული სააკაშვილის მეგობარი - დავით ბეჟუაშვილი. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ზესტაფონისა და ჭიათურის საქმეებში აქტიურად ჩაერთო სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიაც.

შევარდნაძის დროს, კოკაია და კაპანაძე მეტსახელად რიჟა, ხლმძღვანელობდნენ ზესტაფონსა და ჭიათურას. ისინი მაშინდელ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათ შორის იყვნენ ნუგზარ შევარდნაძე და დავით ბეჟუაშვილი, ამ საწარმოს ანადგურებდნენ და აკოტრებდნენ. „ფეროსა“ და „მანგანუმში“ ხელმძღვანელ პოსტებზე ახლაც კოკაია და კაპანაძე არიან. ერთი პერიოდი, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, კოკაია და კაპანაძეც ავსტრიაში იყვნენ გაქცეულნი“, - ამბობს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერი იხსენებს იმ პერიოდსაც, როდესაც 2004 წელს, როცა თემურ ალასანია, კოკაია და კაპანაძე რესტორნიდან გამოდიოდნენ, ირაკლი ოქრუაშვილმა ისინი დაიჭირა.

როგორც მაშინ გახდა ცნობილი, კოკაიასა და კაპანაძეს 300 ათასი ლარი უნდა მიეცათ თემურ ალასანიასათვის ქრთამის სახით, რომ სააკაშვილს საქმეები ზესტაფონსა და ჭიათურაში მათ სასარგებლოდ გადაეწყვიტა.

„მერე მანდ რაღაც გარიგება მოხდა და ეს საქმე ჩაშოშმინდა, თორემ დიდი სკანდალი იყო ატეხილი. ამის შემდეგ გაიქცნენ ისინი ავსტრიაში, მაგრამ ახლა აქ არიან. კოკაიაც და კაპანაძეც ხელმძღვანელ პოსტებზე სხედან და სააკაშვილთან შეხმატკბილებულად აკოტრებენ საბადოს. აი, ასეთ შავბნელ საქმეებშია გახვეული მიხეილ სააკაშვილი და მის ყველა ამ შავ საქმეს სულ მალე ფარდას ავხდით“, - ამბობს შაშიაშვილი.

ასე რომ, ადვილად წარმოსადგებია, რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს ამ ჯგუფს, რომლის წარმომადგენელიც უგულავაა, „ქართუ ჯგუფში“.

ცნობილია, რომ კლანური მმართველობა ერთ-ერთი კომპონენტია იმ მანკიერებათაგან, რომლის გამოც თავის დროზე თავად მიხეილ სააკაშვილი ებრძოდა ედუარდ შევარდნაძეს, თუმცა დღეს სააკაშვილის მიმართაც იგივე პრეტენზიები აქვს ოპოზიციას.