ხელისუფლება ცდილობს და კვლავაც შეეცდება, რომ ოპოზიცია კანონის ფარგლებს გარეთ გაიტყუოს

ხელისუფლება ცდილობს და კვლავაც შეეცდება, რომ ოპოზიცია კანონის ფარგლებს გარეთ გაიტყუოს

მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გადავიდა, ხელისუფლება უცნაურად იქცევა, ოპოზიციაზე ზეწოლისთვის იყენებს ყველა მექანიზმს რაც კი ხელთ აქვს. ოპოზიციის დაყადაღება-დაპატიმრება მის ჩვეულ საქმიანობად იქცა და ბოლოს იქამდეც კი მივიდა, ივანიშვილთან სტუმრად ჩამოსულ კონსულტანტებსაც კი ქვეყანაში აღარ უშვებს. საზოგადოებაში ხელისუფლების საქციელს ხან პანიკური შიშით ხსნიდნენ, ხან ფიქრობდნენ, რომ ამით საკუთარი ძლევამოსილობის ხაზგასმა სურდა.

არის თუ არა ხელისუფლების მიზანი  საზოგადოების მოთმინების ძაფის გაწყვეტა და ასეთი ქმედებით რისი მიღწევა სურს ხელისუფლებას, ამ თემებზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვესაუბრება.

ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების ზეწოლამ უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო და დასასრული არ უჩანს. თქვენი შეფასებით, რა ხდება, შიშის უკან მობრუნება სურთ თუ ეს მომენტი ხელისუფლებას უკვე ხელიდან გაუსხლტა და ამან უკვე ჩაიარა?

- როგორც ჩანს, არ გაუვლია ამ პერიოდს. ყოველ შემთხვევაში, ვიღაცას იმედი აქვს, რომ ხელისუფლების მიმართ საბჭოურ შიშებს ჯერაც არ გაუვლია და, რომ მათი გაღვიძებით ჯერ კიდევ შეიძლება პოლიტიკური მიზნების მიღწევა.

ასეთი ტაქტიკა  გარკვეულად ამართლებს - განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ადამიანები მთლიანად არიან დამოკიდებული ხელისუფლებასა და მის კეთილგანწყობაზე. რეგიონებში დასაქმებაც და სოციალური დახმარების მიღებაც ხომ მთლიანად პოლიტიკურ ლოიალობაზეა მიბმული.

ის, რაც შედარებით შეფარულად ხდება ცენტრში, გულახდილი ცინიზმით თამაშდება პერიფერიებსა და რეგიონებში. არაერთხელ მითქვამს, რომ ხელისუფლება პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს და თავს უფლებას აძლევს, არც კი იფიქროს ადამიანების ღირსებაზე, პატივი სცეს მის შეხედულებებს და ა. შ. დარწმუნებულია, რომ ერთიცა და მეორეც ფინანსური ბერკეტებით და შიშით შეიძლება მართოს. ერთგულებს კი ისეთი ენის მოჩლექით ესაუბრებიან, რომ პირადად მე თავს უხერხულად ვგრძნობ ხოლმე.

ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზით უზარმაზარ ჯარიმებს უწესებსქართული ოცნებისწევრებს. როგორ ფიქრობთ,  ეს არის მცდელობა, რომ ხალხი მოთმინებიდან გამოიყვანოს თუ ცდილობს ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანია უბრალოდ,  ვეღარ გააგრძელოს?

- ხელისუფლება იმდენად ტლანქად აკეთებს ყველაფერ ამას, რომ თქვენი ეჭვი უსაფუძვლო არ არის. არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი სცენარით, იყოს მცდელობა, მოვლენებმა პოლიტიკური და სააჩევნო დისკურსიდან სამიტინგო რევოლუციურ რელსებზე გადაინაცვლოს.

დღევანდელი საპროტესტო მუხტი და პოლიტიკური განწყობილებები არჩევნებზეა კონცენტრირებული. ეს კი ნიშნავს, რომ უბრალო ადამიანები ბოლომდე იბრძოლებენ თავისი ხმების დასაცავად.  ხელისუფლება გრძნობს ამას და იმასაც ხედავს, თუ რამდენად საშიშია მისთვის მოვლენების ამგვარი განვითარება. ამიტომაც ცდილობს და კვლავაც შეეცდება, რომ ოპოზიცია კანონის ფარგლებს გარეთ გაიტყუოს.

გული დაგწყდება კაცს, ისეთი ბანალური სცენარით წარიმართა ჩვენებური ლიბერალი რევოლუციონერის განვითარება 2003 წლის შემდეგ. მან დაიწყო  სამყაროს გარდაქმნის ენთუზიაზმით და როგორც  ხდება ხოლმე - მოგეხსენებათ, პარანოიალური ყაიდის, როგორც დოსტოევსკი იტყოდა, იდეებით დასნეულებულ  ადამიანებს ჰიპნოტური ხიბლი აღმოაჩნდებათ ხოლმე. ისინი იოლად ავრცელებენ ცრუ წარმოდგენების ვირუსს იმის შესახებ, რომ სამყარო იოლი გარდასაქმნელია, რომ ძალზე იოლად შეიძლება დამყარდეს  „მზის მეუფება“.

რაც უფრო გამოუცდელია საზოგადოება, რაც უფრო ინფანტილურია იგი, მით უფრო იოლად იჯერებს სამყაროს სწრაფი გარდაქმნის მითს და მით უფრო იოლია, იგი მარტივი და იოლი მიზნების სახელით ამოძრავო. რევოლუცია ის მომენტია, როდესაც საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილი მითის მთხზველობაში აღმოჩნდება ხოლმე ჩართული.

შემდეგ, სულ მალე, რევოლუციონერი აღმოაჩენს, რომ მისი საზოგადოება ზედმეტად ხისტია საიმისოდ, რომ მისი ამაღლებულ იდეების მთელი სიდიადე გაიაზროს და მტრების ძებნას იწყებს. 

ჩვენი შინნაზარდი რევოლუციონერებიც ამ გზას დაადგნენ და ამ მტრებსაც მალე მიაგნეს. თუ უფრო ზუსტნი ვიქნებით, ამ მტრებისთვის მათ უკვე რევოლუციამდე ჰქონდათ მიგნებული - ესენი აღმოჩნდნენ ტრადიციული ღირებულებების შემნახველი და დამცველი სამი ფენა: ეკლესია, ტრადიციული ინტელიგენცია და გლეხობა.

აქედან უკვე გასაგებია, თუ რატომ მიმართავდნენ და მიმართავენ ისინი თავიანთ აგრესიას პირველი ორის წინააღმდეგ და რატომ უგულებელყოფენ სოფელს. საქმე არ გვაქვს უმწეო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ აზროვნებასთან.

საქმე სწორედ რომ გვაქვს ჩვენებური რევოლუციონერის უკიდურესად იდეოლოგიზებულ აზროვნებასთან. იდეოლოგიზებული გონი კი იოლად აქცევს კანონს განსხვავებული შეხედულებების წინააღმდეგ მიმართულ მათრახად. ამასაც ყოველდღიურად ვუცქერთ. მარტო დაყადაღებასთან დაკავშირებული ისტორიების გახსენება კმარა.

ცუდი აქ ის არის, რომ ამან იოლად შეიძლება, ხელი შეუწყოს  სამიტინგო-რევულუციური განწყობილებების გაძლიერებას. რიგითმა ამომრჩეველმა არჩევნები კვლავ ახალ რევოლუციად, კეთილისა და ბოროტის საბოლოო დაპირისპირებად აღიქვას და ამის ნიშნები უკვე არის. ამას კი კარგი არასოდეს მოუტანია არც ჩვენთვის და არც სხვებისთვის.

თუ ეს ასე მოხდა, დამნაშავე ისევ და ისევ ხელისუფლება იქნება, რომელმაც თავისი შეთქმულის პათოსით არაფრით არ მოინდომა, პოლიტიკური პროცესები სამართლიანობის ჩარჩოში განვითარებულიყო. დღეს იგი სრულიად მარტივ ტაქტიკას ადგას: თავადვე ქმნის იმ კანონებს, რომელიც თამაშგარეთ ტოვებს ყოველგვარ ოპოზიციურ მოძრაობას და შემდეგ დამსჯელ ინსტრუმენტად იყენებს მას.

ამით იგი ან იმას მიაღწევს, რომ ოპოზიცია თავისი ნებით იტყვის უარს კანონის ფარგლებში დარჩენაზე, ან კიდევ არჩევნების მომენტისათვის საპროტესტო განწყობილებების ისეთ კონცენტრაციას მივიღებთ, რომელიც მას წალეკავს.

მართალი გითხრათ, ნამდვილად არ მინდა, რომ ამ სცენარებიდან რომელიმე განხორციელდეს. ოცწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ დროა, ქართული პოლიტიკური ცხოვრება რაციოსა და სამართლის რელსებზე შედგეს და თავი დავაღწიოთ რევოლუციურ რომანტიზმს.

2007-11 წლების ისტორიამ ყველას დაგვანახა, თუ რამდენად უნაყოფოა რევოლუციური გზა და რომ ასეთ დროს დღევანდელი ხელისუფლება თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

ცხადია, რომ ხელისუფლებას ეს ყველაზე მეტად აწყობს, მაგრამ თავად ოპოზიცია რამდენად არის მზად იმისათვის, რომ არ წამოეგოს ხელისუფლების პროვოკაციებს. არც ისე დიდი ხნის წინ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სწორედ ეს მოხდა...

- რამდენადაც ვიცნობ სიტუაციას, მოცემულ მომენტში მხოლოდ პროვოკატორები თუ მოუწოდებენ ვიღაცას გამოსვლებისაკენ. ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კარგად გაიგო, რომ იმ მეთოდებით ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ რა მეთოდებითაც იბრძოდნენ მთელი ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში, უაზროა. ასეთ ბრძოლაში ხელისუფლება ყოველთვის გაჯობებს. ამ მინდორზე იგი ყოველთვის დაგამარცხებს.

საზოგადოებაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო განწყობა, რომ ამ ხელისუფლებას მაინც ვერავინ ვერ მოერევა, ამ მდგომარეობას ვერავინ ვერ შეცვლის, საზოგადოება იყო ხელჩაქნეული, ზოგი ქვეყნიდან გარბოდა, ზოგიც ცდილობდა არსებულ რეალობას შეგუებოდა. მაისის შემდეგ ვნახეთ, რომ ხალხს აქვს პროტესტის გრძნობა და რეალობასთან წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. მეორე მხრივ, საზოგადოების მდგომარეობა მხოლოდ ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში არ გაუარესებულა, თუმცა აქამდე მსგავსი პროტესტი ვერ შედგა. ეს რითი აიხსნება, როგორ ფიქრობთ?

- გამოჩნდა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო ქვეყანაში არსებული საპროტესტო მუხტის მობილიზება. ჩვენ სწორედ ეს გვაკლდა: არ არსებობდა ცენტრი, რომელსაც გარდა ენთუზიაზმისა ექნებოდა რაციოც და მიზნისაკენ მეთოდური და თანამიმდევრული სვლის ნებისყოფაც.

დღეს არის ასეთი ცენტრი და შესაბამისად, ადამიანებს იმედი გაუჩნდათ. დღეს ჩანს ის ძალა, რომელსაც ძალუძს გამარჯვებისათვის საჭირო რესურსების მობილიზება. ცოტა ხნის წინ ჩვენს ოპოზიციურ პოლიტიკურ გემოვნებას მხოლოდ ცალკეული რევოლუციური პათოსის მატარებელი ადამიანები ქმნიდნენ.

ადამიანები უსმენდნენ მათ, თანაუგრძნობდნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მხარდაჭერისაგან თავს იკავებდნენ, რადგან მათში ხელისუფლების სრულფასოვან ჩამნაცვლებელს ვერ ხედავდნენ.

გარდა ამისა, არის მეორე მომენტიც. 2011 წლის მაისის მოვლენებმა და სამიტინგო-რევოლუციური დისკურსის მარცხმა ჩვენში თვითორგანიზების ნება გააღვიძა. ალბათ, დღეს ესაა მთავარი რიგითი ადამიანების ნება, რომ რაღაც შეცვალონ ქვეყანაში. სწორედ ამ ნების გატეხვა სურთ საბჭოური შიშების გაღვიძებით.

საზოგადოების განწყობა მართლაც შეცვლილია, თუმცა მაინც ვერ აისახა საკმაოდ პრესტიჟული ორგანიზაციის კვლევებში, გაქვთ ახსნა, რატომ?

- მე პირადად, ამ ორგანიზაციის კვლევების შედეგებს ნაკლებად ვენდობი და გაცნობის სურვილიც არ მაქვს. მესმის, რომ სოციოლოგიური კვლევები ხშირად იქცევა ხოლმე პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილად, მაგრამ რასაც ზოგი ორგანიზაცია აკეთებს, ყოველგვარ საზღვრებს სცილდება და მხოლოდ ირონიას იწვევს.

ხელისუფლების წარმომადგენლებსაც არ ვურჩევდი, სერიოზულად ენდონ ამ შედეგებს. ცხადია, შეიძლება  პროპაგანდისტული მიზნებისათვის გამოიყენონ, მაგრამ თვითონ მაინც ნუ დაიჯერებენ.

რაზედაცქართულ ოცნებასედავება ხელისუფლება, რომ ის ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობათავად იმავეს აკეთებს. თუკი ანტენების და თეფშების განვადებით გაყიდვა ამომრჩევლის მოსყიდვაა, ასევე მოსყიდვის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს რეგიონებში მოსახლეობისთვის წყლის დავალიანების ჩამოწერას, აღარაფერს ვიტყვი 1000 ლარიან ვაუჩერზე, ეს ხომ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სამართლიანობის პრინციპი ირღვევა და როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას სამართლიანობა არ სჭირდება იგივე ამომრჩევლის მოსაზიდად?

- რა სამართლიანობის პრინციპზე შეიძლება საუბარი? თანაც  ხელისუფლება  თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად  ხარჯავს იმ თანხებს, რომელსაც მე, როგორც მოქალაქე, ვიხდი გადასახადების სახით.

აქ არა მხოლოდ სამართლიანობის პრინციპის დარღვევაა, არამედ დგება თანხების ხარჯვის მიზნობრიობის საკითხიც. სამართალდამცავებმა ეს ყველაფერი კარგად უნდა შეისწავლონ - არა იმისთვის, რომ ახლა არჩევნებში ვიღაცამ მიაღწიოს წარმატებას, არამედ იმისთვის, რომ მსგავსი რამ ჩვენს ისტორიაში აღარ  განმეორდეს.

როდესაც ადამიანებს, ათობით და ასობით ადამიანისაგან, პრობაციონერებს ვგულისხმობ,  მოითხოვენ არა მხოლოდ პოლიტიკურ ლოიალობას, ამას კიდევ არაუშავს, არამედ - აგრესიულ დაპირისპირებასაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან,   მხოლოდ მოსყიდვასთან არ გვაქვს საქმე. ეს გაცილებით უარესია, ვიდრე ბანალური მოსყიდვა. ეს ყველაფერი დაწვრილებით უნდა იქნას შესწავლილი.  

ბოლოს და ბოლოს, უნდა შევეცადოთ და შევქმნათ ჩვენს ქვეყანაში მოუთმენლობის გარემო ამგვარი უმსგავსობების მიმართ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში.

მე თავად მინახავს ეს ადამიანები. პირადად მე გამომიტყდა ერთი პრობაციონერი, რომ იგი აიძულეს,  აგრესიულად დაპირისპირებოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. ესაა სრული უმსგავსობა. 

1000 ლარიანი ვაუჩერები და მსგავსი რამ კიდევ არაფერია ამასთან შედარებით. პრობაციონერებისა და დასაქმებულების გამოყენება კიდევ უფრო  მძიმე მორალური დანაშაულია. მსგავსი რამ წარმოუდგენელია ასე თუ ისე ნორმალურ  ქვეყანაში მოხდეს. ხელისუფლება, რომელიც ლიბერალიზმისა და დემოკრატიის ტერმინებით გვესაუბრება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, თვითონვე ცინიკურად ქმნის ამ ღირებულებათა დარღვევის ყველაზე მძიმე პრეცედენტებს.

თუმცა დასავლეთი, რომელიც თითქოს ჩვენი დემოკრატიის მეთვალყურის როლში გამოდის, ამ ყველაფერზე ნაკლებად რეაგირებს...

- დასავლეთი უკიდურეს მომენტამდე შეეცდება, აქტიურად არ ჩაერიოს პროცესებში. თანაც დასავლეთი არ არის ერთგვაროვანი და იქაც მრავლად არიან შრიოდერისა და ბერლუსკონის მსგავსი პოლიტიკოსები. თუმცა კი ისიც აშკარაა, სიტუაცია ისე ვითარდება, რომ მალე ეს უკანასკნელებიც იძულებულები იქნებიან, ხმა ამოიღონ.

თანაც, გავიხსენოთ ჯონ ბასის განცხადებები. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი პარტნიორია და როდესაც მისი ელჩი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს. არ ვიცი, უფრო მძიმე რა განცხადება შეიძლება გააკეთოს დიპლომატმა. ფაქტობრივად მისი ძალისხმევით გადარჩა ტელეკომპანია „თრიალეთი“.

თუმცა ევროპა საკმაოდ ლოიალური იყო ხელისუფლების მიმართ, ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ასე გამოჩნდა...

- სამწუხაროდ ევროპა ზოგჯერ თმობს პრინციპულობას და ეს ძალიან ცუდია. თუნდაც ის ფაქტი, რომ შრიოდერი შემდეგ გაზპრომის მაღალჩინოსნად იქცა, საკმაოდ მძიმე პრეცენდენტია. მე ამას პოლიტიკურ კორუფციას დავარქმევდი. როგორც ჩანს, უფრო ფაქიზად უნდა განვასხვავოთ ევროპული ცივილიზაცია, მისი ღირებულებები და ზოგი, ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსი.

ევროპა არის ჩვენთვის სასურველი, უფრო მეტიც, ჩვენთვის, როგორც ძირითადად ქრისტიანი ხალხისათვის ორგანული ღირებულებების მატარებელი მხარე. ამასთან იქაც, როგორც სხვაგან, საკმარისად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ღირებულებების ფასადის მიღმა წმინდა პრაგმატულ ინტერესებს მალავენ. 

ამიტომაც, ნუ ვიქნებით ნურავიზე ზედმეტად დამოკიდებული. მთავარია, ჩვენ გვწამდეს, რომ რასაც ვაკეთებთ, ჩვენთვის აუცილებელია და არაფრით უპირისპირდება იმას, რაც ჩვენს კულტურას და დღევანდელ დასავლეთს საფუძვლად უდევს.

უფრო მეტად უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის. თუ ეს ჩვენი ღირებულებები არ არის, მაშინ რა გვინდა ევროპაში?  დემოკრატიაც და ადამიანების უფლებების დაცვაც, პირველ რიგში ჩვენი, როგორც ქრისტიანი ხალხის ღირებულებებია და არა ის, რასაც ჩვენგან  ვიღაც  მოითხოვს.

ამ შემთხვევაში ყველაზე პრაგმატული ევროპელი პოლიტიკოსიც კი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად ერკვევა სიტუაციაში,  იძულებული იქნება, აღიაროს, რომ მართალი ხარ. ნუ ვიქნებით ზედმეტად დამოკიდებული ვიღაც სხვის აზრზე და გარედან ნუ დაველოდებით სანქციას.  

უკვე ვთქვით, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, საზოგადოებას მოთმინების ძაფი გაუწყდეს და მოქმედებები სხვა განზომილებაში გადავიდეს, როგორ ფიქრობთ თუკი მართლაც ასეთი გამწვავებისკენ წავიდა საქმე დასავლეთი კვლავ შორიდან დაგვაკვირდება, თუ შეეცდება, რომ თავიდან აგვაცილოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ეგვიპტის, ლიბიის თუ სირიის სცენარები?

 - ამაზე მხოლოდ ზოგადი პასუხის გაცემა შემიძლია. დასავლური პოლიტიკა ყველაფერს იზამს, რომ საქმე უკიდურეს გამწვავებამდე არ მივიდეს. მოგეხსენებათ, როგორ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლება ხელოვნურად შეეცადოს სიტუაციის გამწვავებას სწორედ იმ იმედით, რომ რაღაც მომენტში ოპოზიციაც და დასავლეთიც დათმობაზე წავლენ.